შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს

0

10750073_929814423713987_3542111824722045505_oშინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ კამპანიის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მისი მოადგილე ლევან იზორია, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგეენკო,ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პარლამენტის წევრები, აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, INL-ის უფროსი ტრეისი ნიუველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებისთვის კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის „ძალადობა დასჯადია“ ჩვენება გაიმართა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში განთავსდება. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შსს-ს თანამშრომლებს, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ. სპეციალურად გადამზადებული უბნის ინსპექტორები კონფლიქტური ოჯახების პერიოდულ კონტროლს, ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ.

კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს.

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. შეხვედრებს გამართავს შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე და ფსიქოლოგი თამარ გოგოტიშვილი.

კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, ოჯახში ძალადობის თემაზე გამოცხადდება კონკურსები ჟურნალისტებისთვის – საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე და მოქალაქეებისთვის – საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე. კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და საჩუქრებით შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან.

კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართება კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერის, რომელიც „ბრავო რეკორდს“-ში ჩაიწერა და სიმღერაზე „არტ პალასის“ მიერ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა და მას ქართველი მომღერლები ასრულებენ.

აღნიშნულ თემას მიეძღვნება თოქ-შოუები და რადიოგადაცემები, დაგეგმილია ქუჩის სხვადასხვა აქცია და აქტივობები სოციალურ ქსელში.


Share.

Comments are closed.