„დიახ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ ჩემო ბოლნისო…ჰოდა რა გასაკვირია, რომ დიდი სულხანის ნაკვალეზე გაზრდილი ერისა და სამშობლოს მოტრფიალე ვიყო…“

0

პერსონა

10730883_351652071677237_9218825400013620809_n (1) „მიყვარს მე შენი ხარაჩოები, გაცინებული ბაღში ვარდები,

მიყვარს მე შენი ყაყაჩოები, შენი კენჭიც და ეკალ–ბარდებიც,

არა,  არასდროს,  რომ სთქვან აუგი,  ამაზე არვის არ მივცემ საბაბს,

მერე სირცხვილით როგორ შევხედო ჩემს ტანძიაში გაზრდილ ბრძენ საბას?!

მინდა, დაგინთო ბევრი სანთელი, მაგრამ არ მყოფნის ხელზე თითები,

მიხარია, რომ, ჩემო ბოლნისო, შენს საპატიო წევრად ვითვლები“.

ეს სიტყვები ადგილის დედის საპატიო მოქალაქეს,საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, სამი შვილის, რვა შვილიშვილის, დიდი  ოჯახის ფესვმაგარ მუხას, საბასმიწელ ეთერ აფაქიძეს ეკუთვნის. ის მუდამ უმღერის თავის ტურფა ბოლნისს, ტანძიას, საყვარელ სამშობლოს, რომელიც მის გულში სანთლად დანთებულა და მოსვენებას არ აძლევს მასზე ფიქრი, როგორც დიდ საბას.

პოეტი ეთერ აფაქიძე ცოტა ხნის წინათ ბოლნისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. მას ბოლნისის სიყვარული იმ დროიდან მოსდევს, როდესაც 11 წლის გოგონა სწავლის გასაგრძელებლად მშობლიურ სოფელ ტანძიიდან წამოიყვანეს და სკოლის წლები ბოლნისში გაატარა, მას შემდეგ ბევრი ათეული წელიწადი გავიდა, მაგრამ  ადგილის დედად კვლავაც ბოლნისი ეგულება, მასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ქალბატონი ეთერი იხსენებს:

,,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვთანამშრომლობდი თქვენს გაზეთთან, სადაც ჩემი ლექსები და წერილები დღემდე იბეჭდება, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ხშირად ვმონაწილეობ ბოლნისის კულტურის სახლში ჩატარებულ ღონისძიებებში, სისტემატურად გამოვდივარ „საბაობაზე“, რომელსაც ჩემი ბოლნისი ტრადიციულად ყოველ წელს აწყობს, აქტიურად ვთანამშრომლობ რაიონის მუნიციპალიტეტთან – ჩემი სოფლის პრობლემების მოგვარებაში იგი არაერთხელ დამხმარებია. გასულ წელს გამართულ „საბაობაზე“ კი  ბოლნისის საპატიო მოქალაქედ დამასახელეს, რითაც განსაკუთრებით ვამაყობ“ .

ეთერ აფაქიძემ ლექსების წერა ძალიან პატარამ დაიწყო და  ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ამდენს მიაღწევდა და პოეტთა დიდებულ ამქარში ჩაირიცხებოდა. იგი მადლობას უხდის საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა გონაშვილს, ბატონ რეზო მიშველაძეს, პოეტებს ლიდა სტვილიას, ეთერ ზარიძეს, თემურ შავლაძეს, ქალბატონ ცისანა ქოჩეჩაშვილს, რომელიც არაერთხელ დახმარებია მას, აგრეთვე მკითხველს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი პოეზია აღიარა და დააფასა.  ქალბატონი ეთერი პირობას დებს, რომ რუდუნებით გაუფრთხილდება საქართველოს მწერალთა კავშირის კედლებში „ზიარების“ უფლებას.

„ფესვებით“ პოეტის, სულხან–საბა ორბელიანის მშობლიურ, ტანძიაში დაბადებულ ეთერ აფაქიძის პოეზიაში სამშობლოს თემა და სიყვარული  პირველ ადგილზე დგას.

„ამ შვიდი ათეული წლის გადმოსახედიდან წარსულს თვალს რომ გადავავლებ, უპირველესად გონებაში ჩემი ბავშვობის წლები ამოტივტივდება, ტანძიის სკოლა და პირველი მასწავლებლები: ძაძო ხუციშვილი და სემიდა დუმბაძე. მახსოვს, ოთხი კლასი რომ დავამთავრე და შემდეგი პირველი სექტემბერი ახლოვდებოდა, სემიდა მასწავლებელი ჩვენთან სახლში მოვიდა და დედაჩემს უთხრა: ამ ბავშვს რას უპირებთ, ცოდვაა, სკოლის გარეშე ნუ დატოვებთო… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები… მათთან ერთად ჩემი ჭაღარა პაპაც, რომელიც ჩემს განათლებაზე ასევე დარდობდა… პირველი ლექსი რომ წავუკითხე, ძალიან გაუხარდა… ცხოვრებაში მანათობელ ვარსკვლავად დამრჩა ჩემი დის მეუღლე თედო კულდონაშვილი, რომელმაც თერთმეტი წლის ბავშვი ტანძიიდან წამომიყვანა და ბოლნისის სკოლაში შემიყვანა… დღეს მისი საფლავის ქვაზე ჩემი ლექსია წარწერილი…

ხშირად მახსენდება  ბოლნისში გატარებული მოსწავლეობის ხანა, მასწავლებლები და თანაკლასელები, ამიტომაც ვეფერები ჩემს ბოლნისს ლექსებით… არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი ლექსის დაბეჭდვა რაიონულ გაზეთში და პირველი გამოსვლა საბაობაზე – ბედნიერი სახით რომ ვიდექი სცენაზე და მობრძანებულ სტუმრებს მადლობას ვუხდიდი სოფლის სახელით… ძალიან ვამაყობ, რომ ჩემმა პატარა ტანძიამ ასეთი ბუმბერაზი შვილი აღუზარდა ქვეყანას და ვნატრობ:

„ორღობეში კვლავ გაისმას სროლის ხმა და

უსასრულად შემოევლოს ექო,

ტანძია კი ახალ ბრძენის დაბადებით

კვლავ მსოფლიოს დიდ ქალაქებს ექოთ…“

ჩემი ფიქრები ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც მუდამ ჩემს სოფელს დასტრიალებს. არ მინდა, რამე უჭირდეს, მუდამ იმაზე ვფიქრობ, რა გავუკეთო ისეთი, რომ დავამახსოვრდე:

„ყველა ბილიკი მასთან მახვედრებს, მის კარგად ყოფნას უფალს ვავედრებ“…

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბოლნისის გაზეთის რედაქციას, რომლის ფურცლებიდანაც გამიცნო მკითხველმა და ეს დღემდე გრძელდება, მადლობა კულტურის სახლის მაშინდელ მუშაკს ქალბატონ ნათელა თარხნიშვილს, რომელმაც მომძებნა, რაიონის პოეტების წრეში გამაერთიანა და ბევრჯერ შეხვედრაც მოგვიწყო, დიდი მადლობა კაზრეთის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ქალბატონ იზო აფაქიძეს, რომელმაც ასევე ძალიან ლამაზი შეხვედრა მომიწყო. ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება…

მადლობა ჩემს მკითხველს, ყველას, ვისაც ჩემი პოეზია უყვარს და პირადად ბატონ გიორგი ურუმაშვილს, გაზეთის რუბრიკას ასე რომ უპასუხა“ : იმიტომ მიყვარს ბოლნისი, რომ მის მიწაზე დაიბადა დიდი სულხან-საბა ორბელიანი და დღეს კი ამ მიწაზე ცხოვრობს დიდებული პოეტი ქალბატონი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ეთერ აფაქიძეო“…

დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელობას, რომ დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ბოლნისის საპატიო მოქალაქე ვარ!..

დიახ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ ჩემო ბოლნისო… ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დიდი სულხანის ნაკვალევზე გაზრდილი ერისა და სამშობლოს მოტრფიალე ვიყო… ჩემს პირველ კრებულსაც ამიტომ დავარქვი ასე: „საბას მიწიდან მოვდივარ“. იგი 1991 წელს გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა და მასში შესული ლექსები სწორედ საბას ნაკვალევზეა ნაგროვები. მეორე კრებული „ფესვები გიხმობთ“ კი საქართველოდან წასულ ქართველებს და ჩვენი სამშობლოს სატკივარს მივუძღვენი. მასში კვლავაც დიდ წინაპარს მივმართავ: „რისთვის დაღვრილა, საბავ, მაშინ ცრემლები შენი, თანდათანობით თუ შემცირდა ქართული გენი?!“

… შემოქმედებითი ცხოვრების გარდა ეთერ აფაქიძე დიდი ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა და რვა შვილიშვილის ბებიაა.  ეს ყველაზე ძვირფასი წოდება და ჯილდოა მისთვის.894562_1416405818624118_3405810671607197429_o

,,შეიძლება ადამიანმა ისე განვლო ცხოვრება, რომ ვერანაირი წოდება  ვერ მიიღო, მაგრამ ოჯახი, დედობა, ბებიობა ეს ისეთი ჯილდოა, რომელსაც ვერაფერი შეედრება – იგი ღვთის საჩუქარია. მე და ჩემმა მეუღლემ თანაცხოვრების  ოთხ ათეულზე მეტი წელი გამოვიარეთ და დღეს  შვილიშვილები ჩვენი ცხოვრების შარბათებია. მთელი ოჯახი ერთად რომ შევიკრიბებით, სულ მავიწყდება წლებიც და ის გასაჭირიც, რომელიც ცხოვრებაში ერთად გადავიტანეთ. ისინი  არიან ჩემი სიმდიდრეც და სიამაყეც,  მე მათ ასეთი ლექსი მივუძღვენი:

„გახსოვდეთ შვილებო, ლოცვით და ფიქრებით,

სიკვდილის შემდეგაც თქვენს გვერდით ვიქნები,

მალულად დავდგები თქვენს გვერდით დარაჯად

და მაღლა ზეციდან დაგლოცავთ მარადჟამს;

შემარცხვენთ და თუ არ იქნებით კარგები,

წავალ და ციდანაც სულ დავიკარგები.“

როგორც ქალბატონმა ეთერიმ გაგვიმხილა, ახალი კრებულის გამოცემას გეგმავს სახელწოდებით „არ დაგავიწყდეს!“  ეს   იმ ლექსის სათაურია, რომლითაც ახალგაზრდობას მიმართავს და რომელიც ახალ კრებულში შევა:

„არ მიაყენოთ წინაპართა სახელს ჩრდილია,

არ დაუმიზნოთ მეორეჯერ ტყვია ილიას,

არ დაგავიწყდეთ იაკობის ანი და ბანი –

ქართველი ერი ამ ანბანით განბანილია;

არ დაგავიწყდეთ მამა–პაპის სახელი, ჯიში,

დედამიწაზე რომ ქართველნი ქართველად ვიშვით!“

 

ასე დავასრულე საუბარი ქალთან, დედასთან, პოეტთან, რომლის სახელითაც თითოეული ბოლნისელი ამაყობს, ვისი სტუმრობაც ყველას უხარია, რადგან საბასმიწელ ეთერ აფაქიძეს თან სდევს სული საბასი, რომელიც სითბოთი და მარადიული სიყვარულით ავსებს.

 

 10339260_1437909913140375_6450700464036824064_o 10321193_1437910363140330_588619137997649370_o

 დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.