ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 100 ექსპონატი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოიფინება

0

10676418_923688967659702_5989769794890730632_n„არუხლოს ნასახლარიდან ბოლნისის სიონამდე“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც 10-დან 24 დეკემბრის ჩათვლით ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 100 ექსპონატი სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოიფინება. ორი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა ეპოქის ექსპონატებს, რომლებიც საკმაოდ თვალნათლივ გადმოსცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიას ახალი ქვის ხანიდან ვიდრე განვითარებულ შუა საუკუნეებამდე.

„ეს არის ჩვენი და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, 10 დეკემბერს, 16 საათზე მოხდება გამოფენის გახსნა, რომლის მიზანია ბოლნისის მუზეუმის უნიკალური ექსპონატების წარმოჩენა. სამხატვრო აკადემიის პერსონალს, სტუდენტებს, თბილისელებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მრავალმხრივ საყურადღებო ხელოვნების უძველეს ნიმუშებს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სსიპ თბილისის აპ.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზატორობით.

პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები არიან: დოქტორი თემურ ბიბილური და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ანა აკოფიანი.

გამოფენის გახსნაზე ორგანიზატორებს შორის ოფიციალურად გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდება.


Share.

Comments are closed.