კინო და ცხოვრება – თორნიკე ადამაშვილის ბლოგი

0

10486554_550285028437662_4107859529345625184_oხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, რატომ ვერ ვწერ ბოლნისზე ან ბოლნისის გაზეთისთვის? ამ სერიების დაწერა “კინო და ცხოვრება” ბოლნისელი მკითხველისთვის ჯერ კიდევ 2011 წელს მინდოდა, როცა პირველად ვრწმუნდებოდი, რომ შემეძლო შემექმნა, კინოსა და გარკვეულ თემებზე სტატიები. გადაწყვეტილების მიღებაში ხელს აქაურობის მიმართ მძაფრი პროტესტი მიშლიდა და ვფიქრობ, ეს ნორმალურია. მაშინ ფეისბუქზე პირადი გვერდის ჩანაწერებით ვკმაყოფილდებოდი. ახლა არ ვნანობ ამ ყველაფერს. “გაბრაზებებმა” ცოტა გადამიარა და ალბათ კარგია, რომ საქმესთან ერთად სტატიებითაც ვუბრუნდები ქალაქს, სადაც გავიზარდე, სკოლაში შატალოზე დავდიოდი, სადაც პირველად მიყვარდა, პირველი სიგარეტი მოვწიე, ვნახე უსამართლობა, ძალადობა, კეთილი ადამიანებისა და სილამაზის ფასი. კინოც პირველად აქ შევიგრძენი…

ყოველთვის ვიცოდი, რომ ბოლნისს, როგორც ჩემთვის მიმზიდველ ქალაქს დავუბრუნდებოდი, რატომ არის ის ჩემთვის მიმზიდველი და რატომ მინდოდა ყოველთვის მაინცდამაინც აქ _  რაღაც “მასშტაბურის” კეთება, _ იმედია ამ ბლოგებში პეროდულად თქვენც და მეც ერთად შევიტყობთ, მაგრამ “ბოლნისზე თავდასხმისთვის” შემოვლა შორიდან დავიწყე. აქტიურად ვმუშაობდი რეგიონულ პროექტებში წნორში, რამაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. შემდეგ საერთოდ რეგიონების კინო და კულტურულ პრობლემებზე დავიწყე მუშაობა. საქართველოს ბევრ წერტილში მომიწია გასვილითი პროექტები, მაგრამ ბოლნისში თუ არ ჩავთვლით 2011 წელს გაკეთებულ სამდღიან კინოჩვენებას და 2014 წლის მაის-ივნისში კინოთეატრის აღდგენის 1 თვიან აქციას, აქ თითქმის არ შემეძლო საქმის კეთება. არ მინდოდა გამოუცდელად დაბრუნება და იმიტომ.

არ მინდოდა ისეთი რამე შემშლოდა, რასაც ბოლნისში ყოველთვის გამოიყენებენ შენ საწინააღმდეგოდ… ანდა პირიქით ყველანაირი წარმატება ჩემს “ბოლნისელობას” და “კარგ შვილობას” დაბრალებოდა… არ მივიჩნევ თავს მხოლოდ ბოლნისის მოქალაქედ და სწორედ ამის დამტკიცება მინდოდა ქალაქისთვის. არც საუკეთესო შვილი მგონია თავი, ასეთი რომ ვყოფილიყავი, თავიდანვე ბევრს ვიმუშავებდი ისეთ საქმეზე, რაშიც ფული იშოვება და მშობლების დაბრუნებას ვეცდებოდი… ბავშვობიდან რატომღაც  ხშირად მიმეორებენ მშობლების ნაცნობებ-მეგობრები,  “გიას და ხათუნას შვილები ცუდები არ იქნებით.” „გიას და ხათუნას შვილს“ სკოლაში არ უნდა მეცელქა და სიგარეტიც არ უნდა მომეწია. ასე მიიჩნეოდა, მაგრამ ერთსაც ვაკეთებდი და მეორესაც:)) ეტყობა ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდი. ამიტომ ბავშობიდან კარგად მესმის მღვდლების შვილების და სხვა მორალის სადარაჯოზე მდგომების ოჯახის წევრების. ეს ხუმრობით. სინამდვილეში კი როგორც ვთქვი, ბოლნისი ნამდვილად, ძალიან მიყვარს და სწორედ ამის გამო მქონდა გამძაფრებული პროტესტიც მის მიმართ…

ბოლნისზე, მის თავისებურ ხასიათზე და ადამიანებზე სასაუბროდ დრო მერეც გვექნება. დღეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი და გაცნობითი ბლოგია,  საინტერესო ფილმზე მომიწევს საუბარი. მაგრამ მოკლედ ვიტყვი იმას, რაც ჩემს მომავალ გეგმებს უკავშირდება. იმედი მაქვს ჩვენს მომავალ ურთიერთობასაც: ბოლნისში უამრავი სილამაზე და ამავდროულად უამრავი პრობლემაა. ჩვენ ხშირად, არც ერთის დანახვა გვინდა და არც მეორესი. შესაბამისად ქალაქის უმთავრესი პრობლემა სწროედ თვალების დახუჭვა და “არლაპარაკი” ანდა როგორც “ფეისბუქზე” გავრცელებულია ტერმინი ჩემს მეგობრებში “უმსჯელობები” გვახასიათებს. როგორ ვახერხებთ ამას? სითამამის და თუნდაც საჯაროდ სიტყვის თქმის შიშით. სამაგიეროდ შეგვიძლია, სადღაც ჰორიზონტზე სხვაგან, შორს გავიხედოთ და იქაურზე ვილაპარაკოთ, იქით მომხდარზე გავიცინოთ და ვიწუწუნოთ ხმამაღლა. ამაში ტელევიზორი (და ცოტა პრობლემურად) ფეისბუქიც გვეხმარება. „ცოტა პრობლემურად“ იმიტომ, რომ ეს მეტად საჯარო სივრცეა და აქ გამოთქმულ ყოველ სიტყვას და აზრს ვუფრთხით. ბოლნისელი მეგობრებისგან “ფეისბუქზე”  რესტორანში და ზღვაზე გადაღებული ახალი ფოტოებისა და თამაშის აპლიკაციების გარდა იშვიათად მომსვლია რამე საინტერესო. ამან იქამდეც მიმიყვანა, რომ ცალკე პროფილი გავაკეთე ფეისბუქზე მათთვის. თუმცა ეს სწორედ ჩემი დროებითი სისუსტის და ურთიერთობის ფორმის ვერგამონახვის ბრალიც იყო.

იმედია, ეს ურთიერთობების კრიზისი თანდათან გადაივლის და “უმსჯელობები”, მარტოდმარტო “კომედი შოუების” განხილვა, სადღაც შორს მომხდარი ყვითელი თუ პოლიტიკური (ეს ორი რამ უკვე ერთი და იმავედ იქცა) ამბების პროვინციალური გამო-ექო-ხმაურება თანდათან გადაიზრდება ადგილობრივი ღონისძიებების, ამბების, თუნდაც ძველის და საინტერესოს გახსენებით, მომავლის დაგეგმვით…  თუნდაც შორს მომხდარ, მაგრამ უფრო საინტერესო ამბებზე საუბარი, ვიდრე როგორი i phone -ს ახალი მოდელი გამოვიდა ნიუ-იორკში, ან როგორ გადაარჩინა პატარა ბიჭმა მატარებელი სინგაპურში. არც ამას ვერჩი რამეს, უბრალოდ ვისურვებ და თქვენც გისურვებთ სასაუბრო თემების გამრავალფეროვნებას. მაგალითად, რატომაც არ უნდა მოგიყვეთ ის, რაც გამიგია, წამიკითხავს ან მინახავს საერთაშორისო კინოფესტივალებზე? კანი, ბერლინალე, ვენეცია. რატომ არ არის ფესტივალი “ოსკარი” და რა განსხვავებები და მსგავსებებია მათში? რა ფილმებს უყურებენ იქ და მიიჩნევენ აქტუალურად? რა პროცესები იწყება ბოლნისის კინოსთან და სხვა კულტურულ პროექტებთან დაკავშირებით? იმედია, ამ “უმსჯელობების” და „პროვინციალური გათიშვის“ დაძლევაში სხვადასხვა სფეროში მომუშავე და გაცნობიერებული ადამიანები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) თავის წვლილს შეიტანენ. ამაში სწორედ “ბოლნისის” გაზეთის ბლოგი და სხვა ახალი საკონტაქტო (მათ შორის რეალური შეხვედრების) სივრცეების გაჩენა დაგვეხმარება.

ბლოგების გამოქვეყნება წელს გაზაფხულზე გაზეთ “ბოლნისთან” ერთად დავაპირე. დავწერე ოთხ სხვადასხვა ფილმზე, მაგრამ რედაქტორი დამეთანხმება ალბათ. მაშინ  გულწრფელად შევჩივლე თითოეულ ფილმზე იმდენის თქმა და ბოლნისის ყოფასთან დაკავშირება მინდა  ამდენს არავინ წაიკითხავს მეთქი და აღარ გამოვაქვეყნეთ… საბოლოოდ გადავწყვიტე, თითო ბლოგში რამდენიმე ფილმზე მოკლედ მოგითხროთ, იქვე ბოლნისზე და ჩემთვის საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. ბოლოსდაბოლოს ხუმრობა არ არის, ბოლნისში მალე საქართველოს მასშტაბით პირველი მუნიციპალური (ანუ არაკომერციული) კინოთეატრი გვექნება! და დროა, უფრო მეტი გავიგოთ ხარისხიანი კინოშემოქმედებისა და თანამედროვე კულტურის ტენდენციებზე. ამ ბლოგით საშუალება მოგვეცემა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და სურვილის შემთხვევაში გავაგრძელოთ ფილმებზე დეტალური საუბარი.

ამ უზარმაზარი შესავალის შემდეგ, დღეს ნამდვილად ცოტა მომიწევს საყვარელ ფილმებზე საუბარი. მომავალში თითოეულ ბლოგში, 5 ფილმს განვიხილავთ ხოლმე.  დღეს კი რახან გაცნობის დღეა მოგიყვებით ერთ ფილმზე, რომელიც ბოლნისთან დაკავშირებით პირველ რიგში მახსენდება ესაა „ამარკორდი“

MPW-33270

 

კლასიკოს იტალიელ რეჟისორს ფედერიკო ფელინის,  უფროსი თაობა შედარებით კარგად იცნობს, რადგან საბჭოთა კავშირში უყვარდათ ფელინი, არ იკრძალებოდა მისი ნამუშევრები (ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა), გარდა მკვეთრად ეროტიული სცენების შემცველი ფილმებისა. განსაკუთრებით მისი თეატრალურობა, მანევრულობა, გენიალური კომპოზიტორის  ნინო როტას მუსიკა,  რომლის გარეშე (ეს კომპოზიტორი ბევრისთვის ცნობილია,  ფილმ „ნათლიმამადან“) მისი ფილმები წარმოუდგენელია … ფილმი პირველ რიგში, ნამდვილ კინომაგიასა და სამხრეთულ მსუბუქ იუმორს გაზიარებთ. „ვიხსენებ“ ასე ითარგმნება ფილმი ქართულად. იგი რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება თავისი პროვინციული, პატარა ქალაქიდან.  დარწმუნებული ვარ მისი ნახვისას თქვენც აუცილებლად გაგახსენდებათ ბოლნისი და ბოლნისელების მრავალფეროვანი სახეები… ფილმში ვნახავთ უამრავ სასაცილო და საინტერესო სახეს, ადამიანს.

ფელინი ცნობილია, რომ სპეციალურად არჩევდა ალბომებით გამორჩეული გარეგნობის ადამიანებს, რათა ამით მიეღწია იმ მრავალფეროვნებას და სხვადასხვა ისტორიების დამაჯერებლობას, რომელსაც „ამარკორდიში“ ყვება. მისი ფილმები ძალიან ახლოსაა ქართულ კინოსთან და განსაკუთრებით „ამარკორდი“ გაგახსენებთ ქართულ კომედიურ ფილმებს.  ის ძირითადად, ერთი ბიჭის სევდიან ისტორიას ყვება, მაგრამ  ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟია. მაგ. ხეზე ამძვრალი მარტოხელა ბიძა, რომელიც ისტერიულად გაჰყვირის „ქალი მინდააა“ იმდენად დაიღალა მარტოობით გამოწვეული სევდის თავშეკავებით. მუშების ფრაზა ფილმიდან: „პაპაჩემი აგურზე მუშაობდა, მამაჩემიც, მეც აგურზე ვმუშაობ, მაგრამ სახლის მაგივრად ჩალის ქოხი მაქვს“. ასეთი უბრალო იუმორით ცხოვრების დეტალებისთვის შეხედვა ხშირად გვავიწყდება. პატარა ქალაქი „ლამაზმანებით“, მათზე მეოცნებე ბიჭებით და სხვა უამრავი პერსონაჟით ერთ მთლიან სახალისო სურათს ქმნის, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ სახეებს ბოლნისიდან და შეიძლება, ხვალ უფრო მეტი დაკვირვებითაც დაიწყოთ ბოლნისელების თვალიერება.

ამ ფილმის ნახვა ქართულად შეგიძლიათ ინტერნეტშიც.

 


Share.

Comments are closed.