ახალი რეგულაციები სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში

0

sursati32015 წლის 1 იანვრიდან სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდა. ამიერიდან პირს, რომლის საქმიანობა სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას უკავშირდება, ბიზნესოპერატორად დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრება.  რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი  500 ლარით დაჯარიმდება.

ახალი რეგულაციების თანახმად, უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმიც ამუშავდება.

ამას გარდა, 2015 წლის 1 იანვრიდან აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან(გარდა პირველადი წარმოებისა) ან გადამუშავებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, ბიზნესოპერატორად აღიარებას სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს, თუ სუბიექტი ბიზნესოპერატორად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული. ბიზნესოპერატორი, რომელიც საქმიანობას აღიარების გარეშე ეწევა, 500 ლარით ჯარიმდება.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მიმართვის გზით.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის მოთხოვნისას, რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ვალდებულია, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს  ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესოპერატორის საქმიანობათა შესახებ. მომხმარებელს  საქმიანობის სფეროებისა და სახეების დეტალურ ჩამონათვალს, განცხადების წარდგენის ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანო თავად სთავაზობს.


Share.

Comments are closed.