Financial Times – საქართველო მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

0

89223f8765e2a6da6d3ce967b4116844საქართველო მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მოსკოვის მიერ საქართველოს ამ სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ უწოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება არის რეაქცია იმაზე, რომ საქართველო ცდილობს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას მას შემდეგ, რაც ივლისში თბილისმა გააფორმა პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან. მას „ეჭვი არ ეპარება“, რომ მოსკოვი ამზადებს ასეთივე ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისათვისაც (საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი), რომელიც, აფხაზეთის მსგავსად, ოკუპირებულია რუსეთის მიერ საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ.

ბატონმა ღარიბაშვილმა განუცხადა Financial Times-ს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უნდა გამართონ „პირდაპირი დიალოგი“ ბატონ პუტინთან, რათა წერტილი დაესვას კრიზისს უკრაინაში. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მხოლოდ სანქციებით სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია.

„ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, რათა რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება დაგმობილ იქნეს, – განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა აფხაზეთთან ორშაბათს ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, – ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისგან ჩვენ მოველით [შეთანხმების] კიდევ უფრო აქტიურ დაგმობას.“

ამ შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის საკითხები შეთანხმებული იქნება მოსკოვთან. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ხელმოწერილი შეთანხმებები, რადგან საერთო სამხედრო და სამართალდამცავი ძალებისა და ერთიანი საბაჟო პოსტების შექმნას გულისხმობს.

ამ ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან რვა თვეში, დასავლეთის დედაქალაქებში გამოიწვია შეშფოთება იმის გამო, რომ მოსკოვმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეიძლება წამოიწყოს სადავო ტერიტორიებისა და ე.წ. გაყინული კონფლიქტის ზონების ეტაპობრივი შთანთქმის მცდელობა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, ამ მხრივ ყურადღების ცენტრშია დნესტრისპირეთიც, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეგიონი მოლდოვაში. საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, წელს მოლდოვამაც მოაწერა ხელი ევროინტეგრაციის ხელშეკრულებას და მისი ამომრჩევლები კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტენ დავას პროევროპულ და პრომოსკოვურ პარტიებს შორის.

ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის „არ აღიარებს ე.წ. შეთანხმების კანონიერებას საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა“ და რუსეთს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“.

შარშან ბატონმა ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კოალიციამ „ქართული ოცნება“ 2012 წელს დამაჯერებლად დაიკავა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ადგილი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზომიერ, ორ უკიდურესობას შორის ბალანსის გზას ადგას, რითაც ცდილობს მოსკოვთან ბატონი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაწყვეტილი სავაჭრო ურთიერთობების აღადგენას და, ამავე დროს, აგრძელებს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესს.

ბატონი ღარიბაშვილის თქმით, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებამ ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი. მეორე მხრივ, რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებში არ შეიმჩნევა „არავითარი გაუმჯობესება“, რადგან რუსეთს არ სურს პოზიციის შეცვლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მაშინ, როცა თბილისი დაჟინებით ითხოვს ამ რეგიონების რეინტეგრაციას საქართველოს ფარგლებში.

„ეს ცხადყოფს, რომ [რუსეთი] არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით, – განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა, – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ კონსტრუქციული ხელისუფლება, ჩვენ ვართ პრაგმატული, ჩვენ გვსურს მშვიდობა და დალაგებული ურთიერთობები ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი მისწრაფებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი არჩევანია… [მაგრამ] ის არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.“

ღარიბაშვილის თქმით, მის ხელისუფლებას არასოდეს მოუხდენია რუსეთის „პროვოცირება“. არც ზაფხულში ხელმოწერილი შეთანხმება ევროინტეგრაციის შესახებ გულისხმობს პროვოკაციას.

ერთი წლის წინ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც მან მიიღო რუსეთის მძლავრი ზეწოლის პირობებში, გამოიწვია საპროტესტო ტალღა, რომელმაც შედეგად მოიტანა იანუკოვიჩის ჩამოგდება თებერვალში. ამ რევოლუციას კი მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და მის მიერვე მხარდაჭერილი აჯანყება აღმოსავლეთ უკრაინაში.

ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ დააჯერა მოსკოვი, რომ მისი ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა. მან ასევე განაცხადა, რომ „მხოლოდ სანქციები“ ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებების ხასიათს, ხოლო ისეთი საეჭვო ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება, მხოლოდ ომის კიდევ უფრო გამძაფრების რისკს შეიცავს.

„დიალოგის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება, – განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა, – უნდა შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები.“


Share.

Comments are closed.