2015 წლის 17 ივნისიდან სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული მიწისზედა სიგნალის მეშვეობით გადაიცემა

0

_MG_9560საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ციფრული მაუწყებლობის  სააგენტომ“ 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

პრეზენტაციას  საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტები, ასევე ელჩები და ატაშეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. მისი თქმთ, მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

,,ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის დიდი სარგებელი, რომელიც იქმნება როგორც მედიისათვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე აქამდე. სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების ნაწილი დასრულებულია, შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს იმპლემენტაციის ნაწილი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის  შესაბამისად  არაერთი   მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ციფრული მაუწყებლობის  სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ქუბინიძის განცხადებით,  გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანია,  დასრულდა  ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვის პროცესი და   საინფორმაციო კამპანიის დაწყებისთვის   საჭირო ყველა ღონისძიება (მათ შორის ცხელი ხაზის მოწყობა,   ვიდეორგოლებისა და ბეჭდვითი მასალების დამზადება და ა.შ).  საინფორმაციო კამპანიის აქტიური ფაზა   2015 წლის იანვრიდან დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესში  ადგილობრივ ექსპერტებთან  ერთად ჩვენს გვერდით არიან ევროპის რეკონტრუქციიასა და განვითარების ბანკის კონსულტანტები.  ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა   უხარისხო პროდუქციის მიღების რისკები და განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვა “, – განაცხადა ნინო ქუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან საქართველო მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადადის, არსებულ ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. პროექტის განხორციელება  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების  წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს  საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა.

დღეს არსებულ ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით ციფრულ ფორმატში მაუწყებლობას  არაერთი  უპირატესობა აქვს.  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და  ინვესტიციების მოზიდვას,  მედიაპლურალიზმსა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო პროგრამა.

პროექტის განსახორციელებლად მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად  მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების სუბსიდირებაა. ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, მთავრობა ციფრული სიგნალის  მიმღებ ინდივიდუალურ  მოწყობილობებს შეისყიდის და „საქართველოს ფოსტის“ რაიონულ სერვისცენტრებში გადაანაწილებს. შშმ პირებისთვის კი სახელმწიფო კუთვნილი აპარატურის საცხოვრებელ ადგილზე მიტანას   უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, რეფორმის პროცესში გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების ინტერესები –  მომზადებულია მრავალენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები,  რომლებიც  თითოეულ ოჯახს გადაეცემა.

საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად  2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. ამ დღიდან  სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული მიწისზედა სიგნალის მეშვეობით გადაიცემა.


Share.

Leave A Reply