„საბაობა 2014“ კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში ჩატარდა სკოლებს შორის შეჯიბრი პრეზენტაცია-კვლევა სულხაბ-საბა ორბელიანზე. კონკურსში 7 სკოლა მონაწილეობდა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც საბას ცხოვრება, ისე მისი შემოქმედება და მოგზაურობა ევროპაში. პრეზენტაცია-კვლევის გამარჯვებული გახდა №5 საჯარო სკოლა, რომელსაც გადაეცა დიპლომი და წიგნები. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეები.
„ბავშვებმა გვამოგზაურეს დიდი სულხანის შემოქმედებაში, რაც მისასალმებელია. 7 სკოლა წარსდგა ჟიურის წინაშე, გამორჩეული იყო №5, №3 საჯარო სკოლები და სასულიერო გიმნაზია. თუმცა არც სხვა სკოლებს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ ყველანი კარგად წარსდგნენ ჟიურის წინაშე, მაგრამ, სრულყოფილი მხოლოდ №5 საჯარო სკოლა იყო ამიტომაც აიღო პირველი ადგილი, მათ ძალიან ლამაზი წარმოდგენა ჰქონდათ. გამოითქვა პრეტენზიები, რომ დებულებაში მითითებული არ იყო თეატრალიზებული წარმოდგენა, თუმცა არც აკრძალვა ყოფილა“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ჟიურის თავმჯდომარემ მარინა ქობულაძემ.