არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა

0

10859522_700934683354610_1990449908_nარასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ენის სახლმა“ და „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ დღეს არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარა, მოხდა პროექტის „ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების გზით“ ფარგლებში შედგენილი წიგნის მეთოდური გზამკვლევის (ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის) პრეზენტაცია. ტრენერებმა მათ მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში შეტანილი ინფორმაციები დეტალურად გააცნეს მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებს. „სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია პედაგოგების მოთხოვნები, ყველა მიმართულება არის შეტანილი, რაც პროგრამის „ქართული ენა, როგორც მეორე ენის“ მასწავლებლებს სჭირდებათ, კერძოდ წიგნში ასახულია საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტზე მუშაობა, ახალი მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ უნდა იმუშაონ სხვადასხვა ენოვანი კომპეტენციის მქონე ბავშვებთან, აქვე შეტანილია ინტერკულტურული და ბილინგური სწავლებით დაგეგმილი გაკვეთილის ჩატარება. დამატებითი ინფორმაციები  რეკომენდაციების სახით დართულია თითოეულ გაკვეთილზე.“ – აღნიშნა ტრენერ-მასწავლებელმა ლალი ასლამაზაშვილმა.

პროექტი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ენის სახლმა“ და „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება მოეწყო. ბოლნისსა და ნინოწმინდაში გაიხსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერკულტურული ურთიერთობის ცენტრი, ჩატარდა ქართულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელი კურსები, სასკოლო კონკურსები: „ჩემი საყვარელი ქართული მოთხრობა“ და „ჩემი საყვარელი აზერბაიჯანულ/სომხური სიტყვა“, მოეწყო სადისკუსიო შეხვედრები, ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ა.შ. „პროექტის, რომელიც წიგნის პრეზენტაციით დასრულდა, მთავარი მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის ამაღლება, ინტერკულტურული დიალოგის და ურთიერთგაგების საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება (ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში), ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ცოდნის ამაღლება განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის შესახებ. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის კომუნიკაციის და დაახლოების მიზნით არაერთი შეხვედრა და ღონისძიება მოეწყო.“ –აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ირმა ზურაბაშვილმა.


Share.

Comments are closed.