„ეს არის ჩემი მშობლიური სკოლა, ამ შენობის კედლებიც კი მიყვარს“ – №1 საჯარო სკოლის ახალი დირექტორი სამუშაო პროცესს შეუდგა

0

10933258_786716248044891_1426225558_n,,დავიწყებ იქიდან, რომ ამ სკოლაში გავიზარდე, ამავე სკოლაში ჯერ რიგით მასწავლებლად,  შემდეგ კი ლია ხურცილავას დირექტორობის  პერიოდში ათი წელი ვმუშაობდი დირექტორის მოადგილედ. იმ დროს  სკოლაში სიცოცხლე ჩქეფდა,  შემდეგ კი ჩაკვდა ყველაფერი, რაზეც ძალიან მტკიოდა გული.  სკოლაში სწავლების მაღალ დონესთან ერთად აუცილებელია სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ა.შ.  ბავშვს ისე უნდა მიუდგე,  რომ მისთვის სკოლა იყოს ის ადგილი, სადაც სიამოვნებით მივა და არა იძულებით. ჩემი მთავარი მიზანიც ისაა, რომ  ბავშვს მივცეთ და განვუვითაროთ უნარ-ჩვევები, რათა ის ჩამოყალიბდეს განათლებულ, დამოუკიდებელ, ტოლერანტ მოქალაქედ, რომელიც გამოადგება ქვეყანას.  თუ ამის გაკეთება არ შეუძლია სკოლას, მაშინ ის საკუთარ ფუნქციასაც ჰკარგავს. სკოლა, რომ  განვითარდეს და ყველა მოსწავლისთვის გახდეს სასურველი, ამისთვის ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც აუცილებლად დავგეგმავ  მას შემდეგ, რაც შევხვდები მასწავლებლებს და მოსწავლეებს, გავიგებ რა აწუხებთ და რა იდეები აქვთ მათ.  თუ ურთიერთთანამშრომლობა არ გვექნება, გაგვიჭირდება მუშაობა. 24 წელია პედაგოგი ვარ, ამ ხნის  განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე და ვფიქრობ, არ გამიჭირდება ჩემი საქმის კეთება ახალ ამპლუაში“,- აღნიშნა bolnisi.ge-სთან საუბრისას ირმა წაქაძემ.

ირმა  წაქაძე  დაიბადა 1967 წლის 12 თებერვალს ქალაქ ბოლნისში. 1984 წელს წარჩინებით  დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა, იმავე წელს  ჩააბარა ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო განათლების განყოფილებაში მეთოდისტად. პარალელურად მუშაობდა №1 საჯარო სკოლაში ჯერ ფიზიკის მასწავლებლად,  შემდეგ კი სასწავლო ნაწილის გამგედ.  10 წლის განმავლობაში იმუშავა ამავე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. 2007 წლიდან კი მუშაობა  განაგრძო ფიზიკის მასწავლებლად. 2014 წელს წარმატებით გაიარა დირექტორების გამოცდები და 2015 წლის 12 იანვარს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის დირექტორად.


Share.

Comments are closed.