„ბარბარობის დღესაწაულზე ვინც პირველი შემოვიდოდა, ის ითვლებოდა ახალი წლის მეკვლედ. შემთხვევითი ვინმე რომ არ შემოსულიყო, მეზობლის ბავშვს ვპატიჟობდით, რადგან ბავშვის სული უბოროტო და უმწიკვლოა”

0

10906766_10152925311972230_1914610073_oროგორ ხვდებოდნენ იმერლები ახალ წელს, რა ტრადიციები ჰქონდათ და რას აგრძელებენ დღესაც კაპანაძეები, ოჯახის დიასახლისი, რატევნის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი გვიამბობს:

– ჭიათურაში, მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ექვსი დედმამიშვილი ვართ. დღემდე ძალიან ლამაზად მახსენდება ის სიხარული, რასაც ახალი წლის მოახლოების დროს ვგრძნობდით. ის ფუსფუსი და სამზადისი  დაუვიწყარია. ახალი წლის ღამეს ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებოდით. სტუმრად ყოველთვის დეიდა მოდიოდა, შემდეგ კი ახალი წლის მისალოცად სოფელში, ბებიასთან მივდიოდით. ვშლიდით ტრადიციულ სუფრას. აუცილებლად გვქონდა გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, შემწვარი გოჭი, კანფეტები, ნამცხვრები, ამ ყველაფერს ჩემი უფროსი  დები  დედასთან ერთად   ამზადებდნენ, თუმცა ყველა ვიღებდით მონაწილეობას, საქმე ასაკის შესაბამისად გვქონდა დანაწილებული.

– ნაძვის ხეს თუ რთავდით?

– მახსოვს, სახლთან ახლოს მამას ნაძვნარი ჰქონდა გაშენებული, ყოველ ახალ წელს ამოარჩევდა ლამაზ ტოტს, გაუკეთებდა ძირს და ასე ვრთავდით, დღემდე მიმაჩნია, რომ ბუნებრივ ნაძვის ხეს სხვა ენერგეტიკა  და სიცოცხლე შემოაქვს. დედა მთელი წლის განმავლობაში ფულს რომ გვაძლევდა, ვინახავდით,  ახალი წლისთვის სათამაშოებს ვყიდულობდით, ვრთავდით ნაძვის ხეს. ულამაზესი დღეები იყო. მახსოვს როგორ ვჩქარობდი გაკვეთილების დამთავრებას, რომ წავსულიყავი მაღაზიაში, რამდენჯერ გამტეხია სათამაშო ჩანთაში, რასაც ძალიან განვიცდიდი.

– მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით?

– მეკვლის ტრადიცია იმერეთში ასეთია:  ბარბარობის დღესაწაულზე ვინც პირველი შემოვიდოდა, ის ითვლებოდა ახალი წლის მეკვლედ. შემთხვევითი ვინმე რომ არ შემოსულიყო, მეზობლის ბავშვს ვპატიჟობდით, რადგან ბავშვის სული უბოროტო და უმწიკვლოა, ასეთი მეკვლის შემოსვლა ნამდვილად  სიკეთის მომტანია.

რაც გავთხოვდი, მას მერე  ჩემი მეუღლის მეგობარი გვყავდა მეკვლედ. მე მჯერა, რომ ის კეთილი სურვილებით მოდიოდა და მართლაც წლების განმავლობაში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ჩემი მეუღლე ხუმრობდა, მეკვლე დაგვიძველდაო, მასაც მოემატა ასაკი, ამიტომ  შეცვლა მოგვიხდა. არ ვიცი, რას დავაბრალო   მაგრამ არც ისე კარგად მიდის ჩვენი ცხოვრება. როცა ადამიანი შემოდის მხიარული, დადებითი აურა შენზეც გადმოდის,  მეკვლის კეთილგანწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მეკვლის ინსტიტუტი საქართველოში, არც თუ ისე უსაფუძვლოა.

– თქვენ თუ დადიხართ მეკვლედ?

– ახლა ნამდვილად აღარ, თუმცა ბავშვობაში რამდენჯერმე ვყოფილვარ და ამასთან დაკავშირებით ასეთი რამ მახსენდება: მეზობელმა დამპატიჟა მეკვლედ. ჩემმა მშობლებმა კი მითხრეს ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან კარგად უნდა მოიქცე, ისწავლო, თუ ეს წელი მათთვის ცუდი აღმოჩნდა, შენს ფეხს დააბრალებენო და  ძალიან შემეშინდა. ყოველ დღე ვცდილობდი არაფერი შემშლოდა. ოჯახში მეკვლედ რომ შევდიოდი, ასეთ რამეს ვამბობდით  „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო“. დედა გვატანდა ხონჩას, რომელიც სავსე იყო ტკბილეულით. აუცილებლად იდო ჩირი, ყურძენი, რაც ბარაქის ნიშანია. დღეს პატარები თოვლის ბაბუას ელოდებიან, ჩვენს ოჯახში ეს ფუნქცია მამას ჰქონდა შეთავსებული, სპეციალურად საახალწლოდ მიდიოდა თბილისში ან სოხუმში, მახსოვს ჩამოჰქონდა უამრავი ციტრუსი, სახლი ნაირნაირი სურნელით  ივსებოდა, ჩვენთვის კი თბილი ტანსაცმელი მოჰქონდა. მამას ასეთი ტრადიცია ჰქონდა, ყოველ ახალ წელს სახლისთვის რაღაცას ყიდულობდა.

– დღეს როგორ ხვდებით ახალ წელს?

– ჩემი შვილები სტუდენტები არიან, უფროსი ქალიშვილი გათხოვილია, შვილიშვილიც გყავს, ტრადიციას წელსაც არ დავარღვევთ და ყველა ერთად შევხვდებით. ყოველ წელს მოდიან ჩემი მეუღლის და შვილების მეგობრები და ხშირად დილამდე გრძელდება ქეიფი, წელს მეკვლედ ჩემი ხუთი თვის შვილიშვილი იქნება.

ნაძვის ხესაც ერთად ვრთავდით.  ჩემი ოჯახიც აქედან იწყებს საახალწლო სამზადისს. ყოველ წელს ვამატებთ ახალ სათამაშოებს. ძალიან მიყვარს თოვლის ბაბუები, განსაკუთრებით კერამიკის, ნაძვის ხის ძირში საჩუქარი ჩემს შვილიშვილსაც დახვდება, მას უკვე ვუყიდე თოვლის ბაბუა.

დღეს საახალწლო სუფრას შერეულად ვამზადებთ, შესაძლებლობების ფარგლებში, ძველ ტრადიციულ კერძებთან ერთად სიახლეებიც შემაქვს.

– როგორ შეაფასებთ გასულ წელს?

– გასული წელი მქონდა ბედნიერი, იქიდან გამომდინარე, რომ შეგვეძინა შვილიშვილი, პირადი წარმატებებიც მქონდა, კონკურსის  წესით ხელახლა დავინიშნე  სკოლის დირექტორად,  ვთვლი რომ 2014 წელი წარმატებული იყო.

მინდა მომავალი წელიც იყოს წარმატებული და ბედნიერი. მინდა ქართველ ერს მიულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ყველას ოჯახში მოეტანოს ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა. ვისურვებდი რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოსულიყო ქართველი ხალხი სოციალური გაჭირვებიდან,  ბევრი ლაღი და გაღიმებული სახე მენახოს ქუჩაში. ყველას, ყველას მინდა მუვულოცო და ბედნიერი შობა-ახალი წლის შემობრძანება ვუსურვო.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply