თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატები გამოიფინა

0

10859456_699891780125567_2050963704_nგამოფენა სახელწოდებით „არუხლოს ნასახლარიდან ბოლნისის სიონამდე“  სსიპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის“ დიდ საგამოფენო დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სადაც 10-დან 24 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 100 ექსპონატი, რომელიც  თვალნათლივ გადმოსცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიას ახალი ქვის ხანიდან, ვიდრე განვითარებულ შუა საუკუნეებამდე.

„ამ არქეოლოგიური გათხრებით ნათლად დასტურდება, თუ რამდენად კარგად ჰქონდათ ათვისებული ძირძველ ქვემო ქართლელებს მეურნეობა, ძვლისა და ქვის დამუშავება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელს ქვემო ქართლში,  მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხოველეობის ნაირგვარი მიმართულება.  მიმდინარე პროექტი კი წარმოადგენს მრავალწლიანი პროგრამის გაგრძელებას, რომელსაც ჰქვია „საქართველოს სამუზეუმო კოლექციების გამოფენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში“, რომლის ფარგლებშიც აკადემიის პერსონალს, სტუდენტებს, თბილისელებსა და სტუმრებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საქართველოს რეგიონალურ მუზეუმებში დავანებულ და ფართო საზოგადოებისთვის ხშირად თვალს მოფარებულ, თუმცა მრავალმხრივ საყურადღებო უძველესი, ძველი თუ თანამედროვე ხელოვნების არაერთ ნიმუშს.“  – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ავტორი დოქტორი თემურ ბიბილური.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აკადემიის რექტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი, საგამოფენო პროექტის ავტორი და ინიციატორი აკადემიის დოქტორი თემურ ბიბილური, აკადემიის სტუდენტები, ლექტორები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, ბოლნისის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების, კულტურის ცენტრისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნერობის მუზეუმის ხელმძღვანელობა და კოლექტივები, არქეოლოგები და არქიტექტორები. გამოფენაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი მეშველიანისა და სამხატვრო აკადემიის რექტორის, პროფესორ გიორგი გუგუშვილის ხელმოწერით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო შემეცნებითი სახის ღონისძიებები განხორციელდება.

„დიდ მადლობას ვუხდი ამ პროექტის ხელმძღვალებსა და ავტორებს, რომ საშუალება მოგვცეს  ფართო საზოგადოების წინაშე წარმოგვედგინა ჩვენი სამუზეუმო ექსპონატები. მოგეხსენებათ, ბოლნისი უძველესი ქართული კუთხეა, სადაც საქართველოს კულტურულმა მაჯისცემამ ყველაზე ღრმა კვალი დატოვა. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ხელთქმნილი ძეგლების სიუხვით, ამიტომ  მნიშვნელოვანია მოხდეს ამის წარმოჩენა.  გაფორმებული მემორანდუმი კი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ ვითანამშრომლებთ მომავალშიც, რადგან კიდევ მეტი განვითარება მოხდეს ამ სფეროში“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

პროექტი სახელწოდებით „არუხლოს ნასახლარიდან ბოლნისის სიონამდე“ ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სსიპ თბილისის „აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახლმწიფო სამხატვრო აკადემიის“ ორგანიზებით.

პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები არიან: დოქტორი თემურ ბიბილური და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ანა აკოფიანი.

„ჩვენი მუზეუმის ისტორიაში  ძალიან მნიშვნელოვანი დღეა,  ფართო საზოგადოების წინაშე, მუნიციპალიტეტის გარეთ პირველად ხდება ჩვენი მუზეუმის ექსპონატების წარმოჩენა. პროექტი ხორციელდება ერთობლივი ინიციატივით, რომლის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების წარმოჩენა-პოპულარიზაცია. ასევე დღეს გაფორმდა ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ. როგორც ჩვენთან, ისე ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმსა და სამხატვრო აკადემიაში მოეწყობა საინტერესო გამოფენები. აკადემიის სარესტავრაციო ლაბორატორიაში განხორციელდება ბოლნისისა და ტანძიის მუზეუმებში დაცული მნიშვნელოვანი არტეფაქტების აღდგენა-გამაგრება. მოხარული ვარ, რომ გამოფენამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებსა და  საზოგადოებაში.“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

10833558_699891810125564_768905437_n 961486_699891843458894_1100599688_n 10859329_699891686792243_66167440_n 10863538_699891743458904_1963829625_n

Share.

Comments are closed.