TRACE Matrix ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო მე-11 ადგილზეა

0

_MG_8249ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის დაბალი რისკების შეფასების კუთხით საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს წინ უსწრებს მხოლოდ ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები. აღსანიშნავია, რომ კორუფციის რისკის მიხედვით საქართველო, გერმანია და აშშ ერთი და იგივე – 27 ქულით არის შეფასებული.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, შეფასების ეს ინდექსი შემუშავებულია ორგანიზაცია Trace International-ის მიერ ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრ Rand Corporation-თან თანამშრომლობით და იგი პირველად 2014 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა. ქვეყნების პოზიციები შეფასებულია აგრეგირებული ქულებით 1-დან 100-მდე, სადაც 1 ქულა ყველაზე დაბალი რისკის, ხოლო 100 – ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებელია.

TRACE Matrix ინდექსში ქვეყნების შეფასება ხორციელდება ოთხ კატეგორიაში: ბიზნეს-ურთიერთობები ხელისუფლებასთან; ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება; ხელისუფლების და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობები, მედიის როლის ჩათვლით.

  1. ბიზნეს-ურთიერთობები ხელისუფლებასთან: საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა  ამ კატეგორიისთვის, რაც ნიშნავს ხელისუფლებასთან ინტენსიური ურთიერთობების ძალზე დაბალ რისკს, ძალზე დაბალ მარეგულირებელ ტვირთს და კორუფციის ძალზე დაბალ მოლოდინს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ კატეგორიაში წინ უსწრებს მის წინ მდგომ 4 ქვეყანას: აშშ-ს (35 ქულა), გერმანიას (28 ქულა), იაპონიასა (33 ქულა) და კანადას (25 ქულა).
  2. ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება: საქართველოსთვის მინიჭებულია რისკების საკმაოდ დაბალი ქულა – ამ კატეგორიაშიც საქართველო წინ უსწრებს მის წინა პოზიციაზე მდგომ 6 ქვეყანას: გერმანიას (31 ქულა), სინგაპურს (54 ქულა), ფინეთს (52 ქულა), შვედეთს (53 ქულა), ჰონგ-კონგს (51 ქულა) და ახალ ზელანდიას (48 ქულა), ხოლო ირლანდიასთან შედარებით თანაბარი ქულა აქვს მინიჭებული.
  3. ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა: საქართველოსთვის მინიჭებული 19 ქულა აღნიშნავს მართვა-ადმინისტრირებისა და ხელისუფლების გამჭვირვალობის კარგ ხარისხს. ამ კატეგორიაში საქართველოს მის წინა პოზიციაზე მდგომი ქვეყნებიდან მხოლოდ 2 ქვეყანა აშშ (1 ქულა) და იაპონია (6 ქულა) უსწრებს წინ.
  4. სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობები: საქართველოსათვის მინიჭებული 39 ქულა  რისკების ასევე დაბალ დონეზე მიუთითებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, TRACE Matrix ინდექსში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია.

რეგიონის სხვა ქვეყნებიდან  87-ე ადგილზეა სომხეთი,  რუსეთი 134-ზე, უკრაინა 132-ზე, ბელორუსი 74-ზე, მოლდოვა 130-ზე, ხოლო აზერბაიჯანი – 140-ზე.

TRACE Matrix ინდექსში პირველ ადგილს ირლანდია, ხოლო ბოლო,  197-ე ადგილს ნიგერია იკავებს.


Share.

Comments are closed.