ბოლნისის მუნიციპალიტეტში 25 წლის წინ ბაქოში დაღუპულები გაიხსენეს

0

baku-1990-massacre7ბაქოში 25 წლის წინ დაღუპულები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც გაიხსენეს. გამგეობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი ერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს.

,,დღევანდელი დღე არა მარტო საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების, არამედ მსოფლიოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის არის ტრაგიკული დღე. ამ დღის აღნიშვნა ვფიქრობ ძალიან აუცილებელია. ზუსტად 25 წლის წინ, უდანაშაულო, უიარაღო ადამიანები უმოწყალოდ ამოხოცეს, რისი დავიწყებაც არის შეუძლებელი, ისევე როგორც შეუძლებელია დაივიწყო 1989 წელს საქართველოში მომხდარი 9 აპრილის ტრაგედია. აზერბაიჯანელი გმირების წინაშე  ქედს ვიხრი, ვინაიდან  მათ თავი შესწირეს საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

20 იანვარს აზერბაიჯანელი ერი  25 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში ზუსტად 25 წლის წინ, საბჭოთა ტანკებით და ხიშტებით დაღუპულებს გლოვობენ.

1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში შესულია, როგორც შავი იანვარი. აღნიშნული თარიღი ისტორიაში ცნობილია ასევე, როგორც შავი შაბათი და იანვრის ხოცვა.

1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგები საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში შავ იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

137 დაღუპული, 611 დაჭრილი და დასახიჩრებული, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული – აი ეს არის 1990 წლის 20 იანვრის, იგივე „შავი იანვრის” სტატისტიკა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანის ყველა მეგობარ ქვეყანაში, ამ თარიღის ხსოვნის დღედ აღნიშნავენ.

Share.

Comments are closed.