ქვემო ქართლის გუბერნატორის შეხვედრა რეგიონის მოსახლეობასთან და მედიასთან

0

288_46325_918496_IMG_0636ქვემო ქართლში ახალმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა პირველი მასშტაბური შეხვედრა გამართა რეგიონის მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და მათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც საზოგადოებას მთავრობის 2 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. ღონისძიება პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის” ფარგლებში რუსთავში გაიმართა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სხვა რეგიონების გუბერნიების მსგავსად, მუშაობას შეუდგა სამხარეო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტებთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს და რომლის მიზანია რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმა მოკლევადიანია, განსაზღვრულია სამი წლით და მასში წარმოდგენილია 2015 წლიდან 2017 წლამდე ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტები. აღნიშნული პროცესი სრულიად ახალი მოვლენაა საქართველოს რეგიონული განვითარების ისტორიაში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, სამეურნეო კოოპერატივების შექმნას, საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისებას, ა.შ.

პაატა ხიზანაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში რეგიონული პროექტების ფონდით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება 39 325 910 ლარის ღირებულების პროექტები. სულ 2014 წელს ქვემო ქართლში განხორციელდა: 73 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, 152 სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი, 44 სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, 67 გზის მოხრეშვა-რეაბილიტაცია-მოასფალტება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, 2013-2014 წლებში ქვემო ქართლში განხორციელდა 54 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, ამჟამად მიმდინარეობს 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების შესრულება, ხოლო 2015 წელს იგეგმება 119, 3 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი და 19,5 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა განაცხადა, ქვემო ქართლში იაფი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილია 40 კოოპერატივი და 17 ახალი საწარმო. გარდა ამისა, 2014 წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით” ქვემო ქართლის რეგიონში 87 000-ზე მეტი ბენეფიციარი იქნა ჩართული და რომლის მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია; დარიგდა 47021 სახნავი ბარათი, ხოლო მოხნულია 40692.75 ჰა. მიწა.
განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, 2013 წელს რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 74 სკოლას, ხოლო 2014 წელს 46 სკოლას. გარდა ამისა, რეაბილიტაციისთვის თანხა ჩაერიცხა კიდევ 22 სკოლას და ერთპროფესიულ სასწავლებელს. უფასო ტრანსპორტით სარგებლობს ქვემო ქართლის 72 სკოლის 2 309 მოსწავლე, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები დაურიგდა საჯარო სკოლის 66 937, კერძო სკოლის კი 146 მოსწავლეს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით (1+4) ყოველწლიურად ფინანსდება 200 სტუდენტი, ხოლო სოციალური პროგრამით 1440 სტუდენტი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია 21 მიმართულება – 8000 სტუდენტი, საბაკალავრო და სამაგისტრო გრანტებით კი 8000 სტუდენტი; სახელმწიფო სტიპენდიას რეგიონიდან 2800 სტუდენტი იღებს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით, 2013-2014 წლებში განხორციელდა 13,843-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ბუნებრივი აირი წლების განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. 2013-2014 წლებში 15,401-ზე მეტ აბონენტს ქვემო ქართლის რეგიონში თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს. 2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სოფელი სოგუთლოს 18 აბონენტის ელექტრიფიცირება. შედეგად დაიხარჯა 114, 983.13 ლარი.

რაც შეეხება ჯანდაცვას, გუბერნატორის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა თანამედროვე ტიპის ამბულატორია – ჯამში შვიდი ახალი ამბულატორია. 2014 წელს, ქვემო ქართლის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 17 ავტომობილით განახლდა და ახალი სამედიცინო წესით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 10 ავტომობილი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს კიდევ გადაეცემა. ჯამში ქვემო ქართლის რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 27 ახალი ავტომობილით განახლდება. სამედიცინო პერსონალს 2015წ. 30%-ით გაეზარდათ ხელფასი.
პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის” ფარგლებში მთავრობის 2 წლის საქმიანობისა და გუბერნატორის 1 წლის მუშაობის ანგარიშების შემდეგი პრეზენტაცია 29 დეკემბერს მცხეთა-მთიანების რეგიონში გაიმართება.


Share.

Leave A Reply