როგორ აფასებენ გასულ წელს და რას ელიან 2015 წლისგან ბოლნისის მუნიციალიტეტის საჯარო მოხელეები

0

993827_649998348397635_760267104_nდარეჯან ჩხეტიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი:

– 2014 წელი პოლიტიკური კუთხით ძალიან წარმატებული იყო, გავხდი პარლამენტის წევრი, რაც ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მართალია ამ კუთხით არ მქონდა სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ კომიტეტებში ჯანდაცვის კუთხით.

მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საკმაოდ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მთელს ქვეყანაში, მათ შორის გამოვყოფდი საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის დაზღვეული. ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ გააჩნია მსგავსი ფუფუნება. რა თქმა უნდა  ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, რის მოგვარებასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის.

ბოლნისს და თითოეულ ბოლნისელს ვულოცავ შობა-ახალ წელს და ვუსურვებ ბედნიერ მომავალს. ეს წელი ყოფილიყოს ურთიერთ მიტევების, სიყვარულის, გაერთიანების წელი. ჩვენ ვართ  პატარა ერი და ძალიან გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. ბოლნისი არის ჩემთვის ერთი დიდი ოჯახი  და როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს მივულოცავ, ისეთივე გულით ვულოცავ ბოლნისელებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ქალბატონებს, კარგ განწყობას და გამძლეობას ვუსურვებ მათ.  გამრავლდით და გაიხარეთ. ძალიან მიყვარხართ ყველა.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:10881350_712819988832746_1180837835_n

– ახალი წელი მინდა მივულოცო ყველა ბოლნისელს, სიხარულის, ბარაქისა და დოვლათის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის.  2014 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რაც კარგია, ეს ყველაფერი გაგრძელდება. ასევე ნაყიდი გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგაც ბოლნისი უფრო გალამაზდება და თითოეული ბოლნისელი იგრძნობს შედეგს. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ 2015 წელს, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.

 10888226_712819022166176_1021555039_nვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

– 2014 წელი მეტნაკლებად მშვიდობიანად მიიწურა. ადამიანები გათავისუფლდნენ ყოველგვარი ზეწოლისა და შანტაჟისაგან. აქედან გამომდინარე, თითოეული მოქალაქე უფრო მშვიდად, უფრო კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს. მომავალ წელს იმედი მაქვს, რომ დასტაბილურდება ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება, ამას სჭირდება დრო, ამიტომ 2015 წელს გაცილებით მეტი სასიკეთო ძვრები იქნება, რომელიც გაგრძელდება შემდგომ წლებში, რაც დადებითად აისახება თითოეულ ოჯახზე.

მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს. 2015 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს წარმატებების მომტანი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ყველა დასახული მიზნისთვის მიეღწიოს ჩვენს მთავრობას როგორც ბოლნისში, ისე მთელს საქართველოში. ვისურვებდი მშვიდობას, სამართლიანობას და რაც მთავარია, ქვეყნის ერთიანობას.

10893661_712820082166070_1860376875_nლონგინოზ გასანოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

– 2014 წელს შევაფასებ იმ კუთხით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოვიდა ძალიან მაგარი გუნდი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ხალხისთვის. სწორედ ეს გუნდი 2015 წელს განახორციელებს უამრავ ახალ პროექტს და ბევრ სიახლეს შემატებს ქალაქს.

ახალ წელს ვულოცავ საქართველოს ყველა მოსახლეს არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რაც მთავარია ყველას ერთად მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს ჯანმრთელებს და ბედნიერებს.

 თამაზ ჟორჟოლიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10888176_712820808832664_543033639_nთავმჯდომარე:

– ვთვლი, რომ გასულ წელს  ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც წარმატებით ჩავატარეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო, გამჭვირვალე არჩევნები. რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, მინდა გითხრათ, იმდენად მცირე ბიუჯეტი გვქონდა, რომ განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთეთ, რომელიც აისახებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. თუმცა გავზარდეთ სოციალური პროგრამები და ერთჯერადი დახმარების ლიმიტი. მჯერა, რომ 2015 წელი გაცილებით უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და სასიკეთო იქნება. იმედი მაქვს ფინანსური მხარე მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ ყველა ის დაგეგმილი პროექტი, რომელიც სასიკეთოდ აისახება ბოლნისზე. ბოლნისში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს დიდი სიყვარულით მინდა  მივულოცო შობა-ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება, ხვავი და ბარაქა. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს.

10887944_712820418832703_379323464_nნუკრი ანდრიაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

–2014 წელს უდიდესი ძვრები მოხდა პოლიტიკური კუთხით. დემოკრატიული არჩევნების,  შედეგად მოვიდა გუნდი, რომელიც მზად არის ყველა გამოწვევისთვის. ვშრომობთ, ვაკეთებთ საქმეს, რადგან თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით ვდგავართ. 2015 წელს უამრავი პროექტი განხორციელდება, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს.

ახალ წელს ვულოცავ ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, ჩემს ოჯახს. მინდა, რომ  ახალმა წელმა სიკეთე, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა მოუტანოს ყველას.

ჯონი ხეცურიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:10899693_712824212165657_361919058_n

– 2014 წელი მეტნაკლებად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მჯერა, რომ ბევრად უფრო კარგი და ნაყოფიერი იქნება მომავალი წელი. ბოლნისელებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს,  ყველას ოჯახში ყოფილიყოს ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, გამრავლება, სიხარული. ქვეყანაში კი ვისურვებდი პირველ რიგში ეკონომიკურ წინსვლას, რაც ყველა ოჯახის წინსვლა და კეთილდღეობაა.

 

10872473_712821638832581_895055619_n შალვა მჭედლიშვილი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი:

– 2014 წელი დატვირთული იყო აქტივობებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, კერძოდ, საყოველთაო დაზღვევა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარება. ასევე , ყველა თვითმმართველ ერთეულში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური, რომლის მიზანია მეტად ეფექტური და გამჭირვალე გახადოს ადგილობრივი თვითმმართველი მუნიციპალიტეტის გამგეობების მუშაობა, აღნიშნულმა პროექტებმა ხელი შეუწყო საქართველოს იმ მიმართულებით განვითარებაში, რასაც ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჰქვია.
იმედი მაქვს  2015 წელი, უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, და იქნება მიღწეული ის პრიორიტეტული მიზნები, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მოქალაქეებს და სრულიად საქართველოს.
გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს. მინდა სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება, ჯანმრთელობა,  იმ იმედებისა და მიზნების მიღწევა, რაც დასახული აქვს საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს.

იროდი უგრეხელიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი:10899713_712819575499454_27384968_n

– გასულ წელს ძალიან ბევრი განცხადება შემოვიდა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ჩვენც შეძლებისდაგვარად შევეცადეთ გულდაწყვეტილი არავინ დაგვეტოვებინა. არსებული ყველა პროგრამა უცვლელად გაგრძელდება მომავალ წელსაც და ვეცდებით ამ ოჯახებს საცხოვრებელი პირობები გავუუმჯობესოთ. მთელ ბოლნისს და სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახს ვულოცავ 2015 წელს.  ვისურვებდი, რომ მომავალი წლიდან გაუმჯობესებულიყოს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და სოციალურად დაუცველების რაოდენობა შემცირებულიყოს.

10884761_712819702166108_446210593_nკობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი:

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობა, ურთიერთ სათნოება და სიყვარული, რაც ბოლო დროს დეფიციტი გახდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება ყველაფერი და ურთიერთ სიყვარული დაისადგურებს ქართველი ხალხის გულში. ყოველი ახალი წელი ახალი იმედების საწყისია. მოდით დავიწყოთ ახალი წელი სიხარულით. სიყვარულით და მჯერა, რომ შედეგიც კარგი გვექნება. თუმცაღა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბოლნისისათვის მრავალწლიანი სანატრელი მდგომარეობა დადგა, გვყავს ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მუშაობა გახდა საქმეზე ორიენტირებული, რაც ძალიან მახარებს. ყველა ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რასაც მალე იგრძნობს საზოგადოება.

ლელა გოგმაჩაძე, ააიპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების” დირექტორი:1901865_304499899697434_2084699403_n

– გასულ 2014 წელს, მიუხედავად საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემებისა, მაინც პოზიტიურად შევაფასებდი კაპიტალურად გარემონტდა 2 საბავშვო ბაღი დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში. მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ, ამ ბაღებში ახალი ჯგუფების გახსნის საშუალება მოგვცა. შესაბამისად დაემატა  15 საშტატო ერთეული.

ახალი ჯგუფებისთვის შევიძინეთ საჭირო ავეჯი, შევიტანეთ ინვენტარი, ჭურჭელი. სხვა ბაღებშიც დამატებით შევიტანეთ სამზარეულოს ნივთები, შევიძინეთ ავზები წყლის მარაგისთვის. ყველა საბავშვო ბაღის  ჯგუფისთვის შევიძინეთ წიგნები, ბავშვთა განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური მასალა და სათამაშოები. საახალწლოდ თითოეულ აღსაზრდელს ტკბილეულის ნაკრები გადაეცა საჩუქრად.

უკვე დავიწყეთ მზადება 2015 წლისთვის. ბავშვთა კვებისათვის საჭირო ყველა პროდუქტზე ჩატარდა ტენდერი და მზადყოფნაში ვართ ახალი წლიდან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაახლებლად.

2015 წელს დიდი იმედებით ვხვდებით. პირველ რიგში ველით, რომ ყველა საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობები კაპიტალურად გარემონტდება, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა და ყველა ბავშვს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ კომფორტულ გარემოში გაატაროს დღე. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად ავითვისოთ შენობებში არსებული გამოუყენებელი ფართი და უფრო მეტად დავაკმაყოფილოთ საბავშვო ბაღში მიღების მსურველთა მოთხოვნები. იმედი მაქვს, 2015 წელი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენს ბაღებში არსებობს, აღმოიფხვრას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა  საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხი. თანამშრომლები მუნიციპალიტეტის გამგებელსაც შეხვდნენ ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე შესაძლებლობის  შემთხვევაში ეს პრობლემა დადებითად გადაწყდება.

დამდეგ 2015 წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს პატარა ბოლნისს და ბოლნისელებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 300-მდე თანამშრომელს, 1200 აღსაზრდელს და მათი ოჯახის წევრებს, წარმატებების, ბედნიერების, სულიერი სიმშვიდის, გარანტირებული მომავლის წელი ყოფილიყოს. ყველა ოჯახში მრავლად იყვნენ ბავშვები, ბავშვებს კი ლაღი, ღიმილითა და სიხარულით აღსავსე ბავშვობა ჰქონდეთ.

ფეხბედიერი ყოფილიყოს 2015 წელი!

მერაბ ხაჭიპერაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:10888029_712820195499392_1945413980_n

– ქართველები ოპტიმისტები ვართ და ყოველთვის გვაქვს უკეთესი მომავლის იმედი. პოლიტიკური კუთხით თუ განვიხილავთ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული იყო გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ  2015 წელი ბევრად უკეთესი იქნება, რასაც ყველა ადამიანი იგრძნობს საკუთარ თავზე. პირადად მე ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დავინიშნე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად და ვცდილობ ვიმუშაოთ კანონის ფარგლებში, ვიყოთ სამართლიანები და მოსახლეობაში კონფლიქტში არ შევიდეთ. მოგეხსენებათ ვაკონტროლებთ უკანონო, უნებართვო მშენებლობებს, რაც ზოგჯერ უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში, თუმცა ვცდილობთ გასაგებად ავუხსნათ ყველას ესა თუ ის კანონი, რასაც უმრავლესობა გაგებით ეკიდება.

გულწრფელად ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს და მინდა ვუსურვო წინსვლა, წარმატებები, გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ ვართ იმ ქვეყნის შვილები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთელ დედამიწაზე. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, სადაც  ცხოვრობს მორწმუნე ხალხი, ამიტომ შეუძლებელია საქართველომ თავისი სათქმელი არ თქვას მსოფლიო ასპარეზზე. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდეს, გაჭირვებული ადამიანი, მაქსიმალურად შევეცადოთ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ცხოვრება და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება.

მიხეილ ხვისტანი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი:

– დამდეგი 2015 წელი მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ბატონი გოგი მეშველიანის ხელმძღვანელობით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს. წინსვლას,  წარმატებას,  ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას.

გასული 2014 წელი იყო დამაკმაყოფილებელი ჩვენი სამსახურისთვის. 2015 წლის 1 იანვრიდან ველოდებით სიახლეს შსს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

10877789_712820562166022_1986697072_nოთარ ხუტიაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:

– რადგან ფინანსისტი ვარ, მე ფინანსური თვალსაზრისით შევაფასებ 2014 წელს. ადგილობრივი ბიუჯეტი 95% შესრულდა. მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი პრობლემები იყო შემოსულობების კუთხით არემჯი გოლდიდან, მაგრამ ყველა პრობლემა დაიძლია და 2014 წელი კარგად დავასრულეთ. თუმცა რამდენიმე პროექტი გადაიწია  მომავალი წლისთვის.

რას ველი 2015 წლიდან?  ვფიქრობ სტაბილური წელი იქნება და გაკეთდება ბევრი კარგი საქმე.

ყველას მივულოცავ  დამდეგ ახალ წელს. შემოვიდეს მეტი შემოსავალი, რათა ბოლნისელებს მოვახმაროთ თანხა და ყველა კმაყოფილი იყოს.

შმაგი სვანიძე, შპს კომუნალური სამსახურის დირექტორი:10899703_712823465499065_1874610409_n

– გასული წელი სტაბილური იყო თითოეული ჩემი თანამშრომლისთვის, როგორც ყოველთვის, ყველა მათგანი ფასდაუდებელ შრომას დებს და თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. მინდა ყველა ჩემს თანამშრომელს მადლობა ვუთხრა ამისათვის და მივულოცო დამდეგი 2015 წელი.  ვუსურვო სიკეთე, ბედნიერება და სიუხვე. 2014 წელს  ბაბუა გავხდი, რაც ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის.

მინდა 2015 წელს უფრო მეტი სიკეთე, სიყვარული, ერთმანეთის დაფასება და გატანა ყოფილიყოს. ყველას ვულოცავ დამდეგს, უფალი გფარავდეთ.

მევლუდ ბარლიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი:

– ვულოცავ შობა-ახალი წლის დადგომას ბოლნისის რაიონის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.
დაე, ეს 2015 წელი ყოფილიყოს საქართველოსათვის მშვიდობის, ბედნიერების, წარმატებისა და სიკეთის მომტანი.
შობა-ახალი წლის დადგომას ვულოცავ ყველა სოციალურად დაუცველ და ყველა გაჭირვებულს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და გაჭირვებიდან გამოსვლას ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას.
აგრეთვე შობა-ახალი წლის დადგომას ვულოცავ ყველა ჯარისკაცს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს და ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს.
დაე, 2015 წელი ყოფილიყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წელი.


Share.

Comments are closed.