„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შვიდ თვეში დამტკიცებული პროექტების ღირებულება 225 მილიონ ლარს აღემატება

0

_MG_2748საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის შემაჯამებელი გალა-საღამოს დაესწრო, რომელი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით   თბილისის საკრებულოს დარბაზში 26 დეკემბერს გაიმართა.

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,  „აწარმოე საქართველოში“ არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია კერძო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე როგორც ფინანსური, ასევე  სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მექანიზმების გამოყენებით.

პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან: ეს არის ფინანსური მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები: 2014 წლის პირველი 10 თვის მონაცემით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ასევე აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა რაოდენობამ  მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 508 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ეს რიცხვი თითქმის 2-ჯერ აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის შედეგს და 2008 წლის მე-3 კვარტლიდან მოყოლებული, არის უმსხვილესი მაჩვენებელი კვარტალურ  ჭრილში“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ის საკვანძო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას,  არამედ მის უფრო მეტად ზრდასა და განვითარებას.

„დღეს ვაჯამებთ ამ პროგრამისა და ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს  შვიდი თვის მუშაობის შედეგებს.  აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე 50 პროექტია დამტკიცებული, რომელთა ჯამური ღირებულება 225 მილიონ ლარს აღემატება.  2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება ამ საწარმოებში. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შედეგი.  იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში არ არის სახარბიელოეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებაზე, სწორედ ამიტომ  ჩვენ 2015 წლიდან პროგრამას დავამატებთ ლიზინგის კომპონენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საწარმოო დანადგარების შეძენისთვის იქნება სპეციალური წამახალისებელი პროგრამები, რაც საწარმოო პარკის განახლებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული 50 პროექტიდან 20 პროექტი ხორციელდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ხოლო 8 პროექტი – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით.  22 პროექტისთვის, შემდგომში შესაბამისი ოდენობისა და მიზნობრიობის ინვესტიციის ვალდებულების გათვალისწინებით, ბენეფიციარებს გადაეცათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ გალა-საღამოს ესწრებოდნენ ბენეფიციარებიც, მათ შორის სს “საქართველოს სათბურისკორპორაციის,“ შპს “YNNOVAS” და ” შპს „ჩირინას“ წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთ გამოსვლაში დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფოს  მხრიდან მიღებულ მხარდაჭერაზე, პროგრამით განსაზღრულ ვალდებულებებსა და სამომავლო გეგმებზე.  პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა, ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ციკოლიამ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა სააგენტოს მუშაობისა და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

წლის შემაჯამებელ გალა-საღამოს ასევე სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი და  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2015 წლის  ივნისიდან ამოქმედდა და ის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

 


Share.

Comments are closed.