გარდაიცვალა მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი)

0

961465_703440303104048_1160062103_n69 წლის ასაკში მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გარდაიცვალა.

მეუფე თადეოზი, ერისკაცობაში მირიან იორამაშვილი დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ ქვეშში. 1966 წელს დაამთავრა ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე,  წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სასწავლებლის დასრულების მერე მეუფის სასულიერო მოღვაწეობა ასე გამოიყურება:

1977წ –მღვდელი;

1979წ – წილკნის ეპისკოპოსი;

1982წ –აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი;

1984წ –მანგლელი მთავარეპისკოპოსი;

1993-1995წწ –ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი;

1995-2003წწ–ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი;

2003წ–ბოლნისის მთავარეპისკოპოსი;

2005წ– თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი;

2010წ  –მიტროპოლიტი;

2013 წლიდან პენსიაზეა და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი.

15 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით კულტურის სახლში გაიმართა მიტროპოლიტ თადეოზისადმი მიძღვნილი საღამო „ლექსად ქცეული ქადაგება“.

„დღევანდელი დღე ჩემთვის გამოუთქმელი სასწაულია. ამ საღამოს მადლის მეათასედიც არ მეკუთვნის. შინაგანად ძალიან განვიცდი ყველაფერს, ზღაპრული, ლამაზი, მადლიანი, გულიანი, ქართული, უსაზღვრო სიყვარულით სავსე საღამო იყო.”- განუცხადა BOLNISI.GE -ს მეუფემ თადეოზმა და სიტყვა თავისი ლექსის პატარა ფრაზით დაასრულა:

„როცა დიდი სიხარული ვერ ეტევა კაცის გულში,

როგორ უნდა დარჩე მკაცრი, როგორ უნდა დარჩე ქუში“.

გაზეთი „ბოლნისი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეუფე თადეოზის გარდაცვალების გამო, უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს!

 


Share.

Comments are closed.