„ბებია ყოველთვის ცდილობდა გვცოდნოდა, თუ რა ტრადიციები ჰქონდათ ქართლში. როგორც ყველგან, რთავდნენ ნაძვის ხეს, მაგრამ აუცილებელი იყო ნებისმიერი კენკროვანი ხილის ტოტის მორთვაც ტკბილეულით”

0

10866634_712826532165425_202373612_nთუ როგორ ხვდებოდნენ  ქართლში ახალ წელს, რა შეიცვალა  და რა ტრადიციაა შემორჩენილი დღეს ოჯახებში, ამაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ძირძველი დმანისელი კარინა დევნოზაშვილი და მისი შვილი ლევან არსენიძე, ისაუბრებენ.

კარინა დევნოზაშვილი:

– ჩემი ოჯახი ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებოდა ახალ წელს, ამიტომ ძალიან ლამაზადაა ჩემში ჩარჩენილი ყველა ის ტრადიცია, რასაც ჩემს სოფელში, მეზობელ-ნათესავებში და საკუთარ ოჯახში ვხედავდი.  ბებია ყოველთვის ცდილობდა  გვცოდნოდა, თუ რა ტრადიციები ჰქონდათ ქართლში.  როგორც ყველგან,   რთავდნენ ნაძვის ხეს,  მაგრამ აუცილებელი იყო ნებისმიერი კენკროვანი ხილის ტოტის მორთვაც ტკბილეულით.  ოჯახის უფროსი 12 საათის შემდეგ თხილს და კაკალს სახლის ყველა კუთხეში მოაბნევდა,  ოჯახის ყველა წევრს კი გოზინაყით, თაფლით  აბერებდა. ქართლში გოზინაყს როგორც ნიგვზისგან, ისე თხილის და გოგრის კურკისგანაც აკეთებდნენ.   აუცილებელი იყო  ნაზუქი, ფურცლოვანი ქადა, რომელიც ოდნავ იყო დამტკბარი. სპეციალურად ყველა ბავშვისათვის ტკბილი ცომით  ცხვებოდა  თოჯინა, რომელსაც  ბასილას ეძახდნენ. ეს ერთგვარი რიტუალი იყო,  იმისათვის რომ ბავშვების მეხსიერებიდან არ წაშლილიყო წმინდანებისა და სარწმუნოების პატივისცემა. ბებიას თქმით ბასილი დიდი იყო ქრისტიანობისა და ბავშვების  დამცველი. ბებია  კოკორებსაც გვიცხობდა, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული. საახალწლო სუფრა ქართლში გოჭის, ინდაურის, ბატის, იხვის და ქათმების გარეშე არ არსებობდა. მახსოვს როგორ გამოტენიდნენ იხვს და ბატს ჩირებით, ბრინჯით, ტკბილეულით და შედგამდნენ ფურნეში ან აირღუმელში, უკვე შემწვარი ხორცი კი ძვლებიანად რბილდებოდა. დმანისურ გოჭზე და ფურნეში გამომცხვარ დმანისურ ხაჭაპურზე გემრიელი არაფერია, მამაჩემი გოჭს კარგად რომ გაასუფთავებდა, ცოტა ხნით გააჩერებდა მდუღარე წყალში, რბილდებოდა და მერე ბრაწავდა.

– ბოლნისში  როგორ ხვდებით, ინარჩუნებთ ტრადიციებს?

– უფრო დემოკრატიულად, მაგრამ ტრადიციებს ვინარჩუნებთ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვწერთ სიას, რა უნდა  გავაკეთოთ და ვიწყებთ მზადებას. ჩურჩხელა  ამოვავლე.  ინდაურები უკვე გვყავს ნაყიდი და ისე ვხვდებით, როგორც ყველა ქართულ ოჯახში: საცივი, „ხალადეცი“, ტოლმა, და ა.შ. კაცებს, ლევანს და მამამისს ხორცეული ევალებათ, ლევანი საკლავს დაკლავს და მოამზადებს. ნინოს, ლევანის მეუღლეს  ნამცხვრები ევალება, ზღაპრული ხელი აქვს. ჩემი კულინარია მეორე ადგილზე გადავიდა, ამჟამად მრჩეველის ფუნქცია უფრო მაკისრია, ისიც იშვიათად.

– მეკვლეობაზე რას ფიქრობთ?

– რაც შეეხება მეკვლის ტრადიციას, ქართლში მეკვლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა  აქვს და ბოლნისშიც ვინარჩუნებთ ამ ტრადიციას. ოჯახის მეკვლე ჩემი ნათლული გიორგი ურუმაშვილი და მისი ძმა ლევანია.  რაც შეეხება ნაძვის ხეს, მას რამე განსაკუთრებული მართლმადიდებლური დატვირთვა არ აქვს.  ახალი წელი ჩემი ოჯახისთვის ახალი წლის დასაწყისია, ურთიერთობების, შეფასებებისა და გადაფასებების დღეა.  ვეცდები ტრადიციული სუფრა მქონდეს, მაგრამ შობისთვის განსაკუთრებულად ვემზადები.  ყველას გილოცავთ ახალ წელს, მინდა რომ მშვიდობიანი ახალი წელი გქონდეთ.  სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, რწმენაში გაძლიერებას გისურვებთ, მათ შორის საკუთარ თავსაც.

ლევან არსენიძე:

–  შობა-ახალ წელს მივულოცავ ყველას, გისურვებთ ეკონომიურად გაძლიერებას,  განვითარებას და რაც მთავარია, აზრობრივად ჩამოყალიბებას. ხალხი თითქმის აღარ იღიმება, მინდა ხალხი სიყვარულისკენ მობრუნდეს. მტერს სხვა კუთხით მიუდგნენ, სხვა გზა დაანახონ და მოყვარეს თავისი უთხრან. თუ სიყვარული, სიხარული და პატივისცემა არ გაძლიერდა, პრობლემებს ვერ გადავლახავთ, სიახლის და სიხარულის შემომტანი ყოფილიყოს ახალი წელი.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply