გაზეთი „ბოლნისი”-ს პირველი ნომერი 20 იანვარს გამოვა

0

get_imgგაზეთი „ბოლნისი”-ს 2015 წლის პირველი ნომერი 20 იანვარს გამოვა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაზეთი მკითხველს განახლებული ფორმატითა და საინტერესო თემებით დაუბრუნდება. ბეჭდური გამოცემა თვეში ორჯერ გამოვა. გაზეთი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელდება, 8 გვერდიანი იქნება და ორ ენაზე – ქართულ-აზერბაიჯანულად გამოიცემა.

შეგახსენებთ, გასული წლის დასაწყისში გაზეთმა „ბოლნისი” გამოცემა შეწყვიტა და ამ დრომდე რედაქცია მხოლოდ ინტერნეტპორტალის მეშვეობით აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრ ერთგულ მკითხველს გული დავწყვიტეთ, როდესაც ბეჭდური გამოცემა შევაჩერეთ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან ჩვენს მუშაობას ხელი შეუშალა, ამ ხნის მანძილზე ინტერნეტ სივრცის საშუალებით მეტად დინამიურები გავხდით და გაცილებით მეტი მკითხველიც შევიძინეთ, ინფორმაციებს ჩევნი მეშვეობით საკუთარ ქალაქზე, ახლობლებზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ბოლნისელები იგებენ. ვინაიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვეცდებით მათი ინფორმირება გაზეთის საშუალებით მოვახერხოთ”, – აღნიშნა გაზეთ „ბოლნისი”-ს რედაქტორმა ხატია ფოცხვერაშვილმა.

20 იანვრის ნომერში მკითხველს შესაძლებლობა ექნება წაიკითხოს ექსკლუზიური ინტერვიუ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი მეშველიანთან. მუნიციპალიტეტის პირველი პირი დაწვრილებით ისაუბრებს ყველა იმ განსაცხორციელებელ პროექტზე, რომელიც 2015 წელს არის დაგეგმილი. ინტერვიუდან შეიტყობთ უამრავ გაუხმაურებელ გეგმასა  და იდეის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივას ასხავს.

დაბრუნდით ჩვენი მკითხველის რიგებში,  იყავით ექსკლუზიური და ობიექტური ამბების გამტარი.

ჩვენ ყველაზე უკეთ ვხედავთ და გვესმის ყველა თქვენი სურვილი. ჩვენ ადგილობრივი მედიასაშუალება ვართ!

შეგახსენებთ, გაზეთი ბოლნისი 1935 წლიდან გამოიცემა, საქართველოში მოქმედი გამოცემებიდან  ამ წლოვანების გაზეთი თითზე ჩამოსათვლელია.

80 წლის გაზეთი თქვენს სამსახურშია!


Share.

Comments are closed.