საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 წლის იუბილე აღინიშნა

0

10830803_930986960263400_5601398440252120367_oშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების ათი წლის იუბილე მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და სხვა დამსახურებებისთვის სპეციალური ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა:

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი ვახტანგ ანზორის ძე ვარსიმაშვილი, რომელიც ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად გამოძახებაზე მისული, მეუღლეზე და შვილზე აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ვიქტორ როსტომის ძე ჯაფარიძე, რომელმაც ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან უვნებლად გამოიყვანა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი გიორგი აბესალომის ძე კოპალეიშვილი, რომელმაც მეწყვილესთან ერთად, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან უვნებლად გამოიყვანა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი კახაბერ ჯემალის ძე ჭიტაძე, რომელმაც მოქალაქე თბილისის ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ხუზა ელგუჯას ძე ჭანტურია. მან შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირები, რომლებმაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ლევან გივის ძე ბუიშვილი, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად კვამლში გახვეული სადარბაზოდან უვნებლად გამოიყვანა 10 წლის ბიჭი და 12 წლის გოგონა;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდნენ პოლიციის მაიორი ეკატერინე მურმანის ასული ერაძე და მისი მეწყვილე პოლიციის ლეიტენანტი ლევან ზაურის ძე შენგელია, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანეს;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის ლეიტენანტი გიორგი თეიმურაზის ძე მამუჩიშვილი. მან დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირები, რომლებმაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე დააკავა ავტომანქანის გატაცებასა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული პირები;

მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ხვიჩა გელას ძე ნავროზაშვილი, რომელმაც დააკავა ყაჩაღობაში ბრალდებული და ავტომანქანის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები;

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა კაპიტანი ილია გევლონის ძე სულაკაძე. მან მოქალაქე გადაარჩინა, რომელიც მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა;

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ნათია ელიზბარის ასული მარსაგიშვილი;

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელენე მალხაზის ასული ჩაჩავა;

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი სალომე თეიმურაზის ასული ებანოიძე;

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მაკა შოთას ასული იონიანი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით ასევე გამოვიდა „ფორდი“-ს საწარმოს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალური დირექტორი ვიქტორ მონლარი.

ღონისძიებაზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორი“-ს პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ავტომანქანები სპეციალურად პოლიციისათვისაა შექმნილი, გათვალისწინებულია პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის ყველა საჭირო დეტალი და ელემენტი. ახალი სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არცერთ სპეცავტომობილს. „ფორდ ინტერსეპტორი“ მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებისა და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა.

ღონისძიების ბოლოს გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები. სტუმრებს ასევე გააცნეს ის ცვლილებები და სიახლეები, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა.

Share.

Comments are closed.