რა მოთხოვნები აქვთ №4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და მასწავლებლებს

0

10748551_1568449423368092_1816008400_nდაახლოებით ერთი თვის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს №4 ბაგა-ბაღის მშობლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს,  სადაც ვკითხულობთ:

„მოგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლამ (რაც ძალზე სასიხარულოა), გამოიწვია აღსაზრდელთა კონტინგენტის ზრდა, რამაც წარმოქმნა ფართის პრობლემა, კერძოდ, ჩვენს ს/ბაღში უფროსი ასაკის აღსაზრდელები არიან მეტად შევიწროებულნი, არაკომფორტულ მდგომარეობაში (10 კვადრატული ფართის ოთახში 31 აღსაზრდელია) რაც საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას, ამას ერთვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გეოლოგების დასახლებაში  ერთი ბაღია, რომლითაც სარგებლობს სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობაც. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა დარჩნენ საბავშვო ბაღის გარეთ. ამჟამად, საბავშვო ბაღში ჩარიცხულია 111 აღსაზრდელი, რაც ჩვენი ფართის პირობებში ყოვლად დაუშვებელია.

ბაგა-ბაღს  გაფართოების რეალური საშუალება აქვს, თუმცა შენობის ნახევარი დაკავებულია კერძო სკოლა „დავითიანის“ მიერ, რომელიც სულ რამდენიმე წლით „შესახლდა“ და ცდილობს ყოველწლიურად გააგრძელოს ხელშეკრულება, ბაგა-ბაღის ინტერესების გაუთვალისწინებლად.

უმორჩილესად გთხოვთ, გაეცნოთ და გულთან მიიტანოთ ჩვენი პრობლემა, რაც არც თუ რთული მოსაგვარებელია. ბაღმა უნდა გააგრძელოს არსებობა და განვითარება, რაშიც თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს.“

მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად №4 ბაგა-ბაღს  ვესტუმრეთ და აღნიშნული პრობლემა პირადად გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ პატარა ოთახში, რომლის ფართი 10 კვადრატია, 31 აღსაზრდელს უწევს ყოფნა. ოთახი იმდენად პატარაა, ბავშვებს გადაადგილება უძნელდებათ. პედაგოგი ნინო ქანთარია გვიამბობს:

„მთელი დღე ამ პატარა ოთახში ყოფნა ძალიან გვიჭირს, თავიდან 35 აღსაზრდელი გვყავდა, მაგრამ 3 ბავშვი მშობლებმა ფართის სიმცირის გამო გადაიყვანეს, ჭირს მეცადინეობის ჩატარებაც, ახლა თბილი ამინდებია, ელექტრო გამათბობლით ვთბებით, რომ აცივდება საჭირო გახდება  ღუმელის დადგმა, რაც შეუძლებელია. სათამაშოდ ბავშვები რამდენიმე საათით დარბაზში გაგვყავს, მთელი დღე იქ ვერ ვიქნებით, რადგან სხვა ჯგუფებს უტარდებათ მეცადინეობა. არ გვინდა ფართის სიმცირის გამო ბავშვები ჩვენგან წავიდნენ“

გეოლოგების დასახლებაში ერთი ბაღია, სადაც 110 ბავშვი დადის, თუმცა მსურველთა რიცხვი დიდია, ოთახების უქონლობის გამო კი მენეჯერს  აღსაზრდელების მიღებაზე  უარის თქმა უწევს.

თამარ კოპალეიშვილი,  №4 საბავშვო ბაღის მენეჯერი:

– არსებული შენობა საბავშვო ბაღზეა გათვლილი, თავიდან ექვსი ჯგუფი ფუნქციონირებდა, თუმცა წლების წინ კონტინგენტის სიმცირის გამო, შენობა ცარიელი რომ არ ყოფილიყო, ნახევარი კერძო სკოლა „დავითიანს“  იჯარით გადაეცა. მას შემდეგ, რაც ბაღში სწავლა უფასო გახდა, ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა. ფართის სიმცირის გამო ორმოცდაათამდე აღსაზრდელი ვერ მივიღეთ, შენობა ამდენს ვერ  დაიტევს,  სამ ჯგუფზეა გათვლილი, თუმცა ბავშვთა სიმრავლის გამო, ჩემი ოთახი დავთმე და ჯგუფად გადავაკეთე. მე ნამდვილად არ ვითხოვ სკოლა შენობის გარეშე დარჩეს,  მინდა მოიძებნოს  ალტერნატიული გზა, რომ ორივე მხარე იყოს დაკმაყოფილებული.

შენობის ნაწილი კერძო სკოლა „დავითიანმა“ 2005 წელს 13 წლიანი იჯარით აიღო. როგორც დირექტორი მარინა გორშკოვა აღნიშნავს, დიდი შრომა დასჭირდათ რომ სკოლა ამ მდგომარეობამდე მიეყვანათ.

„ჩემი კოლეგების გვერდში დგომით გავაკეთეთ სკოლისთვის ყველაფერი. იერსახეს, რომელსაც დღეს ხედავთ, მრავალი წლის მანძილზე ვქმნიდით. უამრავ პრობლემას გავუძელით, თუ მოიძებნება ალტერნატიული შენობა, რომელიც განათლების სამინისტროს ყველა სტანდარტს და ნორმას დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში შენობის შეცვლაზე  თანახმა ვიქნებით, ნამდვილად აღარ შეგვწევს იმის ძალას, რომ გასარემონტებელ შენობაში შევიდეთ, ხელშეკრულება კიდევ 7 წელია ძალაში“.- აცხადებს გორშკოვა.

№4 საბავშვო ბაღის მშობლების განცხადებას წერილობითი პასუხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალევე გასცა. აღნიშნულ პრობლემაზე გოგი მეშველიანს ჩვენც  ვესაუბრეთ.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– განცხადებაში მშობლები გულისხმობდნენ შენობიდან კერძო სკოლის განსახლებას, ამით პრობლემა არ მოგვარდება. არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, რადგან „დავითიანს“  შენობა  13 წლიანი იჯარით აქვს აღებული, მისი დარღვევის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდა მოგვიწევს, ვინაიდან სკოლას აქვს გარკვეული ინვესტირება ჩადებული, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ხარჯია. სკოლის გაყვანით, ბაღის ამ ნაწილში განთავსება შეუძლებელია, მის ბაღად გადაკეთებას გარკვეული ფინანსები სჭირდება. გამოსავალი სხვა გზით უნდა ვეძებოთ. კერძოდ, გეოლოგების დასახლებაში მოვძებნოთ ადგილი, დავაპროექტოთ და ავაშენოთ საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა, რომელიც ბაღს მიღმა დარჩენილ კონტიგენტს დააკმაყოფილებს. პრობლემა ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. პროექტს მომავალი წლისთვის შევიძენთ, როცა ტერიტორია მოიძებნება.

10583779_1568449256701442_1341208753_n 10799355_1568449616701406_1093292580_n

Share.

Comments are closed.