საქართველოს მთავრობამ სასჯელარსრულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი მოიწონა

0

fotoსაქართველოს მთავრობაში პენიტენციური სისტემის  ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი განიხილეს. მინისტრებმა დაგეგმილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს.

კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი მართვის მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.

იზრდება სისტემის თანამშრომელთა სამართლებრივი,  სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები, ამავდროულად რეფორმის შედეგად არ მოხდება კადრების შემცირება. რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მიმზიდველი კარიერული სისტემის შექმნა, პენიტენციური სამსახურის პრესტიჟულობის გაზრდა, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებისა და განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

 

უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლამდე, სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულოდ გადამზადდება პენიტენციური სისტემის ყველა მოსამსახურე და მიიღებს სერტიფიკატს. ხოლო  კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას  მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტარდატებზე გადასვლას. ჩამოყალიბდება ერთიანი ეფექტიანი შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც სისტემაში არსებითად შეამცირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლებლობას და გაზრდის პრევენციის ხარისხს. იგეგმება  სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის  ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

„ვიმედოვნებ, ჩვენ მიერ დაწყებული რეფორმა იქნება წარმატებული და  ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ნდობას სისტემისადმი.  ჩვენი სურვილია, რომ რეფორმამ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია. რეფორმის მთავარი მიზანია ერთიანი ძლიერი უწყება, კვალიფიციური პერსონალი, რეაბილიტირებული მსჯავრდებული და შედეგად, უსაფრთხო გარემო.“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება, ცვლილებებს 40-მდე კანონში  ითვალისწინებს. რეფორმაზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნა როგორც თანამედროვე საერთაშორისო  პრაქტიკა, ისე სახალხო დამცველისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.


Share.

Comments are closed.