„ყოჩებმა” „ხარები” წააქცია

0
tavqudi-cr-300x200ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უახლოეს მდევარ “ხარებს” პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა, მეორე ნახევარში უპირატესობა თავდადებული დაცვით შეინარჩუნა და რუსთავში პრემიალური ქულით იმარჯვა.
მსგავსი რამ ძნელად სავარაუდო იყო, რადგან ტრავმების გამო ჩვენს გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლდა და მოედანზე გასულ მოთამაშეთა ნაწილსაც ტრავმები აწუხებდა. ამასთან, ნაკრებშია გამოძახებული და დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა 9 ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რის გამოც მწვრთნელებს “მომავლის ყოჩებიდან” რამდენიმე მორაგბის დამატება და ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება მოუწია.
ერთი კვირის წინ “ბათუმთან” ფრედ დასრულებული მატჩის მსგავსად, 9 ნომრად შავლეგ მახარაშვილი იდგა, 15 ნომერზე ლევან გოგოლაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ გადაინაცვლა, ხოლო 10 ნომრად გიგი გაბუნია მოგვევლინა. მას კარგად მიყავდა თამაში, სწორედ ირჩევდა შეტევის მიმართულებებს და ფეხითაც დიდ მანძილზე გადაჰქონდა ბურთი. ცვლიბებმა და მწვრთნელების მიერ მიცემული დავალებების შესრულებამ აშკარად გაამართლა და “ყოჩებმა” პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ დაღლილობამ და ტრავმებმა იჩინა თავი და თამაში გაჭირდა, თუმცა, გუნდმა გაძლო, პრემიალური ქულით იმარჯვა და პურველი წრის ბოლოს მდევრებთან უპირატესობა 12 ქულამდე (!) გაზარდა, რაც თითქმის 3 ტური მშვიდად ყოფნის საშუალებას იძლევა და ეს სიკეთე სეზონის მიწურულს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
“ხარებს” გამორჩეული შერკინება ყავს და განსაკუთრებით პირველხაზელთა ტრავმების ფონზე, მასპინძლებს შერკინებაში უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ სტუმრებმა თამაში გაშალეს, ააჩქარეს და შედეგიც ლოგიკური დადგა. საწყის წუთებში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და მე-7 წუთზე “ხარებს” ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცა, მაგრამ კარის წინ დაახლოებით 25 მეტრიდან ასპროცენტიანი ჯარიმა გაუცუდდა. მერე თემურ სოხაძემ ორჯერ არეკნით სცადა “ყოჩების” დაწინაურება, თუმცა დაახლოებით 45 მეტრიდან ორივეჯერ მიზანმა უმტყუნა. ამ დროისთვის ბოლნისელთა უპირატესობა გამოიკვეთა, შავლეგ მახარაშვილი ცრუმოძრაობის შემდეგ დაცვას დაუსხლტა, იერიშში პირველხაზელი თეიმურაზ ჯინჭარაძე ჩაერთო, შეტევა კვლავ მახარაშვილმა გააგრძელა, მან მარჯვნივ მიხეილ არჩუაშვილს უპასა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა და მბოჭავის მცდელობის მიუხედავად, ჩათვლის მოედანს მაინც მისწვდა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გაიტანა.
24-ე წუთზე სოხაძის წინ ერთბაშად სამი მცველი რომ აიტუზა, ფეხით მოკლეზე შეიცურა ბურთი და რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ მას თავადვე დაეუფლა, მარცხნიდან ჩართულ ლევან გოგოლაშვილს დროულად უპასა, ისიც მაღალ სიჩქარეზე ბოლო მცველთან კონტაქტში შევიდა, რასაც მისგან მბოჭავი აშკარად არ ელოდა და აყირავდა, თავად ფეხზე დარჩა და მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 0:12. ამით მან რუსთაველებს შარშან, ჩაშლილი მატჩისას მიღებული დაუმსახურებელი დარტყმისთვის სამართლიანი სამაგიერო გადაუხადა.
“ხარები” გამოცოცხლდა და მძლავრად შეუტია. დაახლოებით 5 წუთი ბოლნისელთა 22-ში მოკლე დარტყმებმა შედეგი ვერ მოიტანა, მერე “ყოჩებმა” ბურთი მოიხელთა, არჩუაშვილს სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა ბოჭვაზე წასულ მეტოქეს თავზე გადაახტა, გოგოლაშვილმა და ირაკლი გეგენავამ კიდევ უფრო წინ წაიწიეს, ჯინჭარაძე ორმა მორაგბემ რომ შებოჭა ნიკო აფციაურს ოფლოუდი მაინც გაუხერხა და მანაც ძელებსშუამდე ირბინა. სოხაძეს გარდასახვა არ გაჭირვებია.
“ყოჩებმა” ტემპს კიდევ უფრო უმატა და ძალისმიერ რაგბის მოყვარულ “ხარებთან” ერთადერთი სწორი გამოსავალი ნახა – თამაში გაშალა. სისწრაფემ შედეგი მალევე გამოიღო, სოხაძემ ხაზი ისევ გაჭრა და გოგოლაშვილი დაგეზა, ის ჩათვლის მოედნიდან ათიოდე მეტრში შებოჭეს, მარცხნივ გადაცემა ჯინჭარაძეს მიუვიდა, რომელიც მის წინ აღმართული კედლისკენ ტანკივით დაიძრა, გზა ბრძოლით გაიკვლია და ალამთან ლელო გაიტანა. უნდა ითქვას, რომ “ხარებთან” ჯინჭარაძემ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა – 1 ლელო თავად გაიტანა და ორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სოხაძემ გარდასახვა შეასრულა – 0:26.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მოკლე დარტყმებით და შერკინებით უტიეს, ერთხელ ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ აფრიკელმა რეფერიმ ბურთი ვერ დააფიქსირა. საბოლოოდ სტუმრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდნენ, არადა, ამ დროს ლელო რომ გასულიყო,მეორე ტაიმში ბევრად უფრო გაჭირდებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ ჯარიმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ მერე “ყოჩებს” დაღლა დაეტყო და თავის მხრივ “ხარებმაც” იძალა. შერკინებაში უპირატესობა უფრო თვალნათელი რომ გახდა, რუსთაველებმა პირველი კარგი იერიშიც განახორციელეს და ლელოც აუცილებლად გავიდოდა ბურთის გაშლის შემდეგ შემტევს მისი შემაგრება რომ მოეხერხებინა. ბოლნისელებმა ჯარიმებს მოუხშირეს, მაგრამ მათ კარში დარტყმას აზრი აღარ ჰქონდა და მასპინძლებიც მოლით და მოკლე დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ორჯერ რეფერიმ კვლავ ვერ დაინახა ბურთი და შერკინებები დანიშნა, რამაც რუსთაველი გულშემატკივარი გააღიზიანა, თუმცა, თავად კლუბის წარმომადგენლებმა ტრიბუნების დამშვიდება მოახერხეს.
დაახლოებით 25 წუთი თამაში “ყოჩების” 22-ში მიდიოდა და ამდენი 5-მეტრა შერკინებებისა და მოლების შემდეგ ლელო რომ გავიდა ლოგიკურია. მაგრამ მერე ბოლნისელებმა ძალები მოიკრიბეს და მორიგი 5-წუთიანი მიძალება რომ მოიგერიეს და კონტრშეტევით მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, მასპინძლები წაგებას შეეგუენ. ლელოს გატანის შანსიც იყო, სოხაძემ დასარტყმელი ჯარიმით 3 ქულის აღებაზეც უარი თქვა და გუნდი ლელოზე ათამაშა, მერე ერთი არეკნიც გაუფუჭდა, მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და “ყოჩებმა” პრინციპულ და მნიშვნელოვან ჯახში 29:7 იმარჯვა.
ახლა გუნდი ერთი კვირით დაისვენებს, ნოემბრის ბოლოს კი მეორე წრე დაიწყება და ბოლნისური კლუბი 29, ან 30 ნოემბერს “არმაზის” დამარცხებას ეცდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
IX ტური 
16 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 1000 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) – ყოჩები (ბოლნისი) 7:29 (0:26)
ხარები: 15. დავით გულიტაშვილი, 14. ბექა ბებიაშვილი, 13. ნიკა ბერძული, 12. რატი ღამბაშიძე, 11. ლექსო მელიქიშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. კობა ბუჯიაშვილი (გიორგი ნათელაშვილი); 1. ზვიად ესართია (შოთა მაჭარაშვილი), 2. უჩა აღაშვილი (ვაჟა თაგაური), 3. მიხეილ წიკლაური (გიორგი მელიქიძე), 4. გენო ხელია, 5. მამუკა ცხადაძე (სოლომონ ქარუხნიშვილი), 6. გიგა ქვლივიძე, 7. ზვიად ღამბარაშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
1 ლელო: მელიქიშვილი
1 გარდასახვა: ნათელაშვილი
ყოჩები: 15. თეიმურაზ სოხაძე, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა (მალხაზ ქუშაშვილი 75), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიგი გაბუნია (გიორგი მელაძე 67), 9. შავლეგ მახარაშვილი; 1. ბაჩანა გოგიშვილი (ალექსანდრე ესაკია 58), 2. დავით ხიდეშელი (ირაკლი სვანიძე 72), 3. თეიმურაზ ჯინჭარაძე (შოთა მაღრაძე 52), 4. მიხეილ არჩუაშვილი (ნიკა გაფრინდაშვილი 78), 5. რატი ურუშაძე, 6. ნიკო აფციაური (გიორგი ტყეშელიაძე 60), 7. ჯაბა კიკვიძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (გაგა მაისურაძე 72).
4 ლელო: არჩუაშვილი, გოგოლაშვილი, აფციაური, ჯინჭარაძე
3 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
თბილისი. “ავჭალა”. 
არმაზი (თბილისი) – აია (ქუთაისი) 12:26
თბილისი. “ვისოლი”. 
ლელო (თბილისი) – არმია (თბილისი) 22:19
1. ყოჩები 9 8 1 0 217-116 36
2. ხარები 9 5 1 3 168-138 24
3. ლელო სარ. 9 5 2 2 150-138 24
4. ჯიქები 8 4 1 3 118-110 20
5. აია 8 4 0 4 131-127 19
6. არმია 9 4 0 5 129-161 19
7. ბათუმი 8 3 1 4 163-160 17
8. ლოკომოტივი 8 3 0 5 117-131 16
9. არმაზი 7 3 0 4 120-126 14
10. თიბიეს უნივ. 9 0 0 9 125-231 3
22 ნოემბერი. გადადებული
ბათუმი – აია

Share.

Comments are closed.