ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ბოლო შესწორებებით დაამტკიცა

0

064B3D0F-6F99-42ED-BD32-68C12FA6322D_mw1024_s_nევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი ბოლო შესწორებებით დაამტკიცა. ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს ექვს შესწორებას და რეზოლუცია 491 ხმით დაამტკიცეს. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 63-მა ევროპარლამენტარმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუციაში შესატანი შესწორებები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
რეზოლუციის მე-11 პუნქტში შესული შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის” შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და ამას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
“ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი “ხელშეკრულება” შესაძლოა გაფორმდეს ცხინვალის რეგიონთანაც და რუსეთს ე.წ. “შეთანხმების” გაუქმებისკენ და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს”, – ნათქვამია შესწორებაში.
შესწორება შევიდა რეზოლუციის მე-15 პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს წინა მთავრობისა და მოქმედი ოპოზიციის რამდენიმე წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო.
“ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ კურსსა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში”, – ნათქვამია შესწორებაში.
22-ე პუნქტში, რომელიც საქართველოში ისლამოფობიასა და ჰომოფობიას ეხება, ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი ქმედების ყველა დამნაშავე წარსდეს მართლმსაჯულების წინაშე.
ლატვიელი ევროპარლამენტარის, ანდრას მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცრება მოახდინა.


Share.

Leave A Reply