ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ტოლერანტობის სკვერი ეწოდება

0

380_45666_275548_10517544_752921558132256_3240272577390488790_n_650საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ევროპის მოედანზე” მდებარე ერთ-ერთ სკვერს “ტოლერანტობის სკვერი” ეწოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ მინისტრის გარდა ესწრებოდნენ – დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მინისტრთა კაბინეტის წერვები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. ევროპის მოედანზე შეკრებილებს ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტოლერანტობა ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლად საქართველოში დიდი ძალისხმევა არასოდეს ყოფილა საჭირო, რადგან ის ისტორიულად არსებობდა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება საქართველოში არსებულ ტრადიციებზე და სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა.
“საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ამის დიდი ტრადიცია აქვს. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. თბილისი იმ ღირებულებებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა. თბილისში, ერთ, სულ პატარაa უბანში, საუკუნეებია გვერდიგვერდ იდგა და დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და მართმადიდებლური ტაძარი. აქ, ჩვენს ქალაქში, ერთ ეზოში, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, რუსები, უკრაინელები და სხვები, რომლებიც მეგობრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ასე გრძელდება დღესაც, და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ამით,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტოლერანტობა საქართველოს დედაქალაქის ევროპული პასპორტია და ყველაზე უკეთ ადასტურებს, რომ თბილისი და საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. „ტოლერანტობის სკვერი ამ ტრადიციის კონკრეტული გამოხატულება იქნება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

ღონისძიებაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ტოლერანტობასთან დაკავშირებით ჩატარდება კულტურული ღონისძიებები და მოეწყობა კონკრეტული ფესტივალები. „ეს მისცემს საფუძველს კიდევ უფრო ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნას და გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ერი და ჩენი სახელმწიფო“, – დასძინა ვაშაყმაძემ

პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა ევროპის მოედნის სკვერისათვის ტოლერანტობის სახელის მინიჭებას და აღნიშნა, რომ კვლავ ბევრი საკითხია ტოლერანტობის მხრივ მოსაგვარებელი. „აქედან უნდა იწყებოდეს ხილული ტოლერანტობა საქართველოში. თუმცა, ამით რ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენ გვაქვს ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხის მოგვარებას ვაპირებთ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.


Share.

Comments are closed.