ვის და რა სახის დახმარებას გაუწევს საქველმოქმედო ფონდი „ბოლნისი“

0

1450745_609047569159609_1429004410_nრამდენიმე თვეა, ბოლნისში საქველმოქმედო ფონდი „ბოლნისი“ დაარსდა.  ფონდი დახმარებას გაუწევს გაჭირვებულ ოჯახებს. პირველ ეტაპზე ჩაატარდება მონიტორინგი და მოხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შესწავლა. ფონდის დამფუძნებლები აპირებენ ითანაშრომლონ მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებთან და ადგილობრივ ფერმერებთან. მაღაზიებსა და თავშეყრის ადგილებში დაიდგმება შესაწირი ყუთები.

გასულ კვირას საქველმოქმედო ფონდ „ბოლნისს“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სულხან-საბა ორბელიანის №115-ში ოთახი გამოეყო, ფართის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება საკრებულოს 27 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა.

„გამგებელს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოეყოთ ფართი, რათა ადგილზე შევძლოთ მუშაობა. ვითხოვეთ ასევე თანხა, სამი ათასი ლარის ოდენობით, რომლითაც დავასაქმებთ მოხალისეებს და ისინი მოიძიებენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ისეთ ოჯახებს, ვისი მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა. გვაქვს  შედგენილი პროგრამა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ, დავუკავშირდებით და პირველ ეტაპზე შევხვდებით მუნიციპალიტეტში არსებულ საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს, გავაცნობთ ფონდის მიზანს და თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ“, – აცხადებს ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ნათია ძირკველიშვილი. ძირკველიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და დასძენს, რომ ფონდისთვის საჭირო თანხების მოძიებას საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ორგანიზაციებისგან შეეცდებიან.

„დახმარება არ იქნება ერთჯერადი. ოჯახებს გარდა ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტებისა, პირველადი მოხმარების ტექნიკასაც შევუძენთ, ჩავატარებთ საქველმოქმედო კონცერტებს, ასევე ვიზრუნებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმებაზე. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებისთვის მოვაწყობთ ექსკურსიებს და საზაფხულო ბანაკებს“, – ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქველმოქმედო ფონდი „ბოლნისი” დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. მისი დამფუძნებლები არიან: ნათია გვარაძე-ძირკველიშვილი (დირექტორი), ელისო ხვედელიძე, ქეთევან ჯავახიშვილი, მარგალიტა ხიდიბეგიშვილი, ნანა ქსოვრელი, თეა დარჯანია.


Share.

Comments are closed.