Forbes-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა

0

_MG_0916საქართველოს პოზიცია, Forbes-ის რეიტინგში „საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ (Best Countries for Business) 2014 წელს,  2013 წელთან შედარებით 3 ადგილით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ხოლო რეგიონის მასშტაბით – პირველ ადგილზეა. ამის თაობაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო გავლენიანი ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული შედეგები.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ფორბსის“ რეიტინგი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ მონაცემებსა და რეიტინგებს. მათ შორის ასეთი ინსტიტუტია ჰერიტიჯის ფონდი, რომელიც იკვლევს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების დონეს. „როგორც მოგეხსენებათ, ამ კვლევის თანახმად, საქართველომ მკვეთრად გაიუმჯობესა მდგომარეობა 2013 წლის შემდეგ და იგი 22 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. 2014 წლის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი,  რაც აქამდე საქართველოს ქონია ამ რეიტინგის მიხედვით. გარდა ამისა, „ფორბსი“ ითვალისწინებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექს, რომელიც ქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ. ამ რეიტინგშიც საქართველომ 2012 წლის შემდეგ გაიუმჯობესა მდგომარეობა და 77 ადგილის ნაცვლად გადაინაცვლა 69 ადგილზე. „ფორბსი“ ასევე ეყრდნობა ისეთ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, „ტრანსფარენსი ინტერნეშენალის“  კორუფციის აღქმის ინდექსი, „ფრიდომ ჰაუსის“ თავისუფლების ინდექსი და საკუთრების უფლებების ალიანსის საკუთრების უფლებების დაცვის ინდექსი“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც პრესკონფერენიაზე ითქვა, საქართველოს პოზიცია „ფორბსის“ რეიტინგში გაუმჯობესდა  6 ძირითად კომპონენტში:

  • მონეტარული თავისუფლება – პოზიცია გაუმჯობესდა 50 ადგილით და 52-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 102-ე ადგილისა;
  • საკუთრების უფლება –  პოზიცია გაუმჯობესდა 5 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 110-ე ადგილისა;
  • ინოვაციები – პოზიცია გაუმჯობესდა 3 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 110-ე ადგილისა;
  • ბიუროკრატია – პოზიცია გაუმჯობესდა 3 ადგილით და მე-5 ადგილი დაიკავა ნაცვლად მე-8 ადგილისა;
  • კორუფცია – პოზიცია გაუმჯობესდა 3 ადგილით და 46-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 49-ე ადგილისა;
  • პირადი თავისუფლება – პოზიცია გაუმჯობესდა 2 ადგილით და 67-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 69-ე ადგილისა.

გარდა ამისა, საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულში შედის ვაჭრობის თავისუფლების (მე-6 ადგილი) და მცირე ბიუროკრატიის (მე-5 ადგილი) კომპონენტების მიხედვით.

„ჟურნალი „ფორბსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ფორბსს“, მისი მკითხველების წრიდან გამომდინარე, ეცნობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორია, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. პოზიტიური ინფორმაცია „ფორბსის“ მსგავს გამოცემებში მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ გადაწყვეტილებაზე, რომელ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

„ფორბსის“  რეიტინგში პირველ ადგილს დანია, ხოლო ბოლო ადგილს გვინეა იკავებს.


Share.

Comments are closed.