საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

0

424c5fb2a06dbb81a192d12bc560f4dc_26372საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს არა ერთხელ, მათ შორის, ბოლოს 2014 წლის ივლისში, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობის საქმიანობის პროგრამა. შესაბამისად, ყოველგვარი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, არის უსაფუძვლო. თუ რაიმე საფრთხე და პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით, და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, იმიტომ, რომ წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და შესაბამისი პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის, უახლოეს დღეებში და კვირებში დაგეგმილი საკითხების წარმატებით მოგვარებას, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, რომლებმაც ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ , საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას აღარ მოუწევს საქმიანობა. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი, ჩვენ გვინდოდა, რომ მათ ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ამასობაში, შეგახსენებთ, რომ მინისტრი ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და როგორც ზოგადად პოლიტიკოსებს, ასევე მინისტრებს, გვიწევს ხოლმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთება, თუმცა, ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო. შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ისე, რომ მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა ძირითადი მონაწილე, ნებით, თუ უნებლიედ, ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ის, რომ ჩვენმა კოლეგებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადაწყვიტეს უმრავლესობიდან გასვლა, მე მინდა „თავისუფალ დემოკრატებს“, მის თითოეულ წევრს, მოვახსენო მადლობა იმისთვის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ერთად ვშრომობდით და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის კედლებში ძალიან ბევრ საკითხზე და ბევრ თემაზე, იმ პირობებშიც, როდესაც ისინი უმრავლესობის წევრები აღარ იქნებიან, ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ამას მე პირადადაც ხაზს ვუსვამ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი და ჩვენს თანამოაზრეებს, ლიბერალებს „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ვთავაზობ რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ, პარლამენტის კედლებშიც და სხვაგანაც, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ერთად მუშაობა. ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზეც კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ ჩვენ – საქმე ეხება სამართალდამცავი სისტემის, კერძოდ, პროკურატურის უკეთ დაცვას პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან. ამ მიმართულებით, ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრს, კონკრეტულად იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, ვის უშუალო უწყებრივ დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს პროკურატურა, მიეცეს სათანადო სამართლებრივი ბერკეტები, იმისთვის, რომ მთავარ პროკურორს, ან მის მოადგილეებს არ უწევდეთ პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან რაიმე პოზიციის დაფიქსირება, რაც რა თქმა უნდა არ არის სასარგებლო არც მართლმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სამართალდამცავი სისტემა, მათ შორის, პროკურატურა, იყოს დაცული პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩენისგან. ამ კონკრეტულ საქმეში, ამ კონკრეტულ მოვლენათა განვითარების ჯაჭვში ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავაუმჯობესოთ მუშაობა. რაც შეეხება კოალიციას, უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ საკითხზე ვმსჯელობთ, სამწუხაროა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამ მსჯელობას გამოაკლდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამეა დასახვეწი, ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი, ბევრი რამაა ახალ საფეხურზე ასაყვანი და ამ მიმართულებით, მე, პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ, „რესპუბლიკელები“, პარტიორებთან ერთად გავაგრძელებთ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ფუნდამენტურ და სერიოზულ მსჯელობას. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, მომავალი კვირიდან ჩვენ განვაახლებთ პლენარულ სხდომებს, გავაგრძელებთ ყველა იმ დოკუმენტზე და ყველა იმ კანონპროექტზე მსჯელობას, რაზეც მსჯელობა გვქონდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი ქვეყნის განსაზღვრულია პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის მარტში, ეს არის უცვლელი და მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა სათანადო განცხადებები ამ მიმართულებით, რომ რაიმე გაუგებრობებს არ ჰქონდეს ადგილი. მე ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები, რაც ბოლო დღეებში განვითარდა, იყოს სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის, ვისაც ქვეყნის ინტერესები და ქვეყანა გვაინტერესებს და გვქონდეს იმის საშუალება, იმის უნარ-ჩვევები და იმის ნებისყოფა,რომ საკითხები მოვაგვაროთ ისე, რომ თუნდაც მცირეხნიანი პრობლემები არ გავუჩინოთ ქვეყანას და არ გვქონდეს რაიმე კითხვები საერთაშორისო ასპარეზზე.

Share.

Comments are closed.