სასჯელაღსრულების სისტემაში „გონივრული მიღებისა და განთავსების“ პირველი განყოფილება გაიხსნა, რომელიც ე.წ. „ფუქსებს“ და „კარანტინს“ აუქმებს

0

Georgia - smart reception unitსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გონივრული მიღებისა და განთავსების პირველი განყოფილება გახსნა, რომელიც სისტემაში ახლად შემოსახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება ერთ სივრცეში უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის და სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

განყოფილებამ უნდა უპასუხოს დინამიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული და შექმნილი, პერსონალმა კი, რომელიც განყოფილებაში იმუშავებს, გაიარა სპეციალური მომზადება.

„გონივრული მიღების“ კონცეფცია მთლიანად აუქმებს და ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას, რომელიც ახლად მიღებული პატიმრის ე.წ. „კარანტინებსა“ და „ფუქსებში“ განთავსებას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) 2010 და 2012 წლების ანგარიშებში ორჯერ გააკრიტიკა საქართველო, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ „კარანტინებში“მცირე „კუბიკისებური“ სათავსოების გამო, სადაც პატიმრის ყოფნა დაუშვებლად იქნა მიჩნეული – ორივე ანგარიშში, კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პრაქტიკის გაუქმებისკენ მოუწოდებდა (იხილეთ CPT-ის 2010 და 2012 წლების ანგარიშები საქართველოს შესახებ www.cpt.coe.int/en/visits.htm.)


Share.

Comments are closed.