„თუ დაპირება არ შესრულდება, ვაპირებთ აქციის მოწყობას, შემდეგ კი ჩვენც გავალთ და გარეთ ვივაჭრებთ“

0

 

რა მოთხოვნებს უყენებენ ბაზარში მდგომი ინდ.მეწარმეები გარე მოვაჭრეებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას

ბოსტნეულის მაღაზიის მეპატრონე მაგული უგრეხელიძე წლებია ვაჭრობს, ფართის ქირას 130 ლარს იხდის,  რასაც ყოველთვიური  საშემოსავლო ემატება. მისგან განსხვავებით, გარე მოვაჭრეებს  გადასახადი არ ეხებათ, ვაჭრობაც უკეთესი აქვთ და  მაღაზიებსა თუ ბაზარში მდგომ ინდმეწარმეებს პრობლემებს უქმნიან.

10811516_682140775234001_449724322_n„ყველა ადამიანს უნდა პურის ფული, არ ვამბობ რომ მათ არ უნდა ივაჭრონ, მაგრამ ჩემს გარშემო ოთხი მარშუტკა  დგას,  ისინი არაფერს იხდიან, ყოველდღე ცლიან საქონელს და ისე მიდიან. მე რა ვქნა, ამდენი  რომ მაქვს თვის ბოლოს გადასახდელი,  ვაჭრობა კი საერთოდ  გაჩერდა? სალარო აპარატებს ვეღარ ვამუშავებთ, რის გამოც საგადასახადომ 500 ლარით დამაჯარიმა. ამ დღეში მარტო მე კი არა, კიდევ 30 ინდმეწარმეა.“ – აღნიშნა მაგული უგრეხელიძემ.

მაგული უგრეხელიძის მსგავსად გარე ვაჭრობას ბაზარშიც აპროტესტებენ, რომლებიც პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სხვადასხვა სახის აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ეთერ მუშკუდიანი:

– გარე მოვაჭრეების გამო ჩვენამდე მყიდველი აღარ მოდის. რატომ გვიქმნიან  პრობლემებს? შემოვიდნენ და აქ ივაჭრონ. ჩვენგან განსხვავებით, ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, არც საკასო აპარატებს  ამუშავებენ.  დადექით და ნახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანის თუ შემოვა ბაზარში, გარეთ კი მშვენივრად ვაჭრობენ.

ნანული აბრამიანი:

– ადგილობრივ მოვაჭრეებს ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნიან გარე მოვაჭრეები. ყველა სახის ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები იყიდება ბაზრის წინ, ჩვენამდე აღარავინ მოდის. ობლები მყავს გასაზრდელი და სახლში პურის ფული ვეღარ შემიტანია. ოთხჯერ შევხვდით ბოლნისის ხელმძღვანელობას. მათი დაპირებით ორშაბათიდან აღარ უნდა მდგარიყვნენ გარე მოვაჭრეები, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ მშვენივრად ვაჭრობენ. თუ დაპირება არ შესრულდება, ვაპირებთ აქციის მოწყობას გამგეობასთან, შემდეგ კი ჩვენც გავალთ და გარეთ ვივაჭრებთ, სულ გადავკეტავთ ბაზრის მიმდებარე გზას.

დაზარალებულმა ინდმეწარმეებმა საჩივრით რუსთავში საგადასახადო სამსახურს მიმართეს, საიდანაც ასეთი პასუხით გამოისტუმრეს: „მიბრძანდით და ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელმძღვანელობას სთხოვეთ“.

აღნიშნული პრობლემები მათ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც გააცნეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დებულება დაამტკიცა:

,,ქ. ბოლნისის ქუჩებზე, ტროტუარებზე, საერთაშორისო საავტომობილო გზის გასწვრივ, ბაზრის ტერიტორიის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება კანონის დარღვევით ხელიდან და ავტომანქანებიდან ყველა სახის ხილით და ბოსტნეულით, მალფუჭებადი საკვები პროდუქციით ვაჭრობა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და მოთხოვნების შეუსაბამოდ.   ბოლნისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების დარეგულირების და გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა დადგენილების პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ, რის საფუძველზეც შეიქმნა გარე ვაჭრობის კრიტერიუმები, დადგინდა ნებადართული საქონლის ნომენკლატურა, გარე ვაჭრობის აკრძალვის ნორმები და განისაზღვრა გარე ვაჭრობის დრო“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა ლევან მდივანმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ გარემოვაჭრეებს გავესაუბრეთ, რომლებიც ხილით, ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობენ.

10805150_682140468567365_560362007_n

გოდერძი ნინიაშვილი, გარე მოვაჭრე:

– გარე ვაჭრობა სეზონური ხილითა და ბოსტნეულით  საქართველოში კი არა, მთელ ევროპაშია დაშვებული. მანდარინი ხომ სეზონური პროდუქტია, გავყიდი და წავალ.

– ყველი  სეზონურია?

– გეთანხმებით, ყველი სეზონური არაა, თუ ამიკრძალავენ, სწორიც იქნება, უბრალოდ, რადგან  ვდგავარ, ამასაც ვყიდი. ჩემი აქ ყოფნით ხელს არავის ვუშლი.

– გზაზე გადაადგილებას აფერხებთ,  ბაზარში მომუშავეებს მყიდველს ართმევთ.

– ბაზარში წინა დახლები თვითონ უკავიათ, იქ რომ შევიდე და ბოლო დახლზე დავდგე, ჩემამდე ვინ მოუშვებს მყიდველს?

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ახალი რეგულირების გათვალისწინებით,  გარე ვაჭრობას  ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.

„ადგილობრივი მოსახლეობა სეზონურად ხშირ შემთხვევაში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას ახორციელებს ცენტრალურ ქუჩებში და ბაზრის ტერიტორიაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. ისინი აფერხებენ მოსახლეობის გადაადგილებას და ამასთანავე არაჰიგიენურია ასეთი ტიპის ვაჭრობა. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისთვის განკუთვნილი ფართი უნდა მოეწყოს ისე, რომ  აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხოს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.

სადღესასწაულო, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით, შესაძლებელია გამოიყოს დამატებითი  ადგილები.  ამ რეგულირების გათვალისწინებით მკაცრად გავაკონტროლებთ გარე ვაჭრობას, რისი საშუალებითაც გარკვეულწილად გადაიჭრება ის პრობლემა, რომელიც ბაზარში მდგომი ვაჭრების უკმაყოფილებას იწვევს.“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ ხაჭიპერაძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დებულებაში ვკითხულობთ:10805367_682140971900648_1276506756_n

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.

– აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული  დახლებიდან და  ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა.

გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა კი ასე გამოიყურება:

  1. ჟურნალ-გაზეთები,
  2. წიგნები;
  3. ნახატები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები;
  4. ყვავილები;
  5. ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალუ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეგულაციის პროცესში).

  სეზონური გარე ვაჭრობისთვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა კი ასეთია:

      1.გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყალი;

      2.ნაყინი, (სპეციალური მაცივრის შემთხვევაში);

      3.ღია კაფეების მოწყობა;

  1. შეშა;

     5.ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.

გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დებულება ძალაში უახლოეს დღეებში შევა.


Share.

Comments are closed.