სად დაიბადა და მოღვაწეობდა გუბერნატორობამდე ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული

0

35466_198782830255438_403171258_n„ჩემი ცხოვრების მთავარი იდეა უსამართლობასთან შეურიგებელი ბრძოლა იყო და არის, ქართველ ხალხს მრავალი ქარტეხილი გადაგვიტანია, ახლა კი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ომის მოგება გვმართებს.” – პაატა ხიზანაშვილი. („საერთო გაზეთი”-ს 2012 წ.)

ომი, რომელსაც ხიზანაშვილი გულისხმობდა მისმა კოალიციამ მოიგო, თუმცა როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი დამარცხდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა.

„დმანისის რაიონში ამა თუ იმ სოფლის მოსაძებნად რუკის მოშველიება არ მჭირდება. ამ არემარეში ჩემი წინაპრები მრავალი საუკუნის წინ დასახლდნენ. ამჟამად, რაიონში ბევრი ჩემი ახლობელი თუ ნათესავი ცხოვრობს და ჩემი გვარის ფუძე აქაურ ტოპონიმიკაშიც არის ასახული _ დმანისის რაიონში არსებობს ხიზანაანთ ეკლესია, ხიზანას წყარო, მთა… ჩემს შრომის წიგნაკში პირველი ჩანაწერი სოფელ დიდ გომარეთში, ჯერ კიდევ საშუალო სკოლის პერიოდში სწავლისას გაჩნდა. ამიტომაც აქაურების გასაჭირი ბავშვობიდანვე ვიცი და თუ რამე ულხინთ, ესეც ცნობილია ჩემთვის. პიროვნული ღირსების საკითხად მიმაჩნია, თუკი რამ შემიძლია, მშობლიურ რაიონს წავადგე.“ – აღნიშნავს ხიზანიშვილი ინტერვიუში. („საერთო გაზეთი”-ს 2012წ.)

პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი დღეს რეგიონში ახალი თანამდებობით ბრუნდება და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებს.

პაატა ხიზანაშვილი 1956 წელს დმანისის რაიონში პედაგოგების ოჯახში დაიბადა, ბავშვობა დმანისის ერთ-ერთ სოფელში გომარეთში გაატარა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.

2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა „ქართუ ჯგუფში” სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს” საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

ქონებრივი დეკლარაცია ხიზანაშვილს 2004 წელს, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამორიგეო განყოფილების უფროსის თანამდებოობაზე მუშაობის დროს აქვს შევსებული.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

221293_199130643553990_1477890652_o


Share.

Comments are closed.