26 დეკემბერს მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში საქველმოქმედო საღამო „სიყვარულის ნამქერი“ გაიმართა, რომელიც ორ სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ 8 პატარის ოცნებების ასასრულებლად მოეწყო. საჩუქრების შესაძენად თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გამოყო. მიუხედავად იმისა, რომ საღამო საქველმოქმედო იყო ბიბლიოთეკის დარბაზი ხალხის სიმრავლით არ გამოირჩეოდა. პატარები გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ სცენაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა, რომ თბილი და ლამაზი ღონისძიება გაემართად.
გიორგიმ – პულტიანი მანქანა, მეგიმ – ტელეფონი და საყურე, სალომემ, ნინომ და მარიამმა-სკოლის ზურგჩანთები, თოჯინა და სასკოლო ნივთები, ბაჭომ –ფეხბურთის ბურთი, ხოლო პატარა გიორგიმ კი უამრავი ტკბილეული მიიღეს. აღსანიშნავია „ბიბლუსის“ თანადგომა, მათ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური საჩუქარი გაუკეთეს წიგნებისა და სასკოლო ნივთების სახით.
დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:
– მსოფლიოში ბევრ ბავშვს აქვს აუსრულებელი ოცნება, ეს საღამოც სწორედ იმას ემსახურება, რომ სოციალურად დაუცველ პატარებს აუსრულდეთ საახალწლო სურვილები. მიხარია რომ თვითონ ბავშვებმა იზრუნეს და თანატოლებს ოცნებები აუსრულეს. ჩვენგან გვერდში დგომა არ მოაკლდებათ.
სალომე წიქორიძე, საღამოს ორგანიზატორი:
– ჩანაფიქრი გამოგვივიდა, ბავშვები გავახარეთ, მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა.