შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

0

45933_45933_334312_10822111_1502898739997927_835797007_o3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით
დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.

განვითარებულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ.

ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1-7 დეკემბერს მართავს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა არაერთი აქცია და ღონისძიება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, 2 დეკემბერს, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

პანსიონატის ბენეფიციარების სურვილითა და გადაწყვეტილებით გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

გამოფენას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამაზ მოდებაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1-7 დეკემბერს მართავს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სხვადასხვა აქციები და ღონისძიებები.
კვირეულის ფარგლებში 2 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მეკლდეურობის ფედერაციისა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „Firtst Step”-ის ბაზაზე შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გაიხსნა მეკლდეურობის კედელი, სადაც მსურველებს საშუალება მიეცემათ უფასოდ გაიარონ მეკლდეურობის კურსები.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის
მორგებული ტურისტული მარშრუტები და ახალი საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთის სამ რეგიონში – სიღნაღში, თელავსა და ყვარელში განახორციელა.

პირველი მასშტაბური და გრანდიოზული ღონისძიება სლოგანით „მთავარია რისი გაკეთება შეგიძლია და არა ის, რისი გაკეთება არ შეგიძლია”, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აგვისტოში, ასპინძის რაგბის ნაკრების ბაზაზე მოაწყო. ეს ბაზა უნიკალურია საქართველოში და იქ ასეთი ადამიანებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
სიღნაღში, თელავსა და ყვარელში განახორციელებული პროექტის „კახეთის რეგიონში ინკლუზიური ტურისტული მარშრუტების რუკები” მეშვეობით შეიქმნა რამდენიმე რეკომენდირებული ტურისტული მარშრუტი.
ინკლუზიური ტურიზმის მიზანია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, ისევე, როგორც საზოგადოების სხვა ჯგუფების სრულყოფილი ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში, ტურიზმსა და კულტურულ ცხოვრებაში. ინკლუზიური ტურიზმის განვითარების აუცილებელ პირობას უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი “ადაპტირებული გარემო” წარმოადგენს. სწორედ, ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციამ პირველ ეტაპზე კახეთის სამ მუნიციპალიტეტში შექმნა სამი ინკლუზიური ტურისტული მარშრუტი და ციფრული რუკა: სიღნაღში,თელავში, ყვარელში
ასევე პროექტის მიზანია ამ ადამიანებისთვის მეტი კომფორტი შექმნა, მათი მეტად ადაპტირება გარემოსთან. პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენა-გაყიდვები, სადაც სწორედ მათი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
კახეთის ტურისტული მარშრუტების პროექტის განხორციელებაში ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. მათ თავიანთ თავზე გამოსცადეს ეს პროდუქტები, მოიაზრება, როგორც პანდუსი, ასევე ლიფტი, სველი წერტილები და სხვა.
ინკლუზიური ტურიზმი დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
მარშრუტები ატვირთულია ტურიზმის გეოსაინფორმაციო სისტემის მიერ შემუშავებულ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ყველა ანდროიდსა და აიფონში. ასევე მზადდება სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდიც. ტურიზმის ეროვნული ადამინისტრაცია პროექტის განხორციელებას მომავალ წელს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ასევე, მიმდინარე წლის 1-7 აგვისტოს ქობულეთში გაიმართა კულტურული ღონისძიება „ცხელი ზაფხული”. ღონისძიების მიზანი იყო ტურიზმის შესაძლებლობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებითვის.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2014 წელს შშმ პირთა ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა პროექტი „საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა”, რომელში მონაწილეობა მიიღო და დასაქმდა 50 უსინათლო. პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 100 000 ლარით აღნიშნულმა ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში გამართა კონცერტები, მოაწყო ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები მწერლებთან (დ. ტურაშვილი, ე. ტოგონიძე, თ. დოლენჯაშვილი, დ. აკრიანი), დრამატულმა წრემ მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლები „მანველიძეების ოჯახი”, „ზუსტად 8 საათზე” და მონოლოგების საღამო, ანსამბლის რეპერტუარი შეავსო ახალი სიმღერებით, ბრაილის შრიფტით გამოსცა ჟურნალის „სინათლე” 8 ნომერი (მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა კიდევ 2 ნომერი), სტუდია „ცოდნამ” გაახმოვანა 490 საათის მხატვრული ლიტერატურა, წლის ბოლომდე გახმოვანდება კიდევ 110 საათის ლიტერატურა, ინგლისური ენის შემსწავლელ წრეში, 2 ასაკობრივ ჯგუფს ჩაუტარდა 64 მეცადინეობა, წლის ბოლომდე ჩატარდება კიდევ 16 მეცადინეობა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ყრუთა კავშირმა განახორციელა პროექტი „ჟესტური სამყარო”. პროექტი დაფინანსდა 34 930 ლარით. პროექტის ფარგლებში აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეასწავლა სმენადაქვეითებულებს სიმღერები და ცეკვები და გამართა კონცერტები თბილისსა და თელავში, მონაწილეობა მიიღო ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობდა 800 სტუმარი 43 ქვეყნიდან, ხოლო ქ. პრაღაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსში „მის მსოფლიო” და „მის ევროპა” მონაწილეობა მიიღო სმენადაქვეითებულმა გოგონამ – ინგა კირცხალიამ. პროექტში ჩართული იყო სულ 30 სმენადაქვეითებული, მათგან დასაქმდა 5, ხოლო 15-ს ჩაერიცხა ჰონორარი. ამგვარად ორივე პროექტში დასაქმდა 70 შშმ პირი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 900-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გადასცა. ყველა შენობა ადაპტირებულია შშმპ პირების საჭიროებების შესაბამისად.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრის პრინციპით ხდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ იღებენ, მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცემათ.

გარდა ამისა, სამინისტრო კომპანია „ჰიპ”-თან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლობების მქონე პირებს ეტლებს გადასცემს.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კახაბერ კახაძე. ის ერთერთი გამორჩეული თანამშრომელია. სააგენტოში შექმნილი სრულყოფილი სამუშაო გარემო, ხელს უწყობს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას თანაბარ პირობებში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მომავალშიც დაასაქმებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ”, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან მოქცევის და დახმარების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.სწავლებაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის შეიქმნა შსს ვებ-გვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსია voice.police.ge
– შსს პირველი უწყებაა, რომელმაც შშმ პირებისთვის ხმოვანი ვებ-გვერდი შექმნა.
– ხმოვანი ვებ-პორტალის შექმნაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი „უსინათლოთა კავშირის” წევრებთან ერთად მუშაობდა.
– ვებ-პორტალ police.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადადის voice.police.ge-ზეც.
– ხმოვან ვებ-გვერდზე გადაადგილება რამდენიმე ღილაკის გამოყენებით არის შესაძლებელი.
– ხმოვანი ვებ-პორტალი ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი.
– პროექტი ვალდებულების სახით შესულია „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს” 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ხელშეწყობისთვის.
განათლება გახდა ხელმისაწვდომი:

· შეიქმნა ინტეგრირებული კლასები;

· დაიბეჭდა ჟესტური სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით;

· მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა;

· 2014 წელს 15%-ით გაიზარდა ინკლუზიური განათლების დაფინანსება, 2015 წელს დაფინანსება კიდევ 17%-ით გაიზრდება;

· ამოქმედდა სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა, სადაც განათლებას 20 სტუდენტი იღებს;

· სრულდება მუშაობა 5 პროფესიული სასწავლებლის რეკონსტრუქციის პროექტზე;

· 16 პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა 207 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი 30 საგანმანათლებლო პროგრამაზე;

· დაინიშნენ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები პროფესიულ სასწავლებლებში სსსმ სტუდენტებისათვის, ჟესტური ენის თარჯიმნები, მობილობისა და ორიენტაციისა სპეციალისტები.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაძლებებლი გახდა შშმ პირებისათვის დამატებითი სერვისების მიწოდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შშმ ბავშვების რებილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის სრულად დაფინანსების შესახებ. რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, ნაცვლად თანადაფინანსებისა, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, იმაზე 350- ით მეტი ბავშვი მიიღებს, ვიდრე ეს თავდაპირველ პროგრამაში იყო გაწერილი. სრულად დაფინანსდება ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და განვითარების შეფერხების მქონე კიდევ 80 ბავშვს ექნება პროგრამაში ჩართვის საშუალება. ჯამში სხვადასხვა სერვისით 430 ბავშვი ისარგებლებს. რაც შეეხება დღის ცენტრებს, 532 ბავშვის ნაცვლად, ვაუჩერს 580 ბავშვი მიიღებს. პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა -გაიოზ თალაკვაძემ დღეს ნეიროგანვითარების ცენტრში, შშმ ბავშვების მშობლებს და სერვისის მიმწოდებელ პროვაიდერ ორგანიზაციებს გააცნო.


Share.

Comments are closed.