პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამი ახალი საწარმო შეიქმნება

0

10858565_488415974629645_9063495253974991958_n18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე  კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. საწარმოები სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ინფრასტრუქტურული კომპონენტის მხარდაჭერით შეიქმნება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს ორ წელიწადში წარმოების ამუშავების პირობებით.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მცხეთაში, სოფელ მუხრანში ორი საწარმო – მაღალტექნოლოგიური და  ინტენსიური  ტიპის მესაქონლეობის მერძეული-მეხორცული მიმართულების საწარმო და მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა შეიქმნება. ამისთვის კომპანია  აგროკომპლექსი მცხეთა“-ს სახელმწიფოსგან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცა. სასათბურე მეურნეობისა და მესაქონლეობის მერძეული-მეხორცული მიმართულების საწარმოს შესაქმნელად კომპანია ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს და 300 ადამიანს დაასაქმებს.  „აგროკომპლექსი მცხეთა“-ს მიერ გამოშვებული პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე იგეგმება ასევე ლითონის მზა ნაწარმის საწარმოს შექმნა, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული საწარმოს შესაქმნელად ამ ქუჩაზე მდებარე 5633 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები შპს ,,ჯორჯიან სტილს’’ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა. კომპანია ვალდებულია 2 678 010 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და პროდუქციის გამოშვება ორ წელიწადში დაიწყოს. როგორც „ჯორჯიან სტილის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ გამოშვებული ლითონის ნაწარმის ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი.

 


Share.

Comments are closed.