„არემჯი გოლდი“ დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

0

არემჯი8მიმდინარე წლის 12 იანვარს, შპს „არემჯი“ გოლდის საყდრისის საბადოს №5 კვირაცხოვლის უბანზე აფეთქება მოხდა, რაც როგორც კომპანიაში აცხადებენ, მუშების დაუდევრობამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა სოფელ ბალიჭში, დაბა კაზრეთსა და სოფელ კაზრეთში მდებარე საცხოვრებელი სახლების კედლები და ჩაიმსხვრა მინები. მოსახლეობამ განცხადებით ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიმართა, რათა დროულად მომხდარიყო რეაგირება კომპანიის მხრიდან. „არემჯი“ გოლდმა შექმნა აფეთქების მომკვლევი 5 კაციანი კომისია, რომელიც მყისიერად შეუდგა ზარალის დათვლას. ათეულობით ოჯახს უკვე გაეწია დახმარება და შეეცვალა საცხოვრებელი სახლის ჩამსხვრეული მინები.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  კომპანია დაზარალებულებს პირველად უნაზღაურებს ზარალს. აქამდე მსგავსი პრეცენდენტი არასდროს ყოფილა. BOLNISI.GE კომპანია „არემჯის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს მიხეილ კვარაცხელიას ესაუბრა
„მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი, რის გამოც დაზარალდა მოსახლეობა. შევქმენით კომისია, რომელიც დადის კარდაკარ და ამოწმებს ადგილზე რა ზიანი მიადგა თითეულ ოჯახს. დაზარალებულთა სია გადმოგვცა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. სადაც იყო მინები ჩამტვრეული ან რაიმე პატარა დაზიანებები, იქ უკვე მიმდინარეობს აღდგენა. უმეტეს ნაწილში მინები უკვე ჩასმულია. დაბა კაზრეთში დაახლოვებით 30 ოჯახია დაზარალებული, სადაც უკვე მოხდა დათვალიერება და შემოწმება. კომისია ამ ეტაპზე გადავიდა სოფელ ბალიჭში. ბალიჭში შემოწმება ერთხელ უკვე ჩატარდა, მაგრამ გადავწყვიტეთ უფრო დეტალურად შევისწავლოთ, არის საკითხები, რომელიც მეტ კომპეტენციას მოითხოვდა და უფრო კომპეტენტური ადამიანი ჩავრთეთ და მასთან ერთად ხდება მდგომარეობის შესწავლა. ათამდე ოჯახი უკვე შემოწმებულია. როდესაც დამთავრდება საველე სამუშაოები, დავსხდებით, განვიხილავთ თითოეულ შემთხვევას, გავაკეთებთ დასკვნებს და მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ხელმძღვანელობას, ამის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ რა სახის სამუშაოები ჩატარდება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინფორმაციით ჩივილები მოსახლეობის მხრიდან გასულ წლებშიც ყოფილა, მაგრამ ზარალის ანაზღაურება რომ მომხდარიყო ასეთი რამ არ მახსოვს. 10 წლის წინ როგორ იყო არ ვიცი, თუმცა გასული რამდენიმე წლის მანძილზე  არ ყოფილა.” – განაცხადა მიხეილ კვარაცხელიამ.
ზურაბ ტაბატაძე, „არემჯიგოლდის შრომის უსაფრთხოების კონსტრუქტორი, კომისიის წევრი:
– ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადმოგვცა 124 ოჯახის სია, დახმარება გაეწია ათეულობით ოჯახს და ზარალი კომპანიის მიერ იქნა ანაზღაურებული. ნაწილი დარჩენილია და აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. მშენებლებთან ერთად შევდივართ დაზიანებულ სახლებში, ფოტოებზე ვაფიქსირებთ თითოეულ ბზარს, შეიკვრება ყველა დაზარალებული ოჯახის საქმე და დახმარება გაეწევათ მათ.
მზია ავქოფაშვილი, სოფელ ბალიჭის მკვიდრი:
– აფეთქებიდან რამდენიმე დღეში მოვიდნენ და ჩასვეს მინები. ახლაც მოსულები არიან და თითოეულ ბზარს აფიქსირებენ, რომ დახმარება გაგვიწიონ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ვიქტორ ავქოფაშვილი, სოფელ ბალიჭის მკვიდრი:
– აფეთქების შედეგად დაზიანდა ჩემი სახლი, ჩაიმსხვრა მინები, დაიბზარა კედლები, მინები ჩასვეს და გვპირდებიან, რომ დაბზარულ კედლებს შეაკეთებენ.

არემჯი7 არემჯი6 არემჯი5 არემჯი2

 


Share.

Comments are closed.