„თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“

0

10846802_761075567275626_2141541951_n1992 წლიდან ყოველ 3 დეკემბერს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“  ინიციატივით, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის 3 დეკემბერს ეს დღე ოცდამეორედ აღინიშნა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ღონისძიება გაიმართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და არა მარტო ისინი იღებდნენ მონაწილეობას. მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს საკუთარი უფლებების, შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობა და თანასწორობის იდეა, რომელიც ერთნაირად ღირებულია როგორც შშმ ადამიანებისათვის, ისე ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის.

მეექვსე წელია რაც ქართველი  საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისადმი გვერდში დგომას გამოხატავს.  3 დეკემბერს ბოლნისელები კულტურის სახლში შეიკრიბნენ და შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ძალისხმევით მოეწყო. ფოიეში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობის სიმბოლოებს ამზადებდნენ და თითოეულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, ბანკ „კონსტანტას“ წარმომადგენლები საჰაერო ბუშტებით ახალისებდნენ მოსულებს და რაც ყველაზე მთავარია,  სტუმრებს კულტურის  სახლის შესასვლელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თბილი ღიმილით ეგებებოდნენ. დარბაზი გაივსო და კონცერტიც დაიწყო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელშეწყობითა და პაატა გოგშელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალავიძე,  პროზაიკოსი, ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე და უსინათლოთა კავშირის წევრები. აღსანიშნავია ის, რომ ეკატერინე ტოგონიძემ თავისი რომანი „ასინქრონი“ მიუძღვნა შშმ პირებს, რომლის შეძენის საშუალებაც ღონისძიების დასრულების შემდეგ მიეცა დამსწრე საზოგადოებას, წიგნის ფასი საქველმოქმედოა და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდამჭერ პროექტებს მოხმარდება.

პაატა გოგშელიძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი:

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე,  3 დეკემბერია და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავი საზოგადოებას, წარმოვაჩინოთ ჩვენი პრობლემები, რადგან არ არის ჩვენთვის ადაპტირებული გარემო, ტრანსპორტი. გვინდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ჩვენ არც საცოდავები ვართ და არც უბედურები,  ბედნიერები ვართ, უბრალოდ შეზღუდული  გარემო  გვიქმნის პრობლემებს და გვინდა მოხდეს ჩვენი  ინტეგრაცია გარემოში.

გიორგი ალავიძე, ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, გამგეობის თავმჯდომარე:

– ჩვენ ვმუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით, კონვენციის მიხედვით გვეკუთვნის ძალიან ბევრი აქტივობა,  მთავრობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა ჩაგვრთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, რომელიც გვაქვს ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს ვიმყოფებით ბოლნისში, სადაც ტარდება ღონისძიება ამ კუთხით, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.

რუსუდან მეცხოვრიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი, ორგანიზაცია  „ვიმეგობროთ“ მოხალისე:

– დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვამზადებთ სოლიდარობის ნიშნებს, რომელიც დავაბნიეთ ყველა აქ მყოფს. ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები, ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ამ ადამიანებს და ვეხმარებით მათ.

ზაზა მარტიაშვილი, ბოლნისის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე:

– დღევანდელი დღის არსებობას მივესალმები. ვულოცავ ყველა ჩემს მეგობარს,  ეს დღე კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ჩვენ მხოლოდ ადაპტირება გვჭირდება. მადლობა ყველას, ვინც დღეს გვესტუმრა.

ეკატერინე ტოგონიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-მენეჯერი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი:

– ხშირად საუბრობენ  საჭიროა თუ არა, არსებობდეს ისეთი დღეები, როგორიც არის 3 დეკემბერი. მე ვფიქრობ, ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიმეგობროთ მათთან, დავიცვათ მათი უფლებები, რათა ისინი იყვნენ თანაბარი და თანასწორუფლებიანი. ასეთი დღეების არსებობა გვეხმარება რომ შევიკრიბოთ, წინა პლანზე წამოვწიოთ მათი პრობლემები, რასაც დღევანდელი ღონისძიებაც ადასტურებს. ჩემთვის დიდი პატივია  აქ რომ ვარ, რადგან აქ ჩემი მეგობრები არიან.  ჩემი პირველი რომანი „ასინქრონი“ მივუძღვნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ისინი და ვმეგობრობ მათთან.

10685252_761075447275638_1238194291_n 10818563_761075493942300_1137631081_n 10834740_761075517275631_593401081_o 10799769_761075390608977_1134394928_n 10819033_761075543942295_1701075357_n

 

Share.

Comments are closed.