,,ვფიქრობ განსაკუთრებული მიდგომები დამჭირდება არაქართულ სკოლაში, თუმცა შემუშავებული მაქვს კონკრეტული სტრატეგიული გეგმა,“- რა გეგმები აქვს სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ახალ დირექტორს

0

ნესტანინი ონიანი20 წლის განმავლობაში №1 საჯარო სკოლაში რიგით მასწავლებლად მუშაობდა,  გასულ წელს კი შეეცადა მოეხდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და წარმატებით გაიარა დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები. მიღებული შედეგით კმაყოფილია. უჭირს კოლექტივთან განშორება,  თუმცა ახალ ამპლუაში  დიდი შემართებითა  და იდეებით სავსე იწყებს მუშაობას. პროფესიით ფილოლოგი ნესტან ონიანი 2015 წლის 12 იანვარს, განათლების მინისტრის ბრძანებით სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ხელმძღვანელად  დაინიშნა.

„პირველ რიგში სკოლაში დავესწარი  სასწავლო პროცესს და შევამოწმე სწავლების დონე, გამომდინარე აქედან  მაქვს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებზე. კოლექტივი კეთილგანწყობილი დამხვდა, ყოფილი დირექტორი კი სკოლაში მუშაობას განაგრძობს ბიოლოგიის მასწავლებლად. რაც შეეხება შენობას,  აუცილებლად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.  მაქვს ინფორმაცია, რომ გარემონტდება  და ახალ სასწავლო წელს შევხვდებით კეთილმოწყობილ შენობაში. ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი დიდი სურვილია, პირველ რიგში ქართული სულის შეტანა აზერბაიჯანულ სკოლაში. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე კი  ვფიქრობ, განსაკუთრებული მიდგომები დამჭირდება არაქართულ სკოლაში, თუმცა შემუშავებული მაქვს კონკრეტული სტრატეგიული გეგმა, რომელიც პირველ რიგში გათვლილია სწავლა-სწავლებაზე. ანუ ვიმუშავებთ იმ მიდგომების შემუშავებაზე, რომელიც მოგვცემს სწავლების მაღალ დონეს. გარდა ამისა, სკოლაში მინდა მოვაწყო სპორტდარბაზი, ჩამოვაყალიბო მუსიკალური ჯგუფები და ა.შ. ვფიქრობ ჩემი მუშაობა წარმატებული იქნება. მართალია აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა მყავდა არაქართველი მოსწავლეები  და მათთან ურთიერთობა ნამდვილად არ მიჭირდა.“ განაცხადა bolnisi.ge-თან სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ახალმა დირექტორმა ნესტან ონიანმა.

ნესტან ონიანი დაიბადა 1963 წლის 1 ოქტომბერს. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1994 წლიდან 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2014 წელს წარმატებით გაიარა დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები, 2015 წლის 12 იანვარს კი დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორად.


Share.

Comments are closed.