2015 წლის დასაწყისიდან სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამუშავდება

0

10714689_943746345653382_801589917_nსოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამუშავდება 2015 წლის დასაწყისიდან, ამის შესახებ დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა თანამოქალაქეებს და განაცხადა, რომ „ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სოციალურად დაუცველთა ფენას და ის შეფასებითი კრიტერიუმები, რომლებიც სწორად ვერ ასახავდა ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, შეიცვალა სრულიად ახალი შეფასებითი კრიტერიუმებით, რომლითაც მოხდება გადაფასება. ძველი ფორმულით განსაზღვრული ქვედა ზღვარი 57 ათასი ქულა შეიცვლება 100 ათასი ქულით და შესაბამისად, ასეთი ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ. ასევე ბენეფიციარ ოჯახებში აქამდე ბავშვებზე დანამატი არ იყო განსაზღვრული, ამიერიდან დანამატი თითოეულ ბავშვზე გაიცემა. სიახლეა ისიც, რომ ქულების განსაზღვრაში აღარ მონაწილეობს ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი, სარეცხი მანქანა, წყლის და გაზის გამათბობელი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა“. მისი თქმით, ასევე მოხდება გრადაცია და განისაზღვრება პირები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა სისტემის ამოქმედება 2015 წლის დასაწყისში იგეგმება. ახალი კრიტერიუმები პირველ რიგში ახალი ბენეფიციარების გაწევრიანების შემთხვევაში იმოქმედებს და ეტაპობრივად მოხდება ძველის გადამოწმებაც. მისივე განმარტებით, თუ აქამდე წელიწადში 23 მლნ ლარი იხარჯებოდა ახლა ამას ყოველთვიურად 2 მლნ-მდე დაემატება, ანუ წელიწადში რამდენიმე ათეული მილიონით მეტი მიიმართება ასეთი ოჯახების დასახმარებლად.


Share.

Comments are closed.