როგორ ხვდება გულშემატკივრების მოთხოვნას თანამდებობიდან წასვლაზე, რა ცვლილებები იქნება ზამთარში, გადახალისდება თუ არა გუნდი და რა მიზნებისთვის იბრძოლებს ლადო ბურდული გუნდთან ერთად

0

10628362_822758287734970_6133101069373769554_nლადო ბურდულის ახალი გამოწვევები – „სიონი“ ისევ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს

34 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი, ლადო ბურდული ბოლნისის „სიონის“ გენერალურ დირექტორობას მთავარი მწვრთნელის პოსტს არც თუ ცოტა ხანია უთავსებს. მისი თავკაცობით, ბოლნისის „სიონმა“  ეროვნული ჩემპიონატის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და გუნდი ევროზონაშიც გაიყვანა. თანაც ეს ყველაფერი მას მერე მოახერხა, რაც გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. იყო წაუგებელი სერია და ნანატრი ევროსაგზური. ევროსარბიელზე, ალბანურ „ფლამურტართან“ მცირე იღბალიც რომ ჰქონოდა ბურდულის საკმაოდ გამოცდილ გუნდს, ალბათ, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებასაც მოიპოვებდნენ, თუმცა ის შედეგი, რაც ახალგაზრდა სპეციალისტმა დადო, ცალსახად წარმატება იყო ბოლნისელებისთვის. ამ მომენტისთვის, გუნდი ისევ „სხვის მინდორზე“ თამაშობს და ელოდება საკუთარ არენაზე დაბრუნებას. არც თუ წარმატებული სტარტის შემდეგ, ბოლნისელებმა ბოლო ტურში „ტორპედოს“ დამარცხება მოახერხეს, ბურდული კი პირველი წრის დასრულებამდე ლიდერებში გადასვლას აპირებს, ამისთვის მის გუნდს 6 ქულა სჭირდება და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – დამსახურებული შანსი და ნდობა, თუნდაც გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე. 

გასულ კვირას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრაზე მისულმა გულშემატკივრებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს კლუბის ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მისამართით და გენერალური დირექტორის შეცვლა ითხოვეს. მათი აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზანმიმართულად იხარჯება.

როგორ ხვდება გულშემატკივრების მოთხოვნას თანამდებობიდან წასვლაზე, რა ცვლილებები იქნება ზამთარში, გადახალისდება თუ არა გუნდი და რა მიზნებისთვის იბრძოლებს ლადო ბურდული გუნდთან ერთად – ამ და სხვა კითხვებს „სიონის“ ახალგაზრდა თავკაცი პასუხობს.

 

– დიდი სურვილი მქონდა გუშემატკივრებთან შეხვედრაზე მეც ვყოფილიყავი, მაგრამ თამაში გვქონდა, რომელიც მოვიგეთ და ამის გამო ვერ შევძელი ბოლნისში ჩამოსვლა. „სიონი“, ამჟამად, 12-ე  ადგილზეა. წინ კიდევ 18 ტურია და იმისთვის, რომ გუნდმა ცხრილის ზედა ნაწილში ამოიწიოს, ექვსი ქულა გვჭირდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩემს წასვლას რაც შეეხება, ერთ კითხვას დავსვამ – ნუთუ არ იმსახურებს ლადო ბურდული და შარშანდელი მესამე ადგილის მფლობელი გუნდი იმდენს, რომ სეზონის ბოლომდე აცადონ? რვა წლის განმავლობაში, ეროვნული ჩემპიონატის მუდმივი აუტსაიდერი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერად ვაქციე, ეს  ცოტა იყო? ამ ყველაფრის შემდეგ არ ვიმსახურებ ანგარიშის გაწევას? გუნდი ბოლო ადგილზე მყოფი ჩავიბარე და მესამე ადგილზე დავასრულეთ სეზონი, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც „სიონს“ ჰქონდა, კიდევ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მცირე იღბალი დაგვაკლდა, რომ ევროსარბიელზე წარმატებისთვის მიგვეღწია. ეროვნულ ჩემპიონატში წაუგებელი სერია ვითამაშეთ. როდის მოვიგეთ ბოლოს „დინამოს“ სტადიონზე და როდის ჰქონდა ასეთი სიხარული ბოლნისელ გულშემატკივარს? ამ კითხვებზე გამცენ პასუხი.

– რას აბრალებთ არსებულ შედეგს?

– ფეხბურთი ასეთია – ხან მოიგებ, ხან წააგებ, წინასწარ ვერაფერს გათვლი. არანაირ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ „სიონი“ ფეხზე დავაყენო, მაგრამ ხშირად მიჩნდება აზრი, რომ ამას ნაკლებად ხედავს ვინმე, თავდაუზოგავ შრომას, რომ ფორმა, ბურთი და ყველა საჭირო ინვენტარი არ მოაკლდეთ როგორც ბავშვებს, ისე დიდების გუნდს. ამაზე რატომ არავინ ამბობს, ლადო ბურდულმა კარგი გააკეთაო? ერთი გულშემატკივარი მაინც თუ გამოვიდა და თქვა, რომ სწორედ ამ გუნდმა დადო წინა სეზონში მესამე ადგილი და ამ შემადგენლობამ მოიპოვა ევროსაგზური, ახლა რომელიც გვყავს? გასაგებია, რომ არსებული შედეგი კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა და არ მოსწონთ, რომ ადგილობრივი ფეხბურთელები არ არიან ბევრნი გუნდში, მაგრამ შედეგი სწორედ ამ გუნდმა დადო. უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, ვინ დატოვებს „სიონს“, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ამ ადამიანებმა თავისი სათქმელი თქვეს ქართულ ფეხბურთში.

– ანუ დაწყებული გაქვთ გუნდის გადახალისება?

– გუნდის გადახალისებაზე ამ წუთში საუბარი ნაადრევია. გადახალისებაზე ფიქრი კი ნამდვილად დავიწყე. პირველი წრის დასრულებამდე სამი თამაშია დარჩენილი, თასის თამაშების წინ გვაქვს და ადვილი არ არის მიხვიდე და მოთამაშეს უთხრა, შენ გუნდიდან მიდიხარ და შემდეგ შედეგი მოთხოვო. ადამიანური მომენტია. როგორ ვუთხრა მათ, რომ უნდა წავიდნენ, როცა მათ შედეგი დადეს, საქმე გააკეთეს. ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც ჰგონია ყველას, რომ სპეციალისტზე უკეთესად ესმით ფეხბურთი. მაცადონ, იქნებ უკეთესად ვიცი, რა გავაკეთო. დუბლებში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა გვყავს. გუნდი გადახალისდება და შევსებას დუბლებიდანაც მივიღებთ, მაგრამ ძველი გუნდიდანაც დარჩებიან ფეხბურთელები. ჩვენ ვალდებულებები გვაქვს აღებული ფეხბურთელებთან და კონტრაქტებია დადებული, რომელიც უნდა დავიცვათ. ამის წესებს ჩვენ არ ვადგენთ, შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ, იქნება ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თუ ფიფა-უეფა.

– საუბარი იყო სტადიონზეც, რომელიც თითქმის უსარგებლოდაა და „სიონი“ საკუთარ არენაზე ვერ თამაშობს…

– ესეც ლადო ბურდულის ბრალია? სტადიონის პროექტის გაკეთება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივა იყო და ახლაც მათი საქმეა. ვერ მოძებნეს სპეციალისტი, რომელიც პროექტს შეადგენს. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 მილიონ 200 ათასი ლარი უკან წაიღეს, რადგან სტადიონის პროექტი მესამედ იქნა დაწუნებული. გულშემატკივარს მხოლოდ შედეგი რომ აინტერესებს, რომ კითხულობენ, თურმე ბიუჯეტიდან დიდი ფული იდება და გუნდი კი მაინც ბოლო ადგილზეაო, ზუსტად ვიცი, რაზეც არის საუბარი. ჩვენი ფინანსები გამჭვირვალე და საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ამის ნახვა. ახალი გამგებლის იმედი გვაქვს, მისგან მივიღეთ დაპირება, რომ სტადიონის პროექტი გაკეთდება და ადრე თუ გვიან საკუთარ მოედანს დავუბრუნდებით. საწყენად არ მინდა ვთქვა, მაგრამ წინა გამგებლის დროს ბევრი ისეთი საკითხი ვერ მოგვარდა, რომლის მოგვარებაც მარტივი იყო. გოგი მეშველიანისგან დიდ მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობთ, რისთვისაც მას მადლობა მინდა, გადავუხადო. რაც შეეხება მოედანს, როგორ გგონიათ, „სიონს“ რომ საკუთარ მოედანზე ეთამაშა, ახლა უკეთესი შედეგი არ გვექნებოდა, უფრო მეტი ქულის აღებას ვერ შევძლებდით ჩვენსავე არენაზე? არც ჩვენთვისაა ეს თემა ასე მარტივი, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს. იმდენს უნდა იმსახურებდეს ლადო ბურდული, რომ სეზონის ბოლომდე აცადონ მუშაობა. გასულ წელსაც ასეთი მდგომარეობა იყო და მესამე ადგილზე დავასრულეთ. თუ შედეგს ვერ დადებს, იქნებ თვითონ წავიდეს, ლადო ბურდულს ნამდვილად ეყოფა იმის კაცობა, რომ ეს გააკეთოს. ბოლნისის „სიონში“ არ დამიწყია კარიერა და არც აქ ვაპირებ ამის დასრულებას. მინდა, ჩემი სახელი და გვარი „სიონის“ ისტორიაში კარგად დარჩეს. მიყვარს ეს გუნდი და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მისი გულშემტკივარი ვიქნები.

– არსებული ინფორმაციით, მომავალი წლიდან კლუბის ბიუჯეტი და შტატები შემცირდება, შესაბამისად ხელფასებიც, ამასთან დაკავშირებით გაქვთ ინფორმაცია?

– ეს დელიკატური საკითხია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად გავივლი. შედეგი დაიდება იმის მიხედვით, თუ რისი შესაძლებლობები ექნება გუნდს და რა კონტიგენტი დარჩება. იქნება შეხვედრა ბოლნისის გამგებელთანაც და პრიორიტეტებს და გეგმებს ამის შემდეგ დავსახავთ. ერთია, მე რა მინდა და მეორე – რისი შესაძლებლობა იქნება, თუკი ფინანსები შემცირდება და რა მოთხოვნა ექნება მუნიციპალიტეტს. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმუმი შედეგისთვის ვიბრძოლებთ და ყურები არ გვაქვს ჩამოყრილი. ფორმის პიკზე გუნდი შეიძლება ჩემპიონატის სტარტზე არ არის, მაგრამ ზამთარში შეკრებაც იქნება, გუნდსაც გავაძლიერებთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბოლნისელმა გულშემატკივარმა ისევე გაიხაროს, როგორც ეს წინა სეზონზე შევძელით. მთავარია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს შედეგი დადეს, ხალხისგან პატივისცემა და მხარდაჭერა იგრძნონ.


Share.

Comments are closed.