როდის ჩაეყარა საფუძველი და როგორ აღინიშნებოდა საბაობა

0

3955a7b4cdffსაბაობას, როგორც სახალხლო დღესასწაულს, ოცდაათწლიანი ტრადიცია აქვს. პირველი ღონისძიება, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან მესამე წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 2008 წლის ნოემბერი  მის მშობლიურ სოფელ ტანძიაში აღინიშნა. იყო დრო, როცა საბას დღეობისთვის ქვეყანას არ ეცალა და ამ მნიშვნელოვან თარიღს საკადრისი აღნიშვნის გარეშეც ჩაუვლია. ტანძიას ის დროც ახსოვს, როცა შემოდგომის დღესასწაული მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თავშეყრისა და პოეტური ნობათით თავის მოწონების ადგილი იყო. ცნობილი ქართველები თუ ქვეყნის პირველი პირები ტანძიის ღია ცის ქვეშ გამართული სცენიდან მიმართავდნენ საზოგადოებას. იმართებოდა ცეკვა – სიმღერა. სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზო სტუმრებს ვერ იტევდა.

2008 წლის 4 ნოემბერს ტანძიამ მეცხრე საბაობას უმასპინძლა. საიუბილეო მრგვალი თარიღი – 350 წლისთავი მოკრძალებულად აღინიშნა. ბოლნისელმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ მოიხარეს ქედი ღირსეული წინაპრის წინაშე, ვინც ტანძიას შორს გაუთქვა სახელი.

– როგორც ცნობილია, თქვენ ხართ საბაობის სულისჩამდგმელი, როგორ გაიხსენებთ პირველ საბაობას?

ზურაბ ერისთავი, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი:

– პირველი საბაობა 1979 წელს აღინიშნა და აქედან ჩაეყარა საფუძველი ამ დღესასწაულის ტრადიციას. იმ დროს რაიკომის მდივანი იყო აწ განსვენებული ოთარ ღლონტი, მე მაშინ რაიაღმასკომის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გახლდით. დამიძახა და მითხრა – იმართება იყალთოობა, შოთაობა, ილიაობა ქვეყნის მასშტაბით, კარგი იქნებოდა, ჩვენს რაიონსაც ჰქონდეს ტრადიციული დღესასწაული, მოდი, რამე მოიფიქრეო. არჩევანი სულხან-საბა ორბელიანზე შეჩერდა, როგორც საამაყო წინაპარზე. შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, რომელშიც შედიოდა ის ხალხი, ვინც ამ საქმეს წაადგებოდა:  კულტურის განყოფილების ხელმძღვანერლი – ნანა დევნოზაშვილი, განათლების განყოფილების გამგე – ზურაბ ბარათაშვილი, ზაურ ხუჯაძე – მუსიკალური სკოლის დირექტორი. გარდა ამისა, ღონისძიების მოწყობაში ჩართულები იყვნენ ბოლნისელი ინტელიგენციის წარმომადგენლები – პროფესორები ელიზბარ ჯაველიძე და ლადო მინაშვილი, მუსიკოსი შოთა ჩაკვეტაძე. მათ ჰყავდათ მეგობრები, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიასთან გვაკავშირებდნენ. I არხის ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო სოლომონ ლაფაური, რომელიც სატელევიზიო გადაღებებში გვეხმარებოდა. საბაობის ამსახველი ძველი ფირები, სამწუხაროდ, საზოგადოებრივ მაუწყებლის ოქროს ფონდში თუ შემორჩა. გარდა ამისა, ლაფაური სარეკლამო რგოლებსაც ამზადებდა. ერთი კვირით ადრე მთელ საქართველოს ტანძიაში ვეპატიჟებოდით და ხალხიც სიამოვნებით მოდიოდა. ლიტერატურული სახლ-მუზეუმის ეზოში ორასი ათასზე მეტი კაცი იყრიდა თავს, ეზოს ხეები პატარა ბავშვებით იყო დახუნძლული – სანახაობას იქიდან ადევნებდნენ თვალს.

ტრადიციულად საბაობა შემოდგომაზე იმართებოდა. მეურნეობის დირექტორი თუ წარმოება-დაწესებულებების ხელმძღვანელები ფეხზე იდგნენ სტუმრის მისაღებად. ჩვენთვის წინასწარ იყო ცნობილი, ვინ უმასპინძლებდა თითოეულ მათგანს. საბაობის ხშირი სტუმრები იყვნენ ჩვენი მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, თუ ცნობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები. ჩამოდიოდა ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, მუხრან მაჭავარიანი, რომელიც საბაზე ლექსს სცენიდან დასჭექდა, ჭაბუა ამირეჯიბი. ნოდარ დუმბაძე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ერთხელ პირადად ვთხოვე ჩამობრძანება. მე გულით ავადმყოფი ვარ და იქაურ მაღალ ჰავას ვერ ავიტანო – უარი მითხრა. საბაობაზე ჩამოდიოდნენ აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, მხატვრული კითხვის ოსტატები – გურამ საღარაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე. ერთ-ერთი საბაობა ქართლოს კასრაძეს მიჰყავდა, რომელიც საგანგებო მოწვევით ჩამოვიდა. ტანძიის სცენაზე მღეროდნენ ოპერის მომღერლები, ანსამბლი „რუსთავი“, რომლის სოლისტი ჰამლეტ გონაშვილი იყო.

საბაობას, როგორც საერთო სახალხო დღესასწაულს, მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა. იგი ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლური ზეიმი იყო. ვიწვედით დელეგაციებს სომხეთიდან – კალინინოს რაიონიდან, უკრაინიდან – ბერშადის რაიონს, რომელიც ბოლნისთან იყო დამეგობრებული, აზერბაიჯანიდან –ყაზახის რაიონს და მეზობელი რაიონების ხელმძღვანელებს. საბაობის თანმხლები იყო გამოფენა-ვაჭრობა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები მართავდნენ. იმერეთიდან – შროშადან ჩამოჰქონდათ თიხის სასმისები. ქვევრები თუ დოქები, რომლებიც სუვენირის სახით იყიდებოდა, აქ ნახავდით თუშურ ქუდებსა და წინდებს ახმეტიდან, სვანურ ქუდებს – მესტიიდან.

საბაობა ჰარმონიულად შეკრული თეატრალიზებული სანახაობა იყო, ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა, სიმღერა თუ ცნობილი მოღვაწის გამოსვლა. სახლ-მუზეუმის ეზოში იმართებოდა შეჯიბრება ლახტში, ქართულ ჭიდაობაში. მსოფლიო ჩემპიონები ნანა ალექსანდრია და ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულ სეანსებს მართავდნენ ჭადრაკში. იმ დღეს ბოლნისის აეროდრომიდან საგანგებო აფრენა საბაობას ეძღვნებოდა. ტანძიის თავზე ვერტმფრენიდან ათეულობით პარაშუტისტი ეშვებოდა ქართული დროშებითა თუ საულხან-საბას პორტრეტებით. გამოდიოდა რაიონული გაზეთის ფერადი ნომერი, რომელიც მთლიანად ამ დღესასწაულს ეძღვნებოდა. ერთ-ერთ საბაობაზე ბოლნისის საპატიო მოქალაქეები ავირჩიეთ, საგანგებოდ საბაობისთვის ჩამოისხა ბრინჯაოს მედალი საბას ბარელიეფით, რომელიც ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს, ძირითადად მეზობელი ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს და მწერლებს, მათ შორის, ირაკლი აბაშიძესაც გადავეცით.

საბაობის, როგორც საერთო-სახალხო ზეიმის უმთავრესი მიზანი ეროვნული სულის აღზევება იყო, ჩვენი დიდი წინაპრის ღვაწლის დაფასება. ეროვნული სიამაყის განცდის მომნიჭებელი და მომავალი თაობებისთვის მისაბაძი მაგალითიც. დღეს საბაობა მასშტაბურად აღარ აღინიშნება, ნელ-ნელა დაკარგა ამ დღესასწაულმა თავისი მნიშვნელობა, მიჩუმათებულია, არადა უპრიანია დღეს ჩატარდეს, როცა ქართული სულიერების აღორძინებისთვის ასე საჭიროა.

ეთერ აფაქიძე, ტანძიის მკვიდრი, პოეტი:

– მახსოვს სულ პირველი საბაობა 1958 წელს, რომელიც საბას მეასე წლისთავს მიეძღვნა. მაშინ ეს გზა მოაასფალტეს, სოფელში შუქი გაიყვანეს. გაბრწყინებული იყო ჩემი სოფელი, მახსოვს ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე ტანძიის სახლ-მუზეუმის სცენაზე, მაშინ მოკრძალებული გოგო ვიყავი. სულხან-საბაზე მქონდა ლექსი დაწერილი და ვნატრობდი – ნეტავ, თუ დადგება ის დრო, რომ ამ სცენიდამ  წავიკითხო-მეთქი.

1991 წელს გამოიცა ჩემი პირველი კრებული, რომელიც „მერანმა“ დაბეჭდა . 2004 წელს მეორე კრებული გამოიცა „ფესვები გიხმობს“. ამ გადასახედიდან მიხარია, რომ ამდენს მივაღწიე. მადლობა ყველას, ვინც ჩემი ლექსები დაბეჭდა, განსაკუთრებით, გაზეთ „ბოლნისს“.

საბაობის ყოველ დღესასწაულზე მიწვევენ, დიდი სიხარულით ჩამოვდივარ ჩემს სოფელში. საბაობა ჩემთვის დღესასწაულთა დღესასწაულია. დიდ წინაპარს რომ პატივს მოაგებენ სამას ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ეს ჩემი სოფლის სიამაყეა. ნათქვამია – პატარა სოფელი სახელს მაშინ გაითქვამს, როცა ოქ დიდი ადამიანი დაიბადებაო. თუმცა გული მწყდება, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა რამდენიმე წელია უკვე მისახედი და შესაკეთებელია. ტანძიის ღვთისმშობლის ტაძარია წელსაც გუმბათმონგრეულია, ზამთარ-ზაფხულ წვიმისა და თოვლისაგან ფრესკებჩამორეცხილი ხვდება ამ დღესასწაულს, საბას თქმისა არ იყოს, ღმერთმა ქმნას და შემდეგში ამ სატკივარის მორჩენა შეიქნას, დიდი პატივისცემა იქნება ტანძიაში აღზრდილი  შვილების, დიდი საბას ხსოვნისადმი.

საუკუნეებმა გადაიარა,

წელს წელი მოჰყვა, გავიდა ხანი,

ამ მთას, ამ ველებს, ამ ცას კრიალას

გუშინდელივით ახსოვთ სულხანი.

აქ აწუხებდა დარდიც და სევდაც,

სამშობლოს ტრფობით ანთებულ ყმაწვილს,

ზეცაც სულხანის თვალებით სტირის,

ტანძიაში რომ ყვავილებს აწვიმს!

დრო ვერ გადაშლის მის ნაფეხურებს,

გზას ტანძიისას მაგრად აჩნდება,

ქართველმა ერმა მამა უწოდა,

და სამუდამოდ მამად დარჩება.

კობა ჟღენტი, ქორეოგრაფი:

– მე ვიხსენებ ხოლმე ჩემს ბავშვობაში როგორ ტარდებოდა საბაობა, საბჭოთა წყობაში, შელახული იყო ერების ინტერესები. ამის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები იმართებოდა ჩვენს ქვეყანაში –დიდგორობა, საბაობა. მოთხოვნა, რომ ეროვნული ინტერესები წინ წამოწეულიყო, ხალხისაგან მოდიოდა და მთავრობა, რომელიც გრძნობდა, რომ საბჭოთა წყობის დაშლა გარდაუვალი იყო, წინააღმდეგობას აღარ უწევდა ხალხის სურვილს. დღეს საბაობა მოკრძალებულად აღინიშნება. ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური მდგომარეობაა, საზოგადოებაში პესიმიზმმა დაისადგურა. რით უნდა გაამხნევო ხალხი, თუ არა სახალხო ღონისძიებებით? საზოგადოებას სულიერი საზრდო სჭირდება. ოდითგან ასე იყო როცა განსაცდელი იდგა, ჩვენ ვმღეროდით და ვცეკვავდით, ასე ვამხნევებდით ხალხს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვისათვის საბაობას მეტი დატვირთვა მიეცემა, როგორც საერთო სახალხო დღესასაწაულს. სულხან-საბაც ასე იბრძოდა იმ ეპოქაში, როცა სინათლე არსაიდან ჩანდა. ის ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავდა –ღმერთმა ქმნას, ჩემს უკან ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქმნასო – თავისი ოცნება ანდერძად დაგვიტოვა. მთელი ერის ოცნებაც ეს უნდა იყოს.

ინგა გერლიანი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი:

– სულხან-საბა ერთდროულად იყო მწერალი, მეცნიერი, სწორუპოვარი ლექსიკოგრაფი და მეიგავე-დიდაქტიკოსი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურს, ქვეყნის ეროვნული სულის გადარჩენისთვის ბრძოლას შეალია და სამარადისო უკვდავება დაიმსახურა. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს, საქართველოს მამად, მისი დაბადებიდან 350-ე წლისთავი აღინიშნება და დღევანდელი ზეიმი ამ ძირძველ ქართულ მიწაზე დიდსულოვანი ქართველი ერის მადლიერების დასტურია ღირსეული წინაპრის წინაშე.

– რომელია საბაობა დაგამხსოვრდათ გამორჩეულად?

– სანახაობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა 2002 წელს ჩატარებული საბაობა, რომელიც სუხლან-საბას 344-ე წლისთავს მიეძღვნა. ქალაქ რუსთავის თეატრმა სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე დადგა თეატრალური წარმოდგენა. „მოვალე ვარ ქართველთათვის“. სცენის ავტორი იყო ქალბატონი გუჩა კვარაცხელია, ხოლო სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ გოგი ქავთარაძე. საბაობას პარტლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა, სტუმრად იყო აზერბაიჯანის ელჩი ჰაჯან ჰაჯიევი. საბაობაზე მოხდა მწერალთა და მოღვაწეთა აკადემიის გახსნა, რომლის პრეზიდენტად მწერალი ნოდარ წულეისკირი აირჩიეს.

– რას ნიშნავს საბაობა ტანძიის მკვიდრისთვის?

– ყოველი საბაობა კიდევ ერთხელ მიახლოებაა საბას სულთან, მისი სამყაროს გათავისება, უდიდესი ბედნიერების განცდაა. სულხან-საბა ამოუწურავი სიბრძნეა. განუმეორებელია მის მიერ განვლილი გზა, როგორც შემოქმედისა და ერისკაცისა. მის სიბრძნეს უდიდესი ძალა აქვს ყველა ეპოქაში. ინებოს უფალმა, საბასნაირი მამულიშვილები მრავლად მოუვლინოს საქართველოს.

– სულხან-საბამ პირველმა გადადგა ნაბიჯი ევროპისკენ. დღევანდელი გადასახედიდან როგორ აღიქმება ეს ისტორიული ნაბიჯი?

– შეიძლება ითქვას, რომ ინტეგრაციის კუთხით, პირველი ფანჯარა ევროპისკენ საბამ გაჭრა. ცდა წარუმატებლად დამთავრდა, თუმცა ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, როგორც პირველი გზის გამკვალავი ევროპისკენ. მაშინ საქართველო დასავლეთისთვის არაფერს წარმოადგენდა. ევროპა თავის პრობლემებში იყო  ჩაძირული. სპარსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდა როგორც ლუდოვიკო  XIV, ასევე რომის პაპი კლიმენტი XI სიტყვიერი დაპირებები არ დაიშურეს, თუმცა ამ დაპირებებს ასრულება არ ეწერა.

– სულხან-საბას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კათოლიკობის მიღებასაც დასთანხმდა…

– სულხან-საბამ როგორც ერის კაცმა, ყველაფერი მიიტანა ქვეყნის სამსხვერპლოზე. მე ვამართლებ ამ ნაბიჯს, რომელიც საქართველოსთვის საჭირო იყო. ისტორიულად ცნობილია, რომ ექვსი ქართველი მეფე გამაჰმადიანდა. როდესაც ვახტანგ VI ჰკითხეს –თქვენ მაჰმადიანობა მიიღეთო? ასე უპასუხა – ჩემი სხეული, სული და გული ქრისტეს ეკუთვნის, ხოლო მაჰმადს – ჩემი სხეულის მოკვეთილი ნაწილიო… აი, ასეთი წინაპრები გვყავდა. საბა საქართველოს ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა ოცნება ოცნებად რჩება – ინებოს უფალმა, ეს ოცნება ახდეს!

დარეჯან  რეხვიაშვილი

გაზთი „ბოლნისი”

2008 წელი


Share.

Comments are closed.