საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის მესამე ეტაპი 12 იანვარს დაიწყება და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. 19 დღის მანძილზე, ოთხი საათის განმავლობაში გასაუბრებას ოცი კონკურსანტი ყოველდღე გაივლის, რომელსაც შვიდ კაციანი კომისია ჩაატარებს. გასაუბრებას დააკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი. კონკურსის მესამე ეტაპს, გრაფიკის შესაბამისად, სხვადასხვა სამსახურების უფროსები დაესწრებიან. კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად პროფესიული კუთხით იქნება. თითოეულ კონკურსანტს გასაუბრებაზე გასვლა იმდენჯერ მოუწევს, რამდენ ვაკანტურ შტატზეც აქვს განაცხადი შეტანილი.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობას ის კონკურსანტები მიიღებენ, ვინც ტესტირების ეტაპი წარმატებით გაიარა. იმ საჯარო მოხელეებმა, ვინც ბოლნისში გამოცდების და შეფასების ცენტრის მიერ ჩატარებულ ტესტირებაზე ბარიერი ვერ გადალახეს, შეძლეს მონაწილეობის მიღება მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტესტირებაზე. მათ კანონის შესაბამისად შეუძლიათ 15 ივლისამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ნებისმიერ ვაკანტურ შტატზე ტესტირების გარეშე დასაქმება. ამ კონკურსანტებმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ გაიარეს მეორე ეტაპი. გასაუბრება იურიდიულ განყოფილებაში დაიწყება და გამგებლის წარმომადგენლებით დასრულდება“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.