ირაკლი ღარიბაშვილი – სამი ათასი ოჯახის უსამსახუროდ დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს ვართ, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა

0
46003_46003_361326_10431135_767078886716523_8993941762505736457_o_650საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟით არ უნდა მიიღონ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გუშინ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.
“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში 3 000 ოჯახია დასაქმებული, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის აქტიური მუშაობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე იურიდიული საკითხები იყო მოსაგვარებელი, ამაზე იმუშავებს კულტურის, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პროცესშია ჩართული.
პრემიერი ამბობს, რომ საბოლოოდ უნდა მიიღონ გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება.
“არ შეიძლება, მხოლოდ რაღაც ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიკეთე დაზიანდეს, როგორიც არის 3000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს. ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი, აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომელიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ და აღვადგინეთ. ბრალდებები რაც მესმის, მე ვფიქრობ, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან ყველას შევახსენებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლია აღდგენილი საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, ეს ციფრი ყველაფერზე მეტყველებს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ კომპანია RMG აპირებს მუზეუმის გაკეთებს საკუთარი ხარჯებით და იმ ადგილას მოპოვებული არქეოლოგიური ნივთები ამ მუზეუმში იქნება გადატანილი.
“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას – საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა გაქვს ამომრჩევლების, ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. ვიდრე დასკვნებს, განცხადებებს გავაკეთებთ, საჭიროა, გავითვალისწინოთ იმ ადამიანების ბედი, რომლებიც იქ არიან დასაქმებულები. 3 ათასი ოჯახის უსამსახუროდ დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ 3 ათასი ოჯახის წინაშე, რომ ვუთხრა, კომპანია უნდა გაჩერდეს, დაიხუროს და 3 ათასი ოჯახი წინასაახალწლოდ დარჩეს უმუშევარი. ეს იქნება ღალატი ამ 3 ათასი ოჯახის და ამას არ და ვერ გავაკეთებ. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ. მესმის, რომ საკითხი ემოციურია, ყველა ძეგლი და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენ სასწორზე უნდა დავაყენოთ ორი სიკეთე და იქედან ავირჩიოთ რომელი უფრო დიდი სიკეთეა, მით უმეტეს, ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არტეფაქტები იყოს განადგურებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სწორედ აღნიშნული 3 ათასი ოჯახის ბედი აღელვებს და არა კონკრეტული კომპანიის.
“ბორცვი, რომელიც იყო იქ, თავად სპეციალისტების შეფასებით, არის სრულიად სტერილური. მისი არსებობა წლების განმავლობაში არავის ახსოვდა. ინვესტორებიც შემოვიდნენ ჩვენამდე, ჩვენ მათთან არავითარი შეხება არც გვქონია და არც გვაქვს, ჩვენ უბრალოდ საკითხს ვუდგებით სახელმწიფოებრივად და ის ისე უნდა გადავწვიტოთ, როგორც არის სწორი. თუ იურიდიული გადაცდომა იყო, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გამოასწორებენ, დანარჩენი, ვფიქრობ, უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება გააგრძელოს იქ მუშაობა. მე მაღელვებს არა ერთი კონკრეტული კომპანიის ბედი, არამედ 3 ათასი ოჯახის ბედი, რომელიც ამ რაიონთანაა დაკავშირებული”, – აღნიშნა ირაკლი ღრიბაშვილმა.

Share.

Comments are closed.