„ხარებთან” დიდი დანაკლისით

0
sami_3-cr-300x20016 ნოემბერს, დუბლინში “ავივა სთედიუმზე” საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე 4,5 საათით ადრე, ბოლნისის “ყოჩები” რუსთავში ჩავა და უახლოეს მდევარ “ხარებთან” გამარჯვების მოპოვებას უმძიმეს პირობებში ეცდება.
საქმე ისაა, რომ ჩვენს კლუბში ტრავმები სერიოზულად მომრავლად და ამის გამო შერკინების პირველი ხაზის დაკომპლექტება ძალიან გართულდა. მწვრთნელებმა ჯერაც არ იციან შეძლებენ თუ ვერა რიგირ მოთამაშეები მოედანზე გასვლას და შემადგენლობა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, სავარაუდოა. დანარჩენი კლუბის ექიმის, ოდფსეი სადოევის ოსტატობასა და თავად ბიჭების მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული. ისინი სათამაშოდ იწევიან, მაგრამ მწვრთნელები მოთამაშეთა კარიერით გარისკვას არ აპირებენ და ისედაც საოპერაციო მორაგბეებს მდგომარეობას არ დაუმძიმებენ.
ტრავმირებულები არიან და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას დაზუსტებით ვერ მიიღებენ პირველხაზელი ლევან შენგელია, მეორეხაზელი დავით გრძელიშვილი, მესამეხაზელი ბექა გუგეშაშვილი და უკანახაზელი ალექსი ხუციშვილი. ეროვნულ გუნდთან ერთად დუბლინშია და ირლანდიასთან თამაშს იწყებს გიორგი ბეგაძე, ხოლო გიორგი ხოსიტაშვილის ბედი უშუალოდ მატჩის დაწყების წინ გადაწყდება. ტკივილები იმდენად დიდია, რომ ის საწვრთნელ პროცესშიც ვერ მონაწილეობდა, თუმცა, მასთან დაკავშირებით გარკვეული იმედები მაინც რჩება.
ტრავმა აწუხებთ იმ მორაგბეთა ნაწილსაც, რომლებიც ხვალ მოედანზე პირველივე წუთებიდან გადიან, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვრთნელებს გარისკვის გარდა არჩევანი არ რჩებათ. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს პოზიციის შეცვლა და მისთვის უჩვეულო ადგილზე თამაში მოუწევს. შავლეგ მახარაშვილისთვის უცხო ხილი არც აქამდე ყოფილა ბეგაძის არყოფნაში 9 ნომრის პოზიციაზე თამაში, თემურ სოხაძე კი, 15 ნომრად პირველად მოგვევლინება. შესაბამისად, შანსი მიიღეს იმ მორაგბეებმა, რომელთაც აქამდე უმეტესად “მომავლის ყოჩებში” უწევდათ თამაში და ახლა მათ უნდა დაამტკიცონ, რომ პირველ გუნდში დაწინაურების ღირსნი არიან.
არადა, მეტოქე, რომელთან შეხვედრითაც პირველი წრე სრულდება, შერკინებაში მართლაც რომ მრისხანედ გამოიყურება. ამაზე მათ მიერ ნაჩვენები შედეგიც მეტყველებს – “ხარებმა” რვა თამაშიდან 5 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ორჯერ დამარცხდა და 24 ქულით მეორე ადგილზეა. დღეისათვის “ყოჩები” რუსთავურ კლუბს 7 ქულით უსწრებს, მაგრამ რაგბიში, ქულათა პრემიალური სისტემით დარიცხვის პირობებში, თანაც მაშინ, როდესაც წინ მთელი მეორე წრეა, მშვიდად ყოფნა შეუძლებელია. და მაინც, უკვე გადაწყვეტილია, რომ “ყოჩები” პირველ წრეს ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილზე დაასრულებს და მდევრებთან ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული ფორა ექნება. ხვალ უბრალოდ ის უნდა გადაწყდეს, ეს ფორა როგორი იქნება.
რუსთავში თამაში იოლი არაა, მაგრამ “ბათუმმა” “ხარებს” მას მარცხი სწორედ მშობლიურ სტადიონზე აგემა. ერთი კვირის წინ რუსთაველები მეორედ, ამჯერად ქუთაისში დამარცხდნენ (6:15) და ვერ ისარგებლეს ბოლნისელთა მიერ ქულების დაკარგვით. განვლილ ტურში “ყოჩებმა” პირველი ქულები დაკარგა. მანამდე შვიდივე თამაშის მომგები გუნდი “ბათუმთან” მარცხის საშიშროების წინაშე დადგა, თუმცა, დამატებულ წუთებზე გადამწყვეტი ლელოს გატანა შეძლო და მატჩსაც მოიგებდა გარდასახვა ზუსტი რომ ყოფილიყო – 25:25.
ორიოდე სიტყვით განვლილი სეზონიც გავიხსენოთ. მაშინ “ყოჩები” საჩემპიონო პლეი ოფისთვის, ხოლო”ხარები” უმაღლესში დარჩენისთვის იბრძოდა. ბოლნისში მასპინძლებმა 27:14 იმარჯვეს, რუსთავულ მატჩშიც დაწინაურდნენ, მაგრამ მერე მოედანზე გუნდური ჩხუბი რომ ატყდა და გულშემატკივარს რეფერის გადაწყვეტილება არ მოეწონა, მსაჯთა ბრიგადას გინების სმენა მოუხდა, ხოლო “ხარების” მწვრთნელმა თამაშის გაგრძელება აღარ ისურვა და გუნდი მოედნიდან გაიყვანა. თამაში ჩაიშალა, მაგრამ ამაში “ყოჩებს” ბრალი რომ არ მიუძღვოდა ტექნიკური 4 ქულა მიითვალა.
მოკლედ, ხვალ ურთულეს პირობებში მყოფ “ყოჩებს” მძიმე ბრძოლა ელით და იმედია, ის ბოლნისელთა სასარგებლოდ დასრულდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
IX ტური 
15 ნოემბერი
ბათუმი. ანგისა. 
ბათუმი (ბათუმი) – ლოკომოტივი (თბილისი) 39:17
თბილისი. “ავჭალა”. 
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) – ჯიქები (თბილისი) 17:43
1. ყოჩები 8 7 1 0 188-109 31
2. ხარები 8 5 1 2 161-109 24
3. ლელო სარ. 8 4 2 2 128-119 20
4. ჯიქები 8 4 1 3 118-110 20
5. არმია 8 4 0 4 110-139 18
6. ბათუმი 8 3 1 4 163-160 17
7. ლოკომოტივი 8 3 0 5 117-131 16
8. აია 7 3 0 4 105-115 15
9. არმაზი 6 3 0 3 108-100 14
10. თიბიეს უნივ. 9 0 0 9 125-231 3
16 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 14:00 საათი
ხარები (რუსთავი) – ყოჩები (ბოლნისი) 
ყოჩები: 15. თემურ სოხაძე, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვლი, 10. გიგი გაბუნია, 9. შავლეგ მახარაშვილი; 1. ბაჩანა გოგშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი (ან თემურ ჯინჭარაძე), 4. რატი ურუშაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. ჯაბა კიკვიძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. ირაკლი სვანიძე, 17. თემურ ჯინჭარაძე (ან გიორგი ხოსიტაშვილი), 18. შოთა მაღრაძე, 19. ნიკა გაფრინდაშვილი, 20. გაგა მაისურაძე, 21. გიორგი ტყეშელიაძე, 22. მალხაზ ქუშაშვილი, 23. გიორგი მელაძე.
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) – აია (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი”. 15:00 საათი
ლელო (თბილისი) – არმია (თბილისი)
kochebi.ge
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Comments are closed.