სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალი მეცამეტე ხელფასს მიიღებს

0

1465793_897376436948690_2662638330180953285_oსასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალი მეცამეტე ხელფასს მიიღებს, მომავალი წლიდან კი მათი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დღეს, თელავში აღმოსავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ავტოპარკისთვს მანქანების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.

სსდ ცენტრის განახლების მეორე ეტაპი დღეს დაიწყო. ავტომობილების გადაცემის ცერემონია თელავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის მენეჯერები დაესწრნენ.

ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი 10 მაღალი და 7 საშუალო გამავლობის ავტომობილი საწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდება.

აღმოსავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, წნორი/სიღნაღისა და თელავის განყოფილებებს ერთი, დედოფლისწყაროს რაიონულ ცენტრს კი 3 მაღალი გამავლობის, “Volkswagen”-ის მარკის ავტომობილი გადაეცემა. ასევე, წნორი/სიღნაღის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონულ ცენტრებში ერთი, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონულ ცენტრებში კი 2 საშუალო გამავლობის, “Ford”-ის მარკის ავტომობილი განაწილდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 29 ოქტომბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე, თელავის სასწრაფო დახმარების განყოფილებას 2 ახალი, საშუალო გამავლობის ავტომობილი გადაეცა. სასწრაფო დახმარების ავტოპარკი ამ დრომდე 69 სპეც-ავტომობილით განახლდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, წლის ბოლომდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 მანქანით შეივსება.

Share.

Comments are closed.