მოსახლეობას წელს შეშის შეძენა შეცვლილი წესით უწევს

0

downloadზამთრის დადგომასთან ერთად მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ერთ-ერთ საზრუნავად ისევ შეშის შეძენა რჩება. სუსხიანი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ეროვნულმა სატყეო-სააგენტომ ზაფხულის პერიოდში გამოყო და მონიშნა ადგილები, სადაც მოსახლეობას შეუძლია საშეშე მერქნის მოჭრა და გამოზიდვა. მონიშნული ტყე-კაფები აიტვირთა მერქნული რესურსების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გაფორმდა ტყე-კაფებზე მიღება-ჩაბარების  და სეზონის გახსნის აქტი.  ტყე-კაფები ტერიტორიულ თემებზე მდებარეობის მიხედვით განაწილდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტყე-კაფების მიუვალ ადგილებში მოხდა გზების გაყვანა. გასულ წელთან შედარებით შეიცვალა შეშის მოპოვების წესი. გასაცემ საშეშე მერქანზე ზღვარი 7 კუბური მეტრია. ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა 30 დღით განისაზღვრა. ცვლილებები შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე მერქნული რესურსებით უზრუნველყოფის დარეგულირების მიზნით  „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში, მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ლიბერთი ბანკის ფილიალში შეუძლია აიღოს შეშის დამზადების ბილეთი, სადაც მითითებული იქნება სასურველი ტყე-კაფი. შესაბამისი მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოქალაქე იღებს დოკუმენტს, სადაც მითითებულია სალაროს გადახდის ქვითარი,  ხე-ტყის დამზადების ბილეთი, ხის ჯიში, სატყეო უბანი, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სატყეო სამსახურის მცველი ან უბნის ინსპექტორი აბარებს მომხმარებელს მისთვის კუთვნილ ხე-ტყეს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეშის შეუზღუდავი რაოდენობით გაცემა აიკრძალა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის ერთ კომლზე 15 კუბური მეტრი გაიცემა, დაბალმთიან რეგიონში კი შეშის რაოდენობა 7 კუბური მეტრით განისაზღვრა, რომელიც სრულიად საკმარისია. ტყე-კაფები, რომლებიც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაამუშავა და ატვირთა, შესაბამისად ჩანს ლიბერთი ბანკის ყველა ფილიალში და  მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ახლომდებარე ბანკში აიღოს ბილეთი, მისთვის სასურველი ტყე-კაფის მითითებით. 7 კუბური მეტრი შეშის შეძენა მომხმარებელს ზამთრის სეზონის პერიოდში ეტაპობრივად შეუძლია. შეიზღუდა ბილეთის გამოყენების ვადა და ერთი წლის ნაცვლად  30 დღემდე შემცირდა. ხე-ტყის დამზადების ბილეთი ამიერიდან კონკრეტულ ტყე-კაფზე გაიცემა. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა შეშის ათვისება, შესაძლებელია იგივე სახეობის ახალი ბილეთის აღება შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ. მერქნული რესურსის ღირებულება ჯიშების მიხედვით არის შეფასებული, რომელიც 2-დან 4 ლარამდე მერყეობს, ამას ემატება ბანკში მოსაკრებლის გადახდა, რაც 3 ლარი ჯდება. გამოყოფილი ტყე-კაფის მითითების შემდეგ მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შეშის მოჭრას და გამოტანას. სამწუხაროდ, ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, ტყიდან შეშის გამოტანას ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანა ან საჭაპანე ტრანსპორტი სჭირდება. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს მისი ქირაობა უწევთ, რაც ზრდის შეშის საბაზრო ღირებულებას, რასაც ჩვენი სამსახური ვერ აკონტროლებს“. აღნიშნა ბოლნისის სატყეო-სააგენტოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო ყაველაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 120 ტყე-კაფია გამოყოფილი 14 000 კუბური მეტრი შეშის რაოდენობით, რაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, ამ ეტაპზე  გაცემულია 6 382 კუბური მეტრი, ასევე დარჩენილია შარშან გამოყოფილი ტყე-კაფების ნაშთები, რაც მთლიანობაში ჰყოფნის  მოსახლეობას. მუნიციპალიტეტში მხოლოდ სოციალური ჭრა ხორციელდება, რითაც ხდება მომხმარებლის და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების დაკმაყოფილება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეშის მარაგი გვაქვს, ნელ-ნელა აუცილებლად უნდა მოხდეს  სხვა ალტერნატივით ჩანაცვლება, ვინაიდან ტყეს მეტად სასიკეთო ფუნქცია აკისრია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.

სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა შეშის დამზადება, დასაწყობება და საბოლოო პუნქტამდე მიტანა სააგენტოებს დაევალოს. საპილოტე პროგრამები უკვე განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და რაჭა-ლეჩხუმში.


Share.

Leave A Reply