ახმეტელის თეატრი ბოლნისის სცენაზე

0

მამა პეტრე4ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლი, რომელშიც დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია) ოცამდე ლექსია გაერთიანებული, ბოლნისელმა მაყურებელმა პირველად იხილა.

„მამა პეტრე ჩემი მოძღვარია, კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, ამიტომ  დიდი სურვილი მქონდა მისი შემოქმედება მექცია ლიტერატურულ სპექტაკლად, რათა მომეხდინა ამ შესანიშნავი ლექსების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. სურვილი ვაქციეთ რეალობად და დღეს ამ სპექტაკლით მამა პეტრეს ვულოცავთ იუბილეს“. –განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ.

„მოძღვრის აღსარება“, – ასე ჰქვია დეკანოზის შემოქმედებაზე აგებულ ლიტერატურულ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ ახმეტელის თეატრში შედგა, 27 იანვარს კი ლიტერატურული საღამო ტრადიციულად ნინოობის დღესასწაულს და დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია) იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნული საღამო ახმეტელის თეატრის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატარდა.

დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია):

– ამ სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც ჩემი ლექსებია თავმოყრილი, რამდენიმე თვის წინ შედგა. დღეს კი, ჩემს იუბილესთან დაკავშირებით ახმეტელის თეატრმა ბოლნისის სცენაზე წარმოადგინა, რომლის საშუალებითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს ჩემდამი დამოკიდებულება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. მნიშვნელოვანია,  რომ ტრადიციულად, ყოველ 27 იანვარს ბოლნისის საზოგადოება, ჩემი მეგობრები და სტუმრები ვიკრიბებით  კულტურის სახლში და ერთად აღვნიშნავთ უპირველესად ნინოობის დღესასწაულს და ამასთანავე ჩემს იუბილეს. ყველას გილოცავთ ნინოობას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

– უპირველეს ყოვლისა სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო წმინდა ნინოს ხსენების დღე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღესაა დაბადებული მამა პეტრე, რომელიც უძვირფასესი ადამიანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მის მიერ მოწყობილი  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები არის სულიერი საზრდო თითოეული ჩვენგანისთვის. არც დღევანდელი საღამო იყო გამონაკლისი. ახმეტელის თეატრი  არის ძალიან მაღალი დონის მსახიობთა დასი. მამა პეტრეს შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლი სახელწოდებით „მოძღვრის აღსარება“ შესულია ახმეტელის თეატრის რეპერტუარში, თითოეული მსახიობის მიერ წარმოთქმული ფრაზები  არის ჩვენი სულიერი საზრდო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მამა პეტრეს ღვაწლზე და მის მნიშვნელობაზე.

მამა პეტრე2 მამა პეტრე1

 

Share.

Comments are closed.