„როცა დიდი სიხარული ვერ ეტევა კაცის გულში, როგორ უნდა დარჩე მკაცრი, როგორ უნდა დარჩე ქუში“. – ბოლნისში მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

0

10872553_703439569770788_818602729_n15 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით კულტურის სახლში გაიმართა მიტროპოლიტ თადეოზისადმი მიძღვნილი საღამო „ლექსად ქცეული ქადაგება“. საღამოს უშუალო ორგანიზატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და საქართველოს საპატრიარქოს ქალაქ ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო  სკოლა.  დარბაზი სავსე იყო მეუფე თადეოზის საპატივცემულოდ მოსული სტუმრებით.

მეუფე თადეოზი, ერისკაცობაში მირიან იორამაშვილი დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ ქვეშში. 1966 წელს დაამთავრა ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე,  წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სასწავლებლის დასრულების მერე მეუფის სასულიერო მოღვაწეობა ასე გამოიყურება:

1977წ –მღვდელი;

1979წ – წილკნის ეპისკოპოსი;

1982წ –აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი;

1984წ –მანგლელი მთავარეპისკოპოსი;

1993-1995წწ –ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი;

1995-2003წწ–ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი;

2003წ–ბოლნისის მთავარეპისკოპოსი;

2005წ– თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი;

2010წ  –მიტროპოლიტი;

2013 წლიდან პენსიაზეა და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი.

საღამო სლაიდ-შოუმ გახსნა, რომელიც მეუფე თადეოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობდა, ნომერი ანსამბლ „ბოლნელის“ პატარა მედოლეებმა გააგრძელეს. წამყვანობა მამა პეტრე კვარაცხელიამ იტვირთა, მეუფის ღვაწლზე ისაუბრა და მისივე ულამაზესი ლექსი წაიკითხა. შემდეგ სცენაზე იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლის ბავშვები წარსდგნენ და მეუფის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს მისივე ლექსები.  სცენა კვლავ „ბოლნელის“ მოცეკვავეებმა დაიკავეს და კიდევ ერთხელ გვამცნეს „ქართული გენი როკვით განფენილი“-ს შესახებ, იმღერეს ანსამბლ „ორბელის“ ბიჭებმა, დასასრულს კი მამა პეტრემ მიტროპოლიტი თადეოზი ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად სცენაზე მიიწვია. მეუფემ მიტროპოლიტ თადეოზს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღეა გადასცა საჩუქრად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა კი „ვეფხისტყაოსანი“. ამ ლამაზ დღეს მოხდა ასევე სხვადასხვა სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ოქროს და ვერცხლის  მედლების გადაცემა. დარბაზი რამდენჯერმე წამოუდგა ფეხზე ორ დიდ მეუფეს და ტაშით მიაგეს პატივი  სულიერების დარაჯებს.

მეუფე თადეოზი:

– დღევანდელი დღე ჩემთვის გამოუთქმელი სასწაულია. ამ საღამოს მადლის მეათასედიც არ მეკუთვნის. შინაგანად ძალიან განვიცდი ყველაფერს, ზღაპრული, ლამაზი, მადლიანი, გულიანი, ქართული, უსაზღვრო სიყვარულით სავსე საღამო იყო. მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ბედნიერი დღეები მოდის და  ყველა წმინდანის მადლი შეგეწიოთ და დაგლოცოთ. მინდა ჩემი ლექსის პატარა ფრაზით დავასრულო სიტყვა:

„როცა დიდი სიხარული ვერ ეტევა კაცის გულში,

როგორ უნდა დარჩე მკაცრი, როგორ უნდა დარჩე ქუში“.

მამა პეტრე, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის დირექტორი:

–       მეუფე თადეოზი 15 წელი იყო ბოლნისის ეპარქიის მღვდელმთავარი და ნამდვილად დაიმსახურა, რომ ბოლნისის კულტურის სახლში შემდგარიყო მისი საღამო. ის არა მარტო კარგი მღვდელმთავარი, არამედ უნიჭიერესი პოეტია. უამრავი მისი ლექსია ამღერებული და თაობები სწავლობენ მის შემოქმედებას. ეს ქადაგების გაგრძელებაა და არანაკლებ საინტერესოა მომავალი თაობებისთვის. დღეს იყო მეუფე თადეოზის შემოქმედების შეჯამება, რამაც უფრო კარგად დაგვანახა მისი პიროვნება, ახლოს გაგვაცნო მისი სამყარო.

ნინო დევნოზაშვილი, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის დირექტორის მოადგილე: 

–მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, დღეს იყო მეუფე თადეოზის პოეზიის ზეიმი „ლექსად ქცეული ქადაგება“, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა. გვყავდა სტუმრები: ტარიელ ხარხელაური, ოთო ფალიანი, მაყვალა გონაშვილი, ეთერ თათარაიძე და პროფესორი ამირან არაბული. სტუმრებმა ისაუბრეს მეუფის ღვაწლზე, მოსწავლეებმა მეუფის ტექსტზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს,  ანსამბლმა „ბოლნელმა“ კი ულამაზესი ცეკვები წარმოადგინა. მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ჩემი სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს.

მეუფე ეფრემი, ბოლნელი  მთავარეპისკოპოსი:

– ბედნიერი დღეა ჩვენს ეპარქიაში. გვსტუმრობდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი თადეოზი. მისთვის ეს ეპარქია უცხო არაა, რადგან ორი ათეული წელი გახლდათ ამ ეპარქიის ფუძემდებელი. მან ჩვენი მრევლის დიდი სიყვარული დაიმსახურა, დღევანდელი დღე იყო სწორედ ამის დასტური. ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს,  ვულოცავ დღევანდელ დღეს.

კობა ჟღენტი, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

–ღონისძიება, რომელიც მეუფე თადეოზის შემოქმედებითი საღამოთი დასათაურდა, თავშივე იტევს თავის განსაზღვრებას, რომ ავტორიც, ორგანიზატორიც თავად მეუფე თადეოზია, რადგან მან თავისი მოღვაწეობით შექმნა ეპოქა, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ისე სასულიერო ცხოვრებით. მეუფე იმ პერიოდში მოღვაწეობდა ბოლნისში, როცა ადამიანები ტაძრებში მხოლოდ ექსკურსიების მიზნით დადიოდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც იხსენებენ მის ღვაწლს და ამბობენ, რომ ის  სახლიდან სახლში ფეხით დადიოდა, რათა თითოეულის სულში გაეღვიძებინა რწმენა. ამიტომ დღეს ბოლნისელები ეფერებიან მეუფეს და მადლობას უხდიან გაწეული ღვაწლისთვის. სწორედ ეს დიდი შემოქმედებაა, რომელიც  მამა პეტრეს თვალს არ გამოეპარა და კიდევ ერთი ლამაზი საღამოს ავტორი გახდა  იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლასთან და სახალხო ანსამბლ „ბოლნელ“-თან ერთად. დიდი დამსახურება აქვს ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, თითოეულ აქ მობრძანებულ ადამიანს და კიდევ და კიდევ დღევანდელი დღის უდიდეს პიროვნებას, მეუფე თადეოზს.

დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

–დღევანდელი ღონისძიება  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად მოაწყო. მეუფე თადეოზმა უდიდესი წვლილი შეიტანა ყველა ბოლნისელის ცხოვრებაში. ეს არის ადამიანი, რომლის თანადგომასაც ყველა გრძნობდა. ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება, რომ დავაფასოთ დამსახურებული ადამიანები და მათი ღვაწლი არ დავივიწყოთ.

ოთარ ფალიანი, პოეტი:

– დიდი მიზეზი მაქვს აქ ყოფნის.  ბედნიერი ვარ, რადგან დღეს არის ჭეშმარიტი პოეზიის ზეიმი, მადლობა ყველას.

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

–დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე მომიწია მეუფე თადეოზის წუთისოფლით მგზავრობამ და ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა გწამდეს უფალი, როგორ უნდა იხარჯებოდე შენი ქვეყნისთვის. მადლობა მეუფეს დღევანდელი დღისთვის.

961465_703440303104048_1160062103_n

10859625_703440186437393_683422040_n 10818965_703438486437563_1174212890_n 10859488_703439789770766_1006897952_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10846593_703439909770754_1805309202_n

10846651_703438926437519_2055271738_n10867212_703440323104046_1933618881_n10850371_703439283104150_279348747_n

 


Share.

Comments are closed.