ბოლნისს სპორტული კლუბის „ბასკონიას“ ხელმძღვანელები სტუმრობდნენ

0

10872306_702972586484153_730669527_nადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ბასკეთის რეგიონის სპორტული კლუბის ხელმძღვანელებმა ბოლნისში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სტუმრები სპორტის სამინისტროში დაწყებული პროექტის „საქართველოში ფეხბურთისა და კალათბურთის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. პროგრამა ხუთწლიანია. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ხელმძღვანელობის იდეების გათვალისწინებით.

„გავეცანით ბოლნისში არსებული სტადიონების მდგომარეობას და ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ადგილობრივ ხელმძღვანელებთან სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებაზე. ეს გაცნობითი სახის შეხვედრა იყო, პირველ ეტაპზე მოხდება სპორტული ბაზის მოწყობა, შემდგომ ახალგაზრდებისა და მწვრთნელების მომზადება. იქნება გაცვლითი პროგრამები. საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩენთ ტალანტ ბავშვებს,  რომლებიც ესპანეთის ცნობილ კლუბში გადამზადდებიან.“ –აღნიშნა კლუბ „ბასკონიას“ ნაციონალურმა მენეჯერმა ვლადიმერ აბსიანიძემ.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა ესპანეთის ცნობილი სპორტული კლუბის წარმომადგენლებთან. კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე არ მიგვიღია, უახლოეს მომავალში, მათთან კონსულტაციების საფუძველზე, შევიმუშავებთ გარკვეულ მონახაზს, ჩამოვყალიბდებით და შემდგომ გვეცოდინება თუ რა სახის მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის ცნობილი სპორტული კლუბის „ბასკონიას“ დამფუძნებლები ბოლნისში ამ პროექტის განვითარებისთვის, აღნიშნული კლუბის შემადგენლობაშია საფეხბურთო კლუბი „ალავესი”. ვისაუბრეთ სამინისტროს მიერ დაწყებული პროგრამის შესახებ,  როგორ და რა კუთხით უნდა მოხდეს ფეხბურთის განვითარება, გავეცანით ესპანეთში არსებულ მოდელსა და გამოცდილებას, რომლის გამოყენებითაც  შესაძლებლობების ფარგლებში შევქმნით საფეხბურთო სკოლას, რომელიც გახდება საფუძველი საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მომავალი წარმატების. პროგრამა ითვალისწინებს მწვრთნელების და პერსპექტიული ფეხბურთელების ესპანეთში ცნობილ კლუბში სტაჟირებას. ჩვენი ხედვა დაემთხვა მათ მოსაზრებას, სრულიად უნდა განვითარდეს  საფეხბურთო სისტემა, რაც გულისხმობს საფეხბურთო სკოლის, კლუბისთვის ბაზის და სტადიონის შექმნას.

 


Share.

Comments are closed.