მხატვრული კითხვის ოსტატი ბოლნისს სტუმრობდა

0

10816033_685731611541584_1295667312_nსანთლები, გიტარა, შემოდგომის გაყვითლებული ფოთლები და მომაჯადოებელი ხმა მხატვრული კითხვის ოსტატის მურმან ჯინორიასი, უკვდავი პოეტების უკვდავი ლექსები, რომლებიც  ოდითგან დაუვიწყარ სიმბოლოდ ქცეულა ქართველი კაცის სულში. ეს ყველაფერი 26 ნოემბერს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე პროექტის ფარგლებში „უკან სოფლისაკენ“  რუსთაველის თეატრის მსახიობმა  მურმან ჯინორიამ წარმოგვიდგინა, რომლითაც სიტყვის ოსტატმა  მთელი საქართველო შემოიარა. „ბოლნისში მესამედ ვარ, ერთხელ ახალგაზრდობაში ვიყავი „საბაობაზე“, შემდეგ 2006 წელს ბიბლიოთეკის დარბაზში და დღეს ბოლნისელების წინაშე წარვსდგები მონო სპექტაკლით, „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, პირველად ასეთი სპექტაკლი 1995 წელს რუსთაველის თეატრში დავდგი „ბედისწერა გვიხსნის მარად“, შემდეგ ერთი მსახიობის თეატრში „და სიმღერით ვკვდები“, ახლა მესამე სეზონია, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, რომლის საკონცერტო ნომერიც დღეს  ბოლნისში წარმოვადგინე. პროგრამა ტერენტი გრანელით დავიწყე, იყო ასევე  ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ტიციან ტაბიძე, შოთა ნიშნიანიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, მორის ფოცხიშვილი, ხალხური პოეზია და დავასრულე გალაკტიონით. ყველა პოეტი, რომელსაც ვკითხულობ, ძალიან ახლოსაა ჩემს სულთან, მაგრამ გამოვარჩევდი გალაკტიონ ტაბიძეს. ვისაც პოეზია ესმის, მან იცის როგორ განსხვავდება გალაკტიონი ყველა პოეტისაგან. მიხარია, რომ თქვენთან ვარ ჩემო ბოლნისელებო.“აღნიშნა მსახიობმა.

მურმან ჯინორია სპექტაკლის დაწყებამდე ბოლნელ მთავარეპისკოპოსს მეუფე ეფრემს ესტუმრა, რომლისგანაც დალოცვა და გულითადი მასპინძლობა მიიღო.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული და ღირსშესანიშნავია ბოლნისელებისთვის, რადგან მურმან ჯინორიასგან დიდი საჩუქარი მიიღეს. ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს, დალოცოს და გაახაროს. მისი წაკითხული თითოეული ლექსი დიდი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, იგივე დარიგება და დღესასწაულია. ღონისძიების დაწყებამდე ბატონმა მურმანმა პატივი დაგვდო, გვესტუმრა,  დავლოცეთ და მადლობა ვუთხარით ამ დიდი საჩუქრისათვის.“ –აღნიშნა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.

მეორე წელია რაც პროექტი სახელწოდებით „უკან სოფლისკენ“ საქართველოს ფარგლებში მოძრაობს და სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, პროექტის მიზანს მურმან ჯინორიას პროდიუსერი გიორგი კუბლაშვილი ასე ხსნის: – „პროექტი „უკან სოფლისკენ“, რომლის ფარგლებშიც ვმოგზაურობთ და ბატონ მურმანს დააქვს თავისი მონო სპექტაკლები, გამოხმაურებაა იმ არსებული მდგომარეობის, რომელიც ქვეყანაშია. ადამიანები ვერ ახერხებენ ჩამოვიდნენ თბილისში და დაესწრონ სპექტაკლებს, შეიძინონ ბილეთი მისი ფასის გამო. ბატონი მურმანის  მიზანი და სურვილია მოიაროს საქართველო, შეხვდეს ქართველ ხალხს და მოეფეროს მათ. უკვე 27 ქალაქში ვიყავით და ვაპირებთ კვლავ გავაგრძელოთ მოგზაურობა, ბოლნისიდან მარნეულს ვესტუმრებით.“


Share.

Comments are closed.